Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია დავით ბაქრაძეს შეხვდა


დავით ბაქრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ოპოზიციის ოთხი ლიდერისგან შემდგარი მოსამზადებელი ჯგუფი დავით ბაქრაძეს 8 მაისს, დღის ბოლოს, ”შერატონ მეტეხი პალასში” შეხვდა. ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ გუბაზ სანიკიძე, თინა ხიდაშელი, ვიქტორ დოლიძე და კოკა გუნცაძე, ხელისუფლებას კი, დავით ბაქრაძის გარდა, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი მელაძე, დიმიტრი შაშკინი და ზურაბ მელიქიშვილი წარმოადგენდნენ. ეს შეხვედრა, ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, მოამზადებს ოპოზიციის ლიდერების შემდგომ შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან.

აქციებიდან თითქმის ერთი თვის თავზე ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. დავით ბაქრაძესა და ოპოზიციის ჯგუფს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 8 მაისს, დღის ბოლოს, ”შერატონ მეტეხი პალასში” შედგა. რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა შეხვედრაზე შესვლის წინ თქვა, რომ ოპოზიცია ამ შეხვედრისგან მხოლოდ იმის დაზუსტებას ელის, როდის, სად და რა ფორმატში შეხვდება მიხეილ სააკაშვილს.

8 მაისს დილიდან ოპოზიცია ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში თათბირობდა. ოპოზიციამ გადაწყვიტა დროებით შეწყდეს აქციებთან დაკავშირებული გეგმების განხორციელება - მათ შორის, თბილისის შემოსასვლელების პიკეტირება - და შეიქმნას ე.წ. მოსამზადებელი ჯფუგი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ორგანიზაცია ”საქართველოს გზის” ლიდერი
” ჩვენი მოთხოვნა იგივეა და ველით პასუხს სააკაშვილისგან, მაგრამ რადგანაც იყო შემოთავაზება დავით ბაქრაძისგან, ჩვენ გამოვყავით ჯგუფი, რომელშიც შევლენ გუბაზ სანიკიძე, თინა ხიდაშელი, კოკა გუნცაძე და ვიქტორ დოლიძე. ეს არის მოსამზადებელი ჯგუფი, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მომზადდეს შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან.”

ეს განცხადება ჟურნალისტებთან ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთ. მან ასევე თქვა, რომ თუ შეხვედრა პარლამენტში გაიმართება, ოპოზიცია უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას:
”პარლამენტის უკანა შესასვლელთან გზა გადაკეტილი არ არის. თუ ჩვენი შეხვედრა სწორედ იქ გაიმართება, ჩვენ გავათავისუფლებთ მიმდებარე ტერიტორიას. 9 მაისს კი არის აქციის 30-ე დღე და ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას.”
თავად პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა 8 მაისს დილითვე გამოთქვა:

”მივესალმები ინიციატივას, რომ შედგეს დიალოგი და ულტიმატუმების ენაზე არ ვესაუბროთ ერთმანეთს, როგორც აქამდე გვთავაზობდნენ. დიალოგისათვის ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო. მზად ვართ დღესვე შევხვდეთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.”

ოპოზიციის შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკური პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ისინი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთნ შეხვედრის დეტალებს გაარკვევენ. ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი წევრი, ირაკლი მელაშვილი, ამბობს:

” პოლიტიკური დიალოგი ბაქრაძესთან ვერ შედგება, რადგან ის ვერ წყვეტს ამ საკითხებს.”

ეკა ბესელია
აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა კი, ეკა ბესელიამ, გვითხრა, რომ ოპოზიცია არ აპირებს აქციების შეწყვეტას და ყველა შეხვედრა ხელისუფლებასთან სწორედ მათ ფონზე გაიმართება:

”გადაიდო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა, თორემ ქალაქში პიკეტირებები გრძელდება, მოთხოვნაც იგივეა, ეს შეხვედრა კი მხოლოდ მოსამზადებელ ხასიათს ატარებს.”

8 მაისს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ შეხვედრიდან რაიმე განსაკუთრებულს არ ელის და ფიქრობს, რომ პრეზიდენტს არ ეყოფა გამბედაობა შეხვდეს ოპოზიციას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG