Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა


გაეროს შტაბბინა ჟენევაში
გაეროს შტაბბინა ჟენევაში
გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით, ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია გაიმართა. როგორც საქართველოში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, პიერ მორელმა განაცხადა, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, კვლავ შეხვდნენ 1-ლ ივლისს. "პროცესი სრული ძალით განვითარდა და დღეს ის თავისი სამუშაო მეთოდების კონსოლიდაციას ახდენს", თქვა მორელმა სამსაათნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ორშაბათს გაჩნდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა, ვინაიდან რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა დატოვეს კონსულტაციები მას მერე, რაც მასში მონაწილეობაზე უარი თქვა აფხაზეთის დელეგაციამ. სამშაბათს სამივე ეს დელეგაცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაეროს გენერალური მდივნის ახალი მოხსენების ერთი დეტალი გაავრცელა. კერძოდ, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის ცნობით, ბან კი მუნის მოხსენებაში აფხაზეთი საქართველოს ნაწილად აღარ მოიხსენიება.

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, საბერძნეთი, მიესალმება დღეს ჟენევაში მიღწეულ მცირე წინსვლას.
"ჟენევის დისკუსიების მეხუთე რაუნდზე საკვანძო მნიშვნელობის ელემენტი იყო ის, რომ მონაწილეებმა დაიწყეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონკრეტული ზომების განხილვა", განაცხადა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა ხარალამპოს ხრისტოპულოსმა. მისი თქმით, ასევე წინსვლა შეინიშნება ჰუმანიტარულ საკითხებში, რომლებშიც ეუთო საგანგებო როლს თამაშობს, მათ შორის წყლის პრობლემასთან დაკავშირებით.

დღეს და გუშინ დისკუსია ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში გაიმართა. ერთი - რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეეხებოდა, მეორე კი - ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების საკითხს.
ქრისტოპულოსის გარდა მოლაპარაკებებს უძღვებოდნენ გაეროს მხრიდან ელჩი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირიდან ელჩი პიერ მორელი.
XS
SM
MD
LG