Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უსაფრთხოების ახალ პრიორიტეტებს ამუშავებს


საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლება
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლება
საქართველო უსაფრთხოების პრიორიტეტებს ახალი რეალობის შესაბამისად ამუშავებს. ცვლილებები შედის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში, იმ ძირითადი და ძალიან სერიოზული საფრთხეების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას საქართველო აგვისტოს ომი შემდეგ. აგვისტოს ომის შემდეგ აუცილებელი გახდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და მისი თანმდევი დოკუმენტების - მათ შორის, სამხედრო სტრატეგიის - გადახედვა. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების განმარტებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უკეთ იყვნენ მომზადებული სამშობლოს დასაცავად.

სამხედრო აგრესია, რაც შარშან აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, თავისი მასშტაბებით აღმოჩდა გაცილებით ფართო, ვიდრე ამას ბევრი ელოდა და ვიდრე ამას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებდა. ” საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა”, - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში და იქვე განმარტებულია: ”თუმცა საზღვრის შეიარაღებული დარღვევა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან რეალურია და კვლავ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას”. ფორმულირება აშკარად მოძველებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ფორმულირებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ვერ აღმოჩნდა ზუსტად გათვლილი რეალურად არსებულ საფრთხეზე. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნებოდა სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი, დოკუმენტები, მათ შორის, საქართველოს სამხედრო სტრატეგია. ამდენად, ბუნებრივია და ლოგიკური, რომ დღის წესრიგში დადგა ცვლილებები.თუ რა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს ისინი, ეს გასულ კვირაში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განმარტა: ”ფაქტიურად, უკვე დასრულების ფაზაშია ეროვნული საფრთხეების შეფასების პირველად დოკუმენტზე მუშაობა. მეთოდოლოგია შევცვალეთ და ბევრად უფრო საფუძვლიანი დოკუმენტი გამოვა. პარალელურად მიდის მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე და სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტზეც თავდაცვის სამინისტროში.”

”ახალი დოკუმენტები იქნება რეალობაზე და სიღრმისეულ კვლევაზე დაფუძნებული”, - გვითხრა ეკა ტყეშელაშვილმა. მან აღნიშა ისიც, რომ საქართველოს მხარე საფრთხეების გათვლაზე მუშაობისას იყენებს დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას, რადგან ბრიტანელებს აქვთ ძალიან საინტერესო მეთოდოლოგია საფრთხეების კვლევისა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე, საფრთხეების შეფასების დოკუმენტსა და სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტზე. ანუ არის კომპლექსური ცვლილებები უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში, რომელთაგან ბათუმში, ”საქართველოს თავდაცვის კონფერენციაზე”, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებმა, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და, მათთან ერთად, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს თავდაცვის სტრატეგიის ახალი დოკუმენტის პროექტი განიხილეს. თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის განმარტებით, სამხედრო სტრატეგიის ახალი დოკუმენტი თავდაცვის ახალ პრიორიტეტებზე იქნება დაფუძნებული. ახალი პრიორიტეტები კი გამოქვეყნებულია და მათში წამყვანი ადგილი უკავია თავდაცვით ოპერაციებს. ამასთან, პრიორიტეტებში მიჩნეულია სამხედრო განათლების დახვეწა, პირადი შემადგენლობის მართვის გაუმჯობესება, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ასე შემდეგ. როგორც უკვე ვთქვით, პრიორიტეტები განსაზღვრულია საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი საფრთხის შესაბამისად, უმთავრესი საფრთხე კი არის რუსეთის აგრესია და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია. ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს სამხედრო სტრატეგიის სიახლეები ასე განგვიმარტა: ”აქცენტი გადატანილია ტერიტორიულ თავდაცვაზე, ტერიტორიული თავდაცვის ელემენტის გაძლიერებაზე და მეორე პლანზე გადატანილია საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან განაპირობებს ჩვენს პარტნიორობას მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებთან. ამასთან, ნათელია, რომ რეზერვის სისტემამ იმ მოდელით ვერ იმუშავა. ესეც გადახედილია და არის მთელი რიგი სხვა ცვლილებები.”

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში ცვლილებებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის ერთმანეთის თანმდევი დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG