Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი


ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე
რატომ დასრულდა უშედეგოდ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პრობლემისადმი მიძღვნილი დისკუსია

ნინო როდონაია

რამდენიმე დღეა თბილისში, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან, ე.წ. ”სირცხვილის დერეფანი” არ გამართულა. ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მიერ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა ამ კვირაში აქციის რამდენიმე მონაწილისა და პირველი არხის ჟურნალისტის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავების მიერ ამ ფაქტის გამო დაკავებული სამი ადამიანის ცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ძალადობა მოჰყვა.

ძალადობამდე ერთი დღით ადრე, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გარშემო შექმნილი ვითარების განმუხტვის სურვილით, ომბუდსმენის ოფისში საზოგადოების ერთი ნაწილი შეიკრიბა. მიწვევის მიუხედავად, დახურულ შეხვედრას თავად ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს წევრები არ დასწრებიან, რაც, ცოტა არ იყოს, გაუგებარია შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორის, შორენა შავერდაშვილისთვის. „ისევე, როგორც გაუგებარია, რომ ამდენი ხანია ”სირცხვილის დერეფანი” არსებობს და ისე ახერხებენ შესვლას და გამოსვლას ლევან ყუბანეიშვილი და საბჭოს წევრები, რომ არც ერთხელ არ მოუწიათ გავლა“, - მითხრა შორენა შავერდაშვილმა.

ომბუდსმენის ოფისში დახურულ შეხვედრას ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ორი ჟურნალისტი დაესწრო. თუმცა იმის გამო, რომ შეხვედრაში მაუწყებლის ხელმძღვანელებს მონაწილეობა არ მიუღიათ, დისკუსიას უშედეგოდ მიიჩნევს მისი კიდევ ერთი მონაწილე, პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე. მისთვის სამწუხაროა, რომ საქართველოში კოლეგიალური და მეგობრული საუბარი არ გამოდის. „ძალიან გვიჭირს იმ პოზიციების დათმობა, რომელიც მიგვაჩნია, რომ სწორია. უაღრესად ხისტი გახდა ყველა. ამის მაგალითს, რასაკვირველია, ხელისუფლებაც იძლევა და ხშირად ოპოზიციაც, თუ ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანთ“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ომბუდსმენის ოფისში გამართული შეხვედრის გამო, საქართველოში არსებულ კიდევ ერთ სამწუხარო ტენდენციაში კვლავ დარწმუნდა ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. მისი შეფასებით, სიტუაცია აბსოლუტურად პოლარიზებულია: გაყოფილია მედია, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება. „ეს ორი ბანაკი ერთმანეთს, ფაქტობრივად, არ ელაპარაკება. შთაბეჭდილება მექმნება, რომ ერთმანეთთან საუბრის სურვილი მხოლოდ თეორიულად აქვთ. ორბანაკიანი სისტემა უკვე ყოვლისმომცველი გახდა“, - ამბობს შორენა შავერდაშვილი. ის ფიქრობს, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებმა, რომლებსაც ბოლო დღეებში ე.წ. ”სირცხვილის დერეფანში” გავლა უწევდათ, პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა ხელმძღვანელებს უნდა მოსთხოვონ.

თავად ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარ რედაქტორს, სოლიდარობის ნიშნად, ამავე დერეფანში სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გავლის ინიციატივა გაუჩნდა. აქ კი, როგორც თავად ამბობს, კვლავ ჟურნალისტური სოლიდარობის არარსებობის პრობლემას წააწყდა. რაც შეეხება ზოგადად ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” და არა კონკრეტულად მის გარშემო ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს, პუბლიცისტ ლაშა ბაქრაძისთვის მაუწყებლის მიმართ პრეტენზიებს არაპოლიტიკურად მოტივირებული საფუძველი აქვს. მისი განმარტებით, საზოგადოებრივსა და კერძო ტელეარხებს შორის პრინციპული განსხვავება არსებობს. კერძოდ, საზოგადოებრივი ტელევიზია, კომერციული არხების მსგავსად, ე.წ. რეიტინგული თემებით დაკავებული არ უნდა იყოს და აშუქებდეს იმ თემებს, რომელზეც საუბარი მართლაც რთულია.

ლაშა ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ქვეყნის ცხოვრების მრავალფეროვნებას და სინამდვილეში არსებულ პრობლემებს არ ასახავს. მისივე თქმით, საზოგადოების მცირე ჯგუფები, სამწუხაროდ,ზეგავლენას ვერ ახდენენ საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა - მათ შორის, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მართლაც საზოგადოებრივად ჩამოყალიბების - პროცესზე. „როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და უკმაყოფილება ხშირად მეორე ნაწილისგან იგნორირებულია, საკმაოდ ძნელია, რომ პროცესებზე რაიმე ზეგავლენა მოახდინო“, - მითხრა ლაშა ბაქრაძემ. ის ფიქრობს, რომ საქართველოში ამდენი პრობლემა სწორედ იმიტომ დაგროვდა, რომ მათი გადაწყვეტა რატომღაც პოლიტიკურ კლასს მივანდეთ.



ინტერვიუ მიხეილ მირზიაშვილთან

სალომე ასათიანი

”ფესტივალი ბორბლებზე” - ასეთია არაოფიციალური სახელწოდება კინოფესტივალისა, რომელსაც ოფიციალურად ”მე-ადამიანი” ეწოდება, მთელ სამხრეთ კავკასიას მოიცავს, და წელს უკვე მესამედ ჩატარდება. ფესტივალი, რომლის პროგრამას ძირითადად დოკუმენტური ფილმები შეადგენს, კონკურსის პრინციპს არ ითვალისწინებს. სამხრეთ კავკასიაში მოგზაურობისას, ფესტივალის მთავარი მიზანია აუდიტორიას - რომელსაც ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ახლო წარსულში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტები - დიალოგის სურვილი აღუძრას და შერიგებისკენ უბიძგოს. მშვიდობის და ადამიანის უფლებების ამ მოძრავი ფესტივალის იდეა ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს, და საქართველოში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანამშრომლებს და პარტნიორებს ეკუთვნით. რამდენად ეფექტიანია ეს ორიგინალური ფორმის ფესტივალი - ამას შეიტყობთ ინტერვიუდან, რომელსაც ახლა გთავაზობთ. ჩვენი რადიოს პრაღის შტაბ-ბინას რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა ფესტივალის იდეის თანაავტორი, მიხეილ მირზიაშვილი.

იხ. აუდიოვერსია.



ქართული ჯგუფი ევროვიზიის ნაცვლად ალტერვიზიის ფესტივალზე გამოვა

15 მაისს მოსკოვში ევროვიზიის საერთაშორისო ფეტივალი ტარდება, რომელშიც საქართველო მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ იღებს. შეგახსენებთ, ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა ასოციაციამ სამი გოგოს და სტეფანეს სიმღერის We dont wanna put in ტექსტის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა. ევროვიზიის სანაცვლოდ კი ქართველებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ალტერვიზიის ფესტივალს, რომელიც თბილისში ევროპული კონკურსის პარალელურად ჩატარდება.


კარლო გოგოძის 100 წლისთავი

გიორგი გვახარია

8 მაისს ქართველი კინემატოგრაფისტები ცნობილი დრამატურგის, კინოკრიტიკოსის, პედაგოგის - კარლო გოგოძის - დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავენ. გოგოძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული კინოს ისტორიის თეორიული გააზრება სცადა. იგი, ამავე დროს, ”მაგდანას ლურჯას” სცენარის ავტორია, იმ ფილმის სცენარისა, რომელიც ქართული კინოს ახალი ეტაპის დასაწყისადაა მიჩნეული.

”თქვენი დავალება შევასრულე: ვგზავნი ფრანგულ ენაზე სტატიას ქართული კინოს მუნჯი პერიოდის შესახებ და ფოტომასალას”, - ასე იწყებს კარლო გოგოძე წერილს, რომელიც მსოფლიო კინოს ისტორიკოსს ჟორჟ სადულს გაუგზავნა... ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი დაამთავრა, 30-იან წლებში, მან ასეთი წერილი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაგზავნა... ამის შემდეგ შექმნა მონოგრაფიათა მთელი ციკლი ქართველ კინემატოგრაფისტებზე და, რაც მთავარია, დაიწყო ქართული კინოხელოვნების ტენდენციების შესწავლა მსოფლიო კინოპროცესებთან ერთად, ე.ი. ყველაფერი, რაც ქართულ კინოში ხდებოდა, განიხილა როგორც ნაწილი მსოფლიო კინოს ისტორიისა.

შესაძლებელია, ამიტომაცაა, რომ 50-იან წლებში, იმხანად სრულიად ახალგაზრდა დებიუტანტების რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძისთვის დაწერილ სცენარში, ”მაგდანას ლურჯა”, კარლო გოგოძემ პირველმა გაბედა გაეთავისუფლებინა ქართული კინო სტალინური კულტურის შტამპებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩაკეტილი იყო და კინომცოდნეებმაც არ იცოდნენ, რა ხდებოდა ამ დროს დასავლურ კინოში, კარლო გოგოძემ ჯერ კიდევ სცენარში დაიწყო ნეორეალისტთა ესთეტიკის დამკვიდრება.

”ავიღოთ ნეორეალიზმი - გაჭირვებულ, დანგრეულ ქვეყანაში კინემატოგრაფისტებმა გამონახეს რაღაც საშუალებები და შექმნეს ესთეტიკა, რომელმაც მთელ მსოფლიოში რეზონანსი იქონია და კინემატოგრაფის შემდგომ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.”

ამას ამბობს კინომცოდნე ირინა კუჭუხიძე, რომელიც ქართველი კინოს ისტორიკოსების კონფერენციაზე შეგვახსენებს, რომ იტალიელმა ნეორეალისტებმა კინოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტილი ეკონომიური გაჭირვების დროს შექმნეს. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნეორეალისტების უმრავლესობა გადასაღებ მოედანზე კინომცოდნეობიდან მოვიდა. კინოს ისტორიკოსი პაატა იაკაშვილი, რომელმაც კარლო გოგოძის ღვაწლს არაერთი წერილი მიუძღვნა, შეგვახსენებს, რომ ნეორეალიზმი, როგორც მიმართულება, უცბად არ დაბადებულა - მას თავისი ფესვები ჰქონდა.

”ნეორეალიზმი დაიწყო ჯერ კიდევ მუსოლინის დროს. ის, რაც 50-იან წლებში მოხდა იტალიაში, იყო პროცესის გაგრძელება. მაშინ ძალიან ჭირდა და მერე გახდა შესაძლებელი” , - ამტკიცებს პაატა იაკაშვილი.

კარლო გოგოძემაც ჯერ კიდევ სტალინის ეპოქაში დაიწყო ქართული კინოს განახლებაზე ფიქრი. მართალია, ყველა სიახლეს ადვილად ვერ იღებდა - მაგალითად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოთარ იოსელიანის ”გიორგობისთვე” გააკრიტიკა, მაგრამ, ზოგადად, სიახლეს მხარს უჭერდა და, სხვათა შორის, სწორედ სიახლის, პროგრესის მხარდაჭერას გამოხატავდა მისი სცენარი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმისთვის ”ქაჯანა”. ჯერ კიდევ ომამდე, როცა სიყალბე და თეატრალური პირობითობა მთელ ქართულ კინოს მოედო, გოგოძემ და პიპინაშვილმა ბუნებრივის, შეულამაზებლის უპირატესობა გამოხატეს კინოში - ბუტაფორულსა და ხელოვნურთან შედარებით. პაატა იაკაშვილიც აღნიშნავს, რომ გოგოძესთვის კინო სწორედ ცოცხალი ნატურის გადარჩენის საშუალებად იქცა:

”ძველი თბილისი არის მეცხრამეტე საუკუნეში წარმართული ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მატერიალური კულტურის ძეგლი. და ეს მატერიალური კულტურის ძეგლი ნადგურდება ჩვენს თვალსა და ხელს შუა.. კინემატოგრაფისტების კუთხით, ნატურას კარგავს ქართული კინო... ”მაგდანას ლურჯას” ახალ ვარიანტს ვერ გადაიღებ თბილისში.”

სოცოცხლის ბოლო წლებში - გარდაცვალებამდე, ე.ი. 1977 წლამდე - კარლო გოგოძე თბილისის კინოს სახლის მუზეუმს ედგა სათავეში,მასალებს აგროვებდა და თითქოს ემზადებოდა კინოს მუზეუმის დასაარსებლად, იმ მუზეუმისა, რომლის შექმნის აუცილებლობაზე სწორედ დღეს დაიწყო ლაპარაკი საქართველოში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG