Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საპროტესტო აქციების არეალს აფართოებს


5 მაისს ოპოზიცია თბილისის შემოსასვლელებისა და ცენტრალური ტრასების პიკეტირებას აპირებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე მიტინგზე „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, განაცხადა. მისი თქმით, 5 მაისს საავტომობილო გზები მხოლოდ ერთი საათით (16:00-დან 17:00 საათამდე) ჩაიკეტება, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილს მიეცემა 72 საათი, რათა 10 მაისამდე მიიღოს გადაწყვეტილება და ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციურად გადაბარების საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგი გამართოს.

4 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დილაადრიან ეგრეთ წოდებული სირცხვილის დერეფნის მოსაწყობად შეიკრიბნენ, კვლავ გაისმოდა შეძახილები: „გრცხვენოდეს! გრცხვენოდეს!“ და სასტვენების გამაყრუებელი ხმაური.

„უმეტეს შემთხვევაში, ტელევიზია აკეთებს ტენდენციურ სიუჟეტებს, განსაკუთრებით საინფორმაციო სიუჟეტებს, რომლებიც არ იძლევა თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებას“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, თუმცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ოპოზიციის სხვა ლიდერები 4 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ მიტინგზე მხოლოდ სირცხვილის დერეფნის მოსაწყობად არ მისულან. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ შეკრებილებს გააცნო ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 5 მაისიდან პიკეტირების არეალი გაფართოვდება და მთელ საქართველოს მოიცავს. სანიკიძის თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი: „5 მაისს 16:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება გამაფრთხილებელი აქცია, რომლის დროსაც ცენტრალურ ავტობანზე, ნატახტართან; კახეთის გზატკეცილზე, გომბორის გადასახვევთან, და რუსთავის გზატკეცილზე, რუსთავისა და მარნეულის გზების გასაყართან, მოხდება ავტომობილებით თბილისში შემომავალი ცენტრალური ავტოსტრადების პიკეტირება.“

სანიკიძის თქმით, გეგმის მეორე ნაწილი, რომელიც რეგიონებში ცენტრალური მაგისტრალების ავტომობილებით პიკეტირებას ითვალისწინებს, 8 მაისიდან ამოქმედდება. თუმცა ოპოზიცია, პიკეტირების ადგილებისაგან განსხვავებით, უმთავრესი მოთხოვნის შეცვლას არ აპირებს. კერძოდ: სააკაშვილს მიეცემა 72 საათიანი ვადა დააკმაყოფილოს პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომის მოთხოვნა და გამართოს პირდაპირი მოლაპარაკებები ოპოზიციასთან ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლისათვის აუცილებელი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 11 მაისიდან ვიწყებთ ცენტრალური ტრასების უვადო პიკეტირებას. პიკეტირების ადგილები გამოცხადდება 10 მაისს.“

ოპოზიციის გეგმების კომენტირებისას ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ
მნიშვნელოვანია კანონის დაცვა, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ გზების გადაკეტვით და მოსახლეობისათვის პრობლემების შექმნით კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი ვერ მოიძებნება.

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან მოსახლეობისათვის პრობლემების შექმნა ნამდვილად ვერ იქნება“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. - „ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, რომელიც პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და თუ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას.“

ხელისუფლების პასუხად, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვით არც რიგით მოქალაქეებსა და არც მთლიანად სახელმწიფოს დიდი ზიანი არ მიადგება.

„ხვალ ერთსაათიანი პიკეტირება იქნება და ეს ეკონომიკას ნამდვილად ვერ დაანგრევს, მით უმეტეს, ვერ დაანგრევს იმას, რაც უკვე დანგრეულია“, - განუცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას. - „ ეს ხელისუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში ვერც ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებს, ვერც ტერიტორიულს, ვერც უსაფრთხოების, ვერც დემოკრატიისას. ამიტომ ეს ბრძოლა გამართლებულია. მით უმეტეს, რომ არ გადის კონსტიტუციისა და დემოკრატიული ფასეულობებისათვის ბრძოლის ჩარჩოებიდან.“

იმას, რომ საავტომობილო გზების გადაკეტვა არ ეწინააღმდეგება, საქართველოს კონსტიტუციასა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას, ადასტურებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც, რომლის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი იშველიებს საქართველოს კანონს დემონსტრაციების შესახებ.

თამარ ხიდაშელი: მთავარია შეტყობინება იყოს გაგზავნილი, ანუ დროულად გაფრთხილებული იყოს თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო. სხვა პირობებს კანონი არ ადგენს.“

საავტომობილო გზების გადაკეტვას პროტესტის აპრობირებულ ფორმად მიიჩნევს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნების მაგალითს იშველიებს. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად იკეტება არა მარტო ავტომაგისტრალები, არამედ აეროპორტები და თვითმფრინავის ასაფრენი ზოლები.

ოპოზიციის ლიდერები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვით პრობლემები შეექმნებათ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს გავლით ტრანზიტულ ტვირთებს იღებენ, თუმცა გუბაზ სანიკიძე მეზობელ და მოძმე ერებს სთხოვს გაგებით მოეკიდონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, როელიც ნელ-ნელა დედაქალაქიდან რეგიონებში გადადის. გიორგი ხაინდრავას თქმით, სააკაშვილისგან საქართველოს გათავისუფლება დაიწყება აჭარიდან, სადაც 5 მაისს ოპოზიციის ლიდერები ჩასვლას აპირებენ. ჩასვლამდე კი ოპოზიცია აჭარის ხელმძღვანელობას მუქარას თბილისიდან უთვლის.

„ვარშალომიძე, გველოდე! ვარშალომიძე, მოვდივართ, ბათუმში მოვდივართ!“ - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ 4 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ მიტინგზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG