Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასია - ენერგიის ექსპორტის გზაჯვარედინი


კავკასიას ცივილიზაციათა გზაჯვარედინსაც უწოდებენ ხოლმე, მაგრამ დღეს ის უფრო ენერგიის გზაჯვარედინია. პირველისგან განსხვავებით, ამ არენაზე ბრძოლა და კონკურენცია მოგება-წაგებაზეა აგებული. ამიტომაა, რომ კავკასიაში ზეგავლენისთვის დიდი მოთამაშეებიც იბრძვიან. არადა, კავკასიის ენერგორესურსების სრული რეალიზაციის შემთხვევაში, ამ რეგიონს, შეიძლებოდა, დიდი მოგება ენახა. მოგება ენახათ არა მხოლოდ ამ რესურსების მქონეთ, არამედ სატრანზიტო ქვეყნებსაც, მაგალითად - საქართველოს.

ამ რეგიონში დაახლოებით ორასი წლის წინ მოიპოვა რუსეთმა გავლენა - მას მერე, რაც ირანი და ოსმალეთი, ასე ვთქვათ, გვერდზე გასწია. მაშინ გავლენის სფერო ენერგეტიკა არ ყოფილა. დღეს კი ამ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია, პირველ რიგში, ალბათ, ენერგეტიკის სფეროშია.

საქართველოსთან რუსეთის ომი აგვისტოში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 19 წლის შემდეგ, იმის ნიშანი იყო, რომ რუსეთი ამ რეგიონში თავისი როლის დათმობას არ აპირებს. კავკასიაში რუსეთისთვის მთავარი ინტერესი, ენერგეტიკის თვალსაზრისით, აზერბაიჯანია, რომლის ნავთობიც მოიხმარება მას მერე, რაც ადამიანმა ნავთობის გამოყენება დაიწყო.

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს. ეს ქვეყანა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველი იყო, რომელმაც რუსეთის გვერდის ავლით დაიწყო თავისი რესურსის, გაზისა და ნავთობის, უცხოეთში გატანა. ამაში ბაქოს ხელი შეუწყო თურქეთთან კავშირმა. აიგო პირველი მილსადენები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო- თბილისი-ერზერუმი. იტალიაში მოქმედი ენერგეტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი ფედერიკო ბორდონარო განმარტავს, თუ რატომ იყო რუსეთი უკმაყოფილო ახალი მილსადენებით:

“უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი ძლიერ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, რადგან რუსეთს ამით კასპიის რესურსების დასავლეთში გატანის ბერკეტები გამოეცალა ხელიდან.”

ამ ორი მილსადენის ამოქმედების შემდეგ რუსეთის ენერგოგოლიათები, “ლუკოილი” და “გაზპრომი”, გამძინვარებულები იბრძვიან, რომ მათთვის ევროპაში გაზის ექსპორტის შესაძლებლობა არ შეიზღუდოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და მათი გვერდის ავლით ევროპაში ენერგია არავინ გაიტანოს. და ეს არცაა მოულოდნელი, განმარტავს ჯენიფერ დილაი, ედინბოროს “ნიუზბეიზისის” ჯგუფის ენერგეტიკის ექსპერტი:

”ევროპა “გაზპრომს” უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ევროპას “გაზპრომი”. ეს ასეა. მე მგონია, რომ “გაზპრომი” თავისი გაზის 60 პროცენტს ევროპაში ყიდის და ამ შემოსავლის დაკარგვა კომპანიას ძლიერ დააზარალებდა.”

“გაზპრომი” ახლა ისწრაფის თავისი მილსადენების პროექტებში აზერბაიჯანი ჩართოს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს დასჯა სურს და უნდა, რომ მის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებიდან შემოსავლის მიღების საშუალება შეუზღუდოს. აზერბაიჯანის გაზის გარეშე სხვა პროექტები კავკასიის გავლით ძნელად განხორციელდება.

არის კიდევ ერთი პროექტი, “ნაბუკოს” სახელით ცნობილი, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს.მისი მეშვეობით ანკარა თავისთვისაც იქონიებს აირს და უცხოეთში მისი გაყიდვითაც იხეირებს. ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ჰილმი გიულერმა ბაქოში შარშან შემდეგი განაცხადა:

“ნაბუკო” ამუშავდება. ჩვენ მას განვახორციელებთ. “ნაბუკო” არა მარტო თურქეთის, არამედ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.”

“ნაბუკოში” თურქეთის ჩართვას ასევე დიდი ფასი ადევს. ანკარა ევროკავშირს წევრობის გარანტიას სთხოვს, ხოლო აზერბაიჯანისგან სურს მიიღოს ეგრეთ წოდებული “საზღვართან მიტანის” ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის გაზი თურქეთისა გახდება მაშინვე, როგორც კი საზღვარს გადაკვეთს, რის შემდეგაც თურქეთს მისი ევროპაში გაყიდვა შეეძლება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აზერბიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის 17 აპრილის შეხვედრაში მონაწილეობა მოითხოვა. მიეცა კიდეც ამის შესაძლებლობა, თუმცა შეხვედრაზე არ ყოფილა. სამაგიეროდ,პრეზიდენტმა ალიევმა თურქეთის დელეგაცია დამოძღვრა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით ანკარის ბოლო ნაბიჯების გამო. ბაქომაც ფასი დაადო თავის გაზსა და ნავთობს და მთიანი ყარაბახის კონფლიქტში მხარდაჭერა მოითხოვა.

ამ ფონზე, ევროკავშირიც ცდილობს კავკასიაში ენერგომატარებლებზე გავლენის მოპოვებას. მისი წარმომადგენლები რამდენიმე პროექტს განიხილავენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბრიუსელი არც რუსეთის გავლით მილსადენების გაყვანაში მონაწილეობაზე ამბობს უარს. რუსეთთან ომში საქართველოს მარცხმა არაერთ ევროპელს გაუჩინა ფიქრი საქართველოში გამავალი ახლანდელი და სამომავლო მილსადენების როლსა და უსაფრთხოებაზე. გიორგი ვაშაყმაძეს, რომელიც კავკასიიდან უკრაინასა და რუმინეთში “თეთრი ნაკადის” სახელით ცნობილი გაზის ექსპორტის სტრატეგიას განაგებს, ევროპელების შეშფოთება ამ მხრივ, უსაფუძვლოდ მიაჩნია. პრობლემები არც ქვეყნის შიგნით არსებობსო, ამბობს ის.

თუკი რუსეთი პრეტენზიას აცხადებს კავკასიის ენერგეტიკის სფეროში ლიდერობაზე, ირანი უფრო განზე მდგომია. თუმცა თეირანი კავკასიაზე გამავალი მოქმედი და სამომავლო მილსადენების პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ უარყოფს. კონკურენცია კავკასიის ენერგომატარებლების სფეროში გრძელდება,თუმცა არ მოიპოვება ფორმულა, რომელიც ყველას - რეგიონის ქვეყნებსაც და გარეშე მონაწილეებსაც - დააკმაყოფილებდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG