Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ისევ დაბლოკა საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნების საკითხი


ეუთოს ვენის შტაბბინა
ეუთოს ვენის შტაბბინა
13 მაისს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე, რუსეთმა კიდევ ერთხელ თქვა უარი საქართველოში ეუთოს მისიის მუშაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 ივნისს ეუთოს მეთვალყურეები საბოლოოდ დატოვებენ საქართველოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი ერთადერთი იყო ეუთოს წევრ 56 სახელმწიფოს შორის, რომელმაც მისიის მუშაობა დაბლოკა. ამით მოსკოვმა ხაზი გადაუსვა ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობის ძალისხმევასა და რამდენიმეთვიან შრომას, რომელიც მეთვალყურეთა შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

რუსეთმა მართლაც წყალში ჩაყარა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის, განსაკუთრებული ძალისხმევა და მიზანი - შეენარჩუნებინა ეუთოს მისია საქართველოში, ნაომარ ქვეყანაში, სადაც ვითარება ჯერ ისევ სარისკო და არასტაბილურია. 13 მაისს ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე, რუსეთმა ბოლო 5 თვეში უკვე მეორედ დაადო ვეტო საქართველოში ეუთოს მეთვალყურეთა მანდატის გაგრძელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხს უკვე აღარ განიხილავს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო და ამ ეტაპზე ყველაფერი დასრულებულია, - განმარტავს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე: ”დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ეუთოს მისიამ თავისი ყოფნა დაასრულა... აქედან გამომდინარე, 30 ივნისს ეუთოს მისია ოფიციალურად იხურება და საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენელი არც ერთი ადამიანი აღარ დარჩება... საკითხი დაბლოკილია და, შესაბამისად, მოლაპარაკებები პრაქტიკულად წყდება ეუთოს ყოფნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მანამ, სანამ რუსეთი არ გადახედავს თავის პოზიციას და იმ დოკუმენტს, იმ სახით, მხარს არ დაუჭერს...”

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძისთვის, რა თქმა უნდა, ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთი კეთილ ნებას გამოავლენს და საკითხს თავისი სურვილით მიუბრუნდება. აქვე გავიხსენოთ, რომ ეუთოს მისიის საქართველოში შენარჩუნებას პირველი ვეტო რუსეთმა გასული წლის 22 დეკემბერს დაადო და ამ გზაზე მაშინაც ერთადერთი იყო ორგანიზაციის წევრ 56 სახელმწიფოს შორის. მოსკოვი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მისიის ამოქმედებას ითხოვდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ, 13 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, კრემლი კიდევ ერთხელ განუდგა საერთაშორისო საზოგადოებას: ”ეს არის რუსეთის მიერ ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების უხეშად დარღვევა, რომელიც მას გააჩნია. ეს არის არა მარტო 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ხელშეკრულებების უხეში დარღვევა; ეს არის თუნდაც იმ ვალდებულებების უხეში დარღვევა, რომელსაც ის იღებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, როდესაც ამბობს, რომ მას სურს და აქვს პრეტენზია, რომ იყოს ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი ავტორი... რუსეთის რა განახლებულ როლზეა საუბარი ევროპის უსაფრთხოებაში, როდესაც დღეს, ახლა რა ვალდებულებებიც აქვს და რა პასუხისმგებლობაც ეკისრება, თუნდაც ჩვენს რეგიონში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ამას გაურბის და ამას არღვევს უხეშად... ეს არის რუსეთის ნაბიჯი, რითაც მან კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობისგან.”

რუსეთის მიერ 13 მაისს დაბლოკილ პროექტში არც საქართველო იყო ნახსენები და არც სამხრეთ ოსეთი. ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ ეუთოს 22 მეთვალყურე სოფელ კარალეთში განთავსდებოდა, 8 კი ცხინვალში დაიდებდა ბინას. მეთვალყურეები კოორდინაციაში იქნებოდნენ ერთმანეთთან, სავარაუდოდ, ექნებოდათ თავისუფალი მიმოსვლის უფლება ადმინისტრაციულ საზღვარზე და დაექვემდებარებოდნენ ეუთოს კონფლიქტის პრევენციის ცენტრს ვენაში. ეს იყო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრის დორა ბაკოიანისის მიერ ინიცირებული პროექტი,რომელიც თავს არიდებდა ეგრეთ წოდებული ”წითელი ხაზების” გადაკვეთას და არ ეხებოდა საკითხებს, რომლებსაც, შესაძლოა, მხარეების გაღიზიანება გამოეწვია. ბაკოიანისი საქართველოში მისიის შენარჩუნების ერთადერთ გზად მისთვის პოლიტიკური საბურველის მოშორებაში ხედავდა.

დორა ბაკოიანისი
”ამის გასაკეთებლად ერთადერთი გზა არსებობს - უნდა მოხდეს დისკუსიის დეპოლიტიზება და ყურადღების გამახვილება ეუთოს მისიის მუშაობის პრაქტიკულ აუცილებლობაზე. მთავარია მხარეთა მოქნილობა... ჩემი ღრმა რწმენით, საქმე ეხება არა მხოლოდ ეუთოს ყოფნას რეგიონში, არამედ მთელ სამშვიდობო პროცესს. თუკი ეუთო გავა საქართველოდან, შესაძლოა, სერიოზულად დაზარალდეს ჟენევის პროცესი. ის, შესაძლოა, სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს”, - ეს განცხადება დორა ბაკოიანისმა 23 მარტს, თბილისში სტუმრობისას, გააკეთა. მანამდე კი, 21 იანვარს, ახალი პროექტის შესათანხმებლად ის მოსკოვშიც იმყოფებოდა. იმ დროისთვის არ კონკრეტდებოდა პროექტის დეტალები, მაგრამ თბილისისა და მოსკოვის განცხადებები თითქოს მიუთითებდნენ, რომ ეუთოს თავმჯდომარეობა სწორ გზაზე იდგა. თბილისმა პოზიცია ბოლომდე შეინარჩუნა, ხოლო მოსკოვმა, როგორც ვთქვით, პროექტი 13 მაისს დაბლოკა.

ამგვარი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ მათ, ვისთვისაც ნათელი იყო, რომ კრემლი ყოველმხრივ შეეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო კონტროლს მის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებულ სეპარატისტულ რეგიონში, სადაც ის საერთაშორისო სამართლის ნორმებს მრავალი მიმართულებით არღვევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG