Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტანდარტები პარტიებისა და პოლიტიკოსებისათვის


„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მზადაა თავად დაუდგინოს პოლიტიკურ პარტიებს მოთხოვნები, რომელთა შესრულება, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა, ლიდერმა არასამთავრობო ორგანიზაციისა ”კანონი ხალხისათვის“, აღნიშნულ პოლიტიკურ მოთხოვნათა დოკუმენტის პროექტის პრეზენტაციაზე. პროექტი, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს, საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა.

„საქართველოს საზოგადოების მოთხოვნები პოლიტიკურ პარტიათა, გაერთიანებათა და პოლიტიკურ მოღვაწეთა მიმართ“ - ასე ჰქვია დოკუმენტის პროექტს, რომლის პირველი საჯარო განხილვა 18 მაისს გაიმართება. კონფერენციაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შეკრებს, პრაქტიკულად დადგინდება პოლიტიკური პარტიების სამოქმედო სტანდარტები, რომელიც მოგვიანებით ხელმოწერისათვის გადაეცემათ პოლიტიკურ სუბიექტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტანდარტები ხუთი მთავარი მიმართულებით გაიწერება. ესენია: პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობა, ანუ განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებათა პატივისცემა და საჯარო მოსამსახურეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა; ქვეყნის მიღწევათა შენარჩუნება და განვითარება - მათ შორის, დასავლეთთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მიმართულებით დემოკრატიის განვითარებისა და ავტოკრატიის დემონტაჟის გზით; საზოგადოებისათვის მწვავე საკითხების გადაწყვეტა; დემოკრატიის გაძლიერების გარანტიებისა და, ბოლოს, საზოგადოებრივი კონტროლის დამატებითი მექანიზმების შექმნა.

]“ ადამიანი, მე მგონი, ლუსტრირებულად აგრესიული უნდა იყოს და არაპოლიტკორექტული, რომ ამ ნებისმიერ მოთხოვნას არ დაეთანხმოს“, -

ამბობს პოლიტიკურ პარტიათა მიმართ წაყენებული მოთხოვნების დოკუმენტის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრი რატი ამაღლობელი, რომლის შეხედულებითაც, პოლიტიკურ პარტიათა სამოქმედო სტანდარტების აღსრულება თავისთავად კავშირშია საზოგადოების სიმწიფესთანაც. შესაბამისად, ამ ეტაპზე პროექტის სულისკვეთების გაცნობა და მხარდაჭერა შანსია თავად საზოგადოებისთვისაც. საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრზე დაკვირვებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკმარისი არ არის პარტიამ სამოქმედო ვექტორი მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისამებრ, მხოლოდ საკუთარი პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს.

„ჩვენ ვფიქრობთ, შევქმნათ დამატებითი მექანიზმები, რათა პოლიტიკური პარტიებისგან პასუხის მოთხოვნის საშუალება არჩევნებიდან ოთხი-ხუთი წლისთავზე კი არ გვქონდეს, არამედ, მაგალითად, პირველივე წელს.“

ასე ხსნის პოლიტიკური პარტიებისადმი საქართველოს საზოგადოების მოთხოვნების შექმნის აუცილებლობას საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი. რაც შეეხებათ თავად პარტიებს, კახა კუკავა, მაგალითად, კონსერვატიული პარტიის სახელით ამბობს, რომ ასეთი დოკუმენტი აუცილებელია და მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულებულ სახეს მიიღებს, მისი პარტია მიუერთდება კიდეც მას. „დემოკრატიულ ქვეყნებში, ცალკეული პარტიების პროგრამების გარდა, ფუნდამენტურ საკითხებზე ერთობლივი ხედვაც არსებობს, რადგან დემოკრატია ეფუძნება როგორც პლურალიზმს, ისე კომპრომისს“, - ამბობს კახა კუკავა.

განსხვავებულია ეგრეთ წოდებული მოთხოვნებისადმი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის, დამოკიდებულება. „იმ ჯგუფს, რომელიც პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული, შეუძლია ისაუბროს საკუთარი და არა საზოგადოების სახელით.“ მათ შეუძლიათ პოლიტიკური პარტიებისადმი თავიანთი მოთხოვნები ჰქონდეთ, მაგრამ ეს მოთხოვნები ყველასთვის სავალდებულო არ იქნება როგორც გასაზიარებლად, ისე შესასრულებლად, - დასძენს მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც

პოლიტიკურ პარტიათა და მოღვაწეთა მიმართ დოკუმენტის პროექტს არ იცნობს და, შესაბამისად, უშუალოდ მასზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა შენიშნავს, რომ პარტიათა ქცევას საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს.
XS
SM
MD
LG