Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები თბილისში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები დღეს თბილისში შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. გავრცელებული ინფორმაციით, სემნები თავდაპირველად ესაუბრა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს ნინო ბურჯანაძეს, სალომე ზურაბიშვილს, კახა კუკავას და დავით უსუფაშვილს. სემნებიმ მათგან მოისმინა ინფორმაცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ასევე მათი მოსაზრებები, თუ როგორ ესახებათ კრიზისის დაძლევის გზა. საუბარი შეეხო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგის გაგრძელების საკითხისადმი დამოკიდებულებას. “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ შორის სემნების, დღეს წარუდგინეს პრეზიდენტ სააკაშვილის 5-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც, უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერვე სექტემბერ-ოქტომბერში გახმოვანებული “დემოკრატიის ახალი ტალღის” ანალოგია. “ეს დოკუმენტი არის კოპირებული და არაფრით არ განსხვავდება იმისგან, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა 8 თვის წინ. პრეზიდენტი დღეს იმაზე საუბრობს, რასაც ლაპარაკობდა სექტემბერ-ოქტომბერში და მიუხედავად ამისა, მას ახალი არაფერი გაუკეთებია", აცხადებს უსუფაშვილი. დღესვე სემნები შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პაატა დავითაიას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დიალოგისადმი მხარდაჭერა. დიალოგისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვა თვით პეტერ სემნებიმაც. მან მიუთითა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG