Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორები


რამდენიმე დღეც და პრაღა, სადაც ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაა განთავსებული, “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტს უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროგრამა, რომლითაც გამიზნულია 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის განმტკიცება. შესაბამისად, პრაღის სამიტში ევროკავშირის 27 წევრის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერები. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გუშინ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი 7 მაისს გაიმართება, მაგრამ ჩვენს რადიოს წინასწარვე მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა სამიტის დეკლარაციის პროექტს.

დეკლარაციის პროექტი ხანგრძლივი, რთული კონსულტაციების შედეგია - კონსულტაციებისა, რომელთაც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთი უძღვებოდა ჯერ ევროკავშირის წევრებთან, შემდეგ კი უკვე 6 მომავალ აღმოსავლელ პარტნიორთან ამათუიმ სახის კონტაქტების დროს. ოთხგვერდიან ტექსტს კაცი მაინცდამაინც სახალისოდ წასაკითხს ვერ უწოდებ: ფასეულობებზე, ან გაბედულ ამბიციებზე იმდენად არ კეთდება აქცენტი, რამდენადაც პირობებზე, რომელთა გამოც არის საჭირო ევროკავშირის და მისი აღმოსავლელი მეზობლების დაახლოება.

ამ მხრივ, მრავლისმეტყველია დეკლარაციის პროექტის პირველივე დებულება, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა “საერთო ინტერესებსა და ვალდებულებებზეა დაფუძნებული”. მხოლოდ შემდეგ აბზაცშია ნახსენები “ფასეულობები” - არადა მათ, ჩვეულებრივ აბსოლუტური პრიორიტეტი ენიჭება ევროკავშირის ლექსიკაში. როგორც დეკლარაციის პროექტში ვკითხულობთ, პრაღის სამიტის მონაწილეები თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა დამყარებული უნდა იყოს ფუნდამენტური ფასეულობების, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებაზე. თუმცა, ამ ტექსტზე ხელმოწერა სამიტის მონაწილეებს რასაკვირველია არაფერს ავალდებულებს - სამიტის დეკლარაციის შესრულება სავალდებულო არ არის.

დეკლარაციის პროექტში ხაზგასმულია ევროკავშირის ძირითადი მიზანი - უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები დაამყაროს ამით დაინტერესებულ ქვეყნებთან, ვინაიდან დაახლოება ხელს შეუწყობს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას რეგიონში. როგორც მოსალოდნელი იყო, ტექსტი მიუთითებს, რომ “აღმოსავლეთის პარტნიორობა” არ მიეკუთვნება ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მაგრამ საქართველოსა და უკრაინისთვის (ანუ იმ ორისთვის საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომლებიც ცალსახად გამოთქვამენ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს) ფრიად დამაიმედებელია შემდეგი გარემოება: “აღმოსავლეთის პარტნიორობის” მონაწილე 6-ვე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დეკლარაციის პროექტში მოიხსენიებენ “აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებად”. ეს კი შეიძლება ჩაითვალოს ირიბ მინიშნებად, რომ ექვსივეს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით, ყველა ევროპულ ქვეყანას შეუძლია, გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ევროკავშირს.

თუმცა მანამდე, როგორც ჩანს დიდი დროა... “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტისთვის მომზადებული დეკლარაციის პროექტში კი განმარტებულია, რას სთავაზობს ეს პროგრამა აღმოსავლელ მეზობლებს: ეს არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის და სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივა.

“აღმოსავლეთის პარნტიორობის” სამიტისთვის მომზადებული დეკლარაციის პროექტში, სავარაუდოდ, არაერთ ცვლილებას შეიტანენ 7 მაისის სამიტამდე: მაგალითად, 30 აპრილს ბრიუსელში იკრიბებიან ევროკავშირის ელჩები “აღმოსავლეთის” პარტნიორობაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG