Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებები დატოვა


გრიგორი კარასინი და ბორის ჩოჩიევი მოლაპარაკებების წინა რაუნდზე
გრიგორი კარასინი და ბორის ჩოჩიევი მოლაპარაკებების წინა რაუნდზე
რუსეთმა განაცხადა, რომ დატოვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც ორშაბათს დაიწყო ჟენევაში. მოსკოვმა ამის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა აფხაზეთმა.

ინტერფაქსს მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის სიტყვები, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციასთან ერთად მოლაპარაკებები დატოვა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციამაც. "ერთ-ერთი მხარის გარეშე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული საკითხების განხილვა განწირული საქმეა, კონსულტაციები ჩვენთან ერთად სამხრეთ ოსეთმაც დატოვა," განაცხადა კარასინმა ჟენევაში.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჟენევაში ორშაბათს გაიხსნა საქართველოს, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებებში ასევე დაგეგმილი იყო თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობაც. აფხაზეთმა უარი განაცხადა კონსტულტაციაში მონაწილეობაზე. ჟენევის შეხვედრა გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით ტარდება.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ შაბათს განაცხადა, რომ აფხაზეთი არ იღებს მოლაპარაკებებში მონაწლეობას, ვინაიდან მას ჯერ არ მიუღია გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ანგარიშის ტექსტი. გენერალური მდივნის წინა ანგარიშში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა, აფხაზეთი საქართველოს ნაწილადაა მოხსენიებული, რასაც სოხუმი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

გაეროს, ეუთოსა და ევროპის კავშირის შაუმავალთა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რუსეთის დელეგაციამ დატოვა ჟენევის მოლაპარაკებები, ნათქვამია, რომ თანათავმჯდომარეები მუშაობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებები 19 მაისს დილით განახლდეს და ყველა მხარეს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ მასში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG