Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი დევნილებს სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევს


აგვისტოს ომისას ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკურ ქართველთა მასობრივად განდევნისა და მათი ქონების განადგურების ფაქტები საკუთარ მოხსენებებში ადამიანის უფლებათა დამცველმა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღწერა. მსგავს შეფასებებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ ქართველებმა საკუთარი სახლები თავად დაწვეს, რათა ეს ქონება სხვას არ დარჩენოდა. ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას კოკოითიმ განაცხადა, რომ ლიახვის ხეობის დატოვება მოსახლეობამ შარშან ივლისიდან დაიწყო, აგვისტოში კი სოფლებში იმყოფებოდნენ მხოლოდ ის ქართველები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. საგულისხმოა, რომ აგვისტოს ომის დასრულებიდან მცირე ხანში ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა თავისი მთავრობის იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ მინძაევს უსაყვედურა იმის გამო, რომ მან რუსული და ოსური შეიარაღებული ფორმირებები ვერ გააკონტროლა და ქართველთა სახლების დაწვის უფლება მისცა. იმავე პერიოდში ედუარდ კოკოითი ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას აცხადებდა, რომ ლიახვის ხეობაში სახლების გადარჩენის შემთხვევაში იქ უსახლკაროდ დარჩენილ ცხინვალელებს შეასახლებდა. ჩემთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „გაეროს ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ მინდიაშვილმა ისიც გაიხსენა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ედუარდ კოკოითი შეეცადა საერთაშორისო ორგანიზაციები დაერწმუნებინა, რომ განადგურებული სოფლები არა ქართული, არამედ ოსური იყო. მალხაზ მინდიაშვილი ფიქრობს, რომ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. თავად ედუარდ კოკოითის კი საერთაშორისო სამართალი ნაკლებად აინტერესებს, დევნილი ქართველების საკუთარ მიწაზე დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მათ სამხედრო დამნაშავეებად აცხადებს.
XS
SM
MD
LG