Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსი“ გუანტანამოს პატიმართა ნაწილის უდანაშაულობაზე


ორგანიზაცია „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტები აჩვენებს, რომ აშშ-ს წლების განმავლობაში ათობით უდანაშაულო კაცი ჰყავდა დაკავებული კუბაზე, გუანტანამოს გაძლიერებული უსაფრთხოების ციხეში. ამასთან, დოკუმენტებში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები პაკისტანის მთავარ სადაზვერვო სააგენტოს ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებენ, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს კავშირი ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის.

ორგანიზაცია „ვიკილიკსმა“ კვლავ გამოაქვეყნა საიდუმლო ინფორმაცია - 700-ზე მეტი დოკუმენტი, რომელთა თანახმად, აშშ გუანტანამოს ციხეში წლების მანძილზე იმყოფებდა პატიმრობაში უდანაშაულო ადამიანებს.

„ვიკილიკსმა“ დოკუმენტები „ნიუ იორკ ტაიმსს“ გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, ისინი აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოს და ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანს“ მიაწოდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება, ისევე როგორც „ვიკილიკსის“ მიერ წარსულში გადადგმული ანალოგიური ნაბიჯები და ერაყის და ავღანეთის ომებთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტაციის გავრცელება,დასაგმობი საქციელია: „საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებას უმკაცრესად ვგმობთ. ჩვენი აზრით, სამწუხარო ფაქტია ის, რომ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და ახალი ამბების სხვა ორგანიზაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება გამოექვეყნებინათ არალეგალური გზით მოპოვებული ბევრი დოკუმენტი.“

საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს გუანტანამოს ციხეში მოხვედრილი თითქმის ყველა პატიმრის შეფასებას აშშ-ის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლების მიერ. გუანტანამოს ციხე 2002 წელს გაიხსნა - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან მალე.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, დოკუმენტები მოწმობს, რომ საომარ ზონებში დაზვერვა ნაჩქარევად და იმპროვიზებულად წარმოებდა, რასაც ათობით უდანაშაულო პირის დაპატიმრება მოჰყვა, მათი ვინაობის სხვისაში შეშლის ან უბრალო შემთხვევითობის გამო.

ამის მაგალითად გაზეთს მოჰყავს „შარბათად“ წოდებული ავღანელი კაცის შემთხვევა, რომელიც ამბობდა, რომ მწყემსია, მაგრამ ის გუანტანამოში მაინც გაგზავნეს, 2003 წლის მაისში აფეთქების მოწყობაში მონაწილეობის ეჭვის გამო.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყება, რომ დოკუმენტების თანახმად, გუანტანამოში მომუშავე დაზვერვის ანალიტიკოსებმა დაიჯერეს, რომ ეს კაცი სიმართლეს ჰყვებოდა, მაგრამ სამხედრო ტრიბუნალმა მას მაინც „მტრის“ სტატუსი მიანიჭა და წლობით ამყოფა ციხეში.

„გარდიანს“ უდანაშაულო პატიმრების მაგალითებად სხვა შემთხვევები მოჰყავს - მათ შორის, დემენციით დაავადებული 89 წლის ავღანელი კაცის შემთხვევა და 14 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც „თალიბანის“ წარმომადგენლებმა მისი სოფლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს, შემდეგ კი ის გუანტანამოში მოხვდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ისიც ჩანს, რატომ თვლის ბევრი ამერიკელი კანონმდებელი, რომ გუანტანამოს ციხის დახურვა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

იმ 172 პატიმრის უმრავლესობას, რომელიც ციხეში ახლა იმყოფება, აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის „მაღალი საფრთხის“ მატარებლის სტატუსი აქვს შეფარდებული, თუკი მათი გამოშვება საჭირო რეაბილიტაციისა და ზედამხედველობის გარეშე მოხდება.

თუმცა, ამავე დროს, იქვე ვკითხულობთ, რომ ის 200-ზე მეტი პატიმარიც, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს და სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს, „მაღალი საფრთხის მატარებლად“ მიიჩნეოდა.

გუანტანამოს ციხის დახურვა ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომელსაც ბარაკ ობამა გაპრეზიდენტებისას აყენებდა. ობამა ციხეს „ალ-ყაიდის რიგებში მებრძოლთა მიზიდვის“ საშუალებას უწოდებდა და აცხადებდა, რომ მას 2010 წლის დასაწყისისთვის დახურავს. თუმცა ამ მცდელობას დაბრკოლება შეუქმნა კონგრესში ოპოზიციის წინააღმდეგობამ ტერორიზმში ეჭვმიტანილები, გასამართლების მიზნით, აშშ-ის ტერიტორიაზე შეეყვანათ.

მიმდინარე თვეში ობამა იძულებული გახდა მოეხსნა მორატორიუმი ტერორიზმში ეჭვმიტანილთა სამხედრო ტრიბუნალების გუანტანამოს ციხეში ჩატარებაზე.

კარნის თქმით, გუანტანამოს დახურვა ადმინისტრაციის მიზნად რჩება.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები შესაძლოა არ ასახავდეს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას გუანტანამოს ტუსაღთა ირგვლივ და რომ დოკუმენტებში მოყვანილი ინფორმაციის დიდი ნაწილი არასრულია.

„ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები ასევე აჩვენებს აშშ-ის უნდობლობას პაკისტანის მთავარი სადაზვერვო სააგენტოს მიმართ. ეს სააგენტო დოკუმენტებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მოხსენიებული - ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორიცაა ალ-ყაიდა, ჰამასი, ჰესბოლა და ირანის სადაზვერვო სტრუქტურები.

მაშინ, როცა საჯაროდ აშშ-ის და პაკისტანის დაზვერვის წარმომადგენლები ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში თავიანთ თანამშრომლობაზე საუბრობენ, აშშ-ის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გამოუთქვამთ ეჭვი, რომ პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოს ექსტრემისტებთან აქვს კავშირი ან მათ მხარს უჭერს.

პაკისტანის სადაზვერვო სააგენტომ უარი თქვა დოკუმენტების შესახებ საჯარო კომენტარის გაკეთებაზე. მაგრამ ბევრი ექსპერტი გამოთქვამს შიშს, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის.

დაბოლოს, კიდევ ერთი ცნობა: გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, პატიმართა დაკითხვის მიზნით დაზვერვის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებსაც ჰყავდათ გაგზავნილი - მათ შორის, რუსეთს, ჩინეთს, საუდის არაბეთს და ტაჯიკეთს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG