Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისიამ კონსტიტუციის პროექტი წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს


საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია
საპარლამენტო უმცირესობა საკონტიტუციო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. 20 მაისს მორიგი შეხვედრა ქრისტიან-დემოკრატების ოფისში გაიმართა. უმცირესობის წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასა და კომისიის მუშაობის ვადებზე მსჯელობდნენ. მათ უპასუხოდ არც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ის გამოხმაურება დაუტოვებიათ, რომელიც მან წინანდალში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დროს გააკეთა - კერძოდ, მან თქვა, რომ კომისიის მიზანი არ უნდა იყოს რომელიმე სახელისუფლო ფლანგის დასუსტება.

20 მაისს საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ტექნიკურ საკითხებს განიხილავდა. შეხვედრა ქრისტიან-დემოკრატების ოფისში შედგა. ბოლო დღეებია აქტიურად საუბრობენ კომისიის თავმჯდომარის რამდენიმე კანდიდატურაზე, თუმცა მათი ვინაობა ვერც 20 მაისს გახდა ცნობილი. ჟურნალისტებს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ შეჯერდნენ ორ საბოლოო კანდიდატურაზე, რომლებთანაც კონსულტაციები კვლავ გრძელდება.

ქრისტიან-დემოკრატების ოფისში, მასპინძლების გარდა, კონსულტაციების მაგიდას ეროვნულ-დემოკრატების და პოლიტიკური გაერთიანების ”ჩვენ თვითონ” წევრები უსხდნენ.
საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, როგორც ”ჩვენ თვითონ”-ის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, შემდეგი კანდიდატურები დასახელდა: ”გაიჟღერა ავთანდილ დემეტრაშვილის კანდიდატურამ, ჩვენი პარტიის მხრიდან დავასახელეთ ჯონი ხეცურიანის კანდიდატურა და თედო ნინიძის კანდიდატურა. ვნახოთ ვისზე შეჩერდება უმცირესობის არჩევანი.”

თუმცა მთავარი საკითხი, რომლის კომენტირებაც 20 მაისს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს უწევდათ, წინანდალში პრეზიდენტის ორი დღისწინანდელი გამოსვლა იყო, კერძოდ, მისი ნათქვამი,რომ საკონსტიტუციო კომისიის მიზანი არ უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს შესუსტება და რომ ახლა ქვეყანას ძლიერი პარლამენტი და ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება.

ოპოზიციამ პრეზიდენტის ეს გამოხმაურება ზეწოლის მცდელობად შეაფასა და სააკაშვილს მოუწოდა თავი შეიკავოს მსგავსი კომენტარებისგან. გიორგი თარგამაძემ საპასუხოდ განაცხადა: ”მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, აქვს უფლება გამოხატოს სიმპათია რომელიმე კონსტიტუციური მოდელის მიმართ. მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მივმართავთ, რომ მომავალში მან მაქსიმალურად შეიკავოს თავი ასეთი ტიპის განცხადებებისაგან. ქვეყნის პირველი პირის მხრიდან კონკრეტული სიმპათიების გამოხატვა უარყოფით გავლენას მოახდენს და შეიძლება აღქმული იყოს როგორც ზეწოლის მცდელობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე.”

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩახვაძეც, ფიქრობს, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კომისია ჯერ არც კი დაკომპლექტებულა, პრეზიდენტი მითითებებს უნდა მოერიდოს: ”ეს აღიქმება როგორც ზეწოლა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სახელმწიფო კომისიაზე და ხელს შეუშლის დისკუსიის წარმართვას.”

გურამ ჩახვაძე ასევე გვეუბნება, რომ კომისიამ, რომელშიც, პოლიტიკოსების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ, უნდა შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელსაც ის დიდ კომპრომისს უწოდებს. როგორი უნდა იყოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა დაიდოს - სახელმწიფო მოწყობის რომელი მოდელისაკენ იხრება საპარლამენტო ოპოზიცია?

გურამ ჩახვაძე: ”არსებობს ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების გამოცდილება, სადაც დაბალანსებულია ყველა შტო. პარლამენტი არის ძლიერი თავის სფეროში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება და ისინი ერთმანეთს აბალანსებენ და აკონტროლებენ. პრეზიდენტი კი არის არბიტრი. გარკვეული პოლიტიკური პროცესების მიმართ ის არის ნეიტრალური და რადგან ის მაღლა დგას ამ პოლიტიკურ პროცესებზე, კრიზისის დროს მას შეუძლია მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.”

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა განსხვავება მის და ოპოზიციის შეხედულებებს შორის: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა, ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება ქვეყანაში მუდმივი დესტაბილიზაციის წინაპირობებს ქმნის. ამის ალტერნატივას წარმოადგენს სწორედ ევროპული საპარლამენტო მართვის მოდელი, რომლის ლობისტებიც ჩვენ ვიქნებით.”

კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს საპარლამენტო ოპოზიცია შეჯერდა, კომისიის მუშაობის ვადებია. მიმდინარე წლის 31 დეკემბერს კომისიის მუშაობა დასრულებული, დოკუმენტი კი მზად უნდა იყოს.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ვინაობა კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი. არაფერი შეცვლილა არასაპარლამენტო ოპოზიციის ამ კომისიის მუშაობისადმი დამოკიდებულებაშიც. ისინი საკონსტიტუციო კომისიას დღემდე ემიჯნებიან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG