Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი - აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორი თუ სახელმწიფოებრიობის მტერი?


სერგეი ბაღაფშის და დმიტრი მედვედევის შეხვედრა მოსკოვში
სერგეი ბაღაფშის და დმიტრი მედვედევის შეხვედრა მოსკოვში
რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ცხრა თვის შემდეგ აფხაზურ პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორები ხმამაღლა აკრიტიკებენ ურთიერობის იმ ფორმას, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის ჩამოყალიბდა. აფხაზური საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებით აღაშფოთა მხარეებს შორის 30 აპრილს გაფორმებულმა შეთანხმებამ "სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის შესახებ", რომელშიც აფხაზეთის სასაზღვრო სამსახური საერთოდ არ არის ნახსენები. გარდა ამისა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობის ნაწილის შეშფოთებას იწვევს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის რუსეთისთვის გადაცემა და, რუსეთისავე ზეწოლით, მიწის პრივატიზების ახალი კანონის მიღების პერსპექტივა. ჯიმშერ რეხვიაშვილმა სცადა იმის გარკვევა, შეიცვალა თუ არა რუსეთისადმი აფხაზების დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.

radiosoma.com - ესაა საიტი, სადაც დაინტერესებულ მკითხველსა თუ მსმენელს შეუძლია გაეცნოს აფხაზეთთან დაკავშირებულ მრავალფეროვან ინფორმაციას, მათ შორის ადგილობრივი პრესის მიმოხილვასაც. აფხაზეთის პრესის მიმოხილვაში, ძირითადად, საუბარია ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებულ იმ სტატიაზე, რომელიც 30 აპრილს საზღვრის დაცვის სფეროში მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კრიტიკას ეძღვნება. კერძოდ, რადიოს მიმომხილველი ახსენებს სოხუმში გამომავალ გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდაში“ დაბეჭდილ პუბლიკაციას, რომლის ავტორი აფხაზეთის გმირი და თვითაღიარებული რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსი ასლან კობახიაა. ნაწყვეტი მიმოხილვიდან:

„საქმე ისაა, რომ ხელმოწერილი შეთანხმების სათაური და შინაარსი არ შეესაბამება ერთმანეთს. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი აფხაზი და რუსი მესაზღვრეების ერთობლივ მოქმედებაზე. მეტიც: აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სპეციალური ნებართვის გარეშე, სასაზღვრო სამმართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე შესვლაც კი არ შეუძლიათ. სტრატეგიული პარტნიორები ასეთ ხელშეკრულებებს არ აფორმებენ.“

აფხაზეთის პრესის მიმოხილვაში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ, გარკვეული წინააღმდეგობისა და უკმაყოფილების მიუხედავად, რუსეთი მაინც რჩება აფხაზეთის ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად, რასაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც:

პაატა ზაქარეიშვილი
„თავს არ გრძნობენ ოკუპირებულად. განაგრძობენ ცხოვრებას საბჭოთა კავშირში. ერთი ხანობა დაკარგეს საბჭოთა კავშირი, მაგრამ მოგვიანებით აღადგინეს... კმაყოფილები და ბედნიერები არიან იმით, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება, ფიზიკური გადარჩენა აღარ არის პრობლემა და ქართველები მათ აღარ დაესხმებიან თავს.“

პაატა ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში უკმაყოფილება მართლაც არსებობს, თუმცა, მისივე თქმით, მუხტი, რომელიც ამჟამად ძალზე მცირეა, ანგარიშგასაწევ ძალად, სავარაუდოდ, ოთხი-ხუთი წლის შემდეგ თუ ჩამოყალიბდება. ზაქარეიშვილის ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. მისი თქმით, აფხაზი ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ მალავს, რომ იმედგაცრუებულია.

„მთელი ნაციონალური ქონება სხვის ხელში გადადის, თავისუფლება სად არისო, კითხულობენ ახალგაზრდები. ერთი სიტყვით, კარგად აცნობიერებენ, რომ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მეტიც: ასიმილაციის უფრო დიდი საფრთხე დგას მათ წინაშე“, განაცხადა გია გვაზავამ.

ასიმილაციის საფრთხის არსებობას არც თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს. ამ საკითხებზე საუბრისას სერგეი შამბამ „ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 22 მაისს გამოქვეყნდა, ასეთი რამ განაცხადა:

სერგეი შამბა
„თუ არჩევანი გარდაუვალია, გვირჩევნია, ასიმილირებული ვიყოთ რუსეთის და არა საქართველოს მიერ.“ თუმცა, ამგვარი განცხადების მიუხედავად, ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე დარწმუნებულია, რომ აფხაზ ხალხს აქვს სათანადო რესურსი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს.

გიორგი ანჩაბაძე: „ძალიან დიდ როლს ითამაშებს საქართველოს პოზიცია, იმიტომ რომ აფხაზები დღეს ასე ფიქრობენ: თუ ურთიერთობა გაუფუჭდებათ ოდნავ მაინც რუსებთან, ამით უთუოდ ისარგებლებს საქართველო და გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. თუ ეს მომენტი მოიხსნება, აფხაზების წინააღმდეგობის უნარიც გაიზრდება.“

გიორგი ანჩაბაძე, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლექციებს სოხუმის უნივერსიტეტშიც კითხულობს. ცნობილი მეცნიერი ამბობს, რომ უკანასკნელად აფხაზეთში შარშან, შემოდგომაზე, იმყოფებოდა და, შესაბამისად, კარგად იცის, თუ რა აშფოთებთ აფხაზებს ამჟამად:

„არ მოხდეს ტერიტორიების გაყიდვა. ერთმა ისიც კი თქვა, გვეშინია თოკი არ ჩაგვიბან და აფხაზებს ზღვაზე გასვლა არ აგვიკრძალონო. ჯერჯერობით მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოქალაქეების გარდა, არავის შეუძლია მიწის ყიდვა და გაყიდვა. მართალია, პირდაპირ რუსეთთან შეერთების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ შიშობენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად არ მოხდეს რუსეთის ორბიტაში შეყვანა. აფხაზეთის საზოგადოებას ამის შიში ნამდვილად აქვს.“

ეს შიში რომ უსაფუძვლო არაა, კარგად ჩანს თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუდანაც, რომელიც „ნიუ იორკ ტაიმსმა“ მიმდინარე წლის 16 მაისს გამოაქვეყნა. სერგეი ბაღაფშმა ამერიკულ გამოცემას უთხრა, რომ იძულებული იყო რამდენჯერმე უარი ეთქვა, როცა რუსმა პარტნორებმა დახმარების სანაცვლოდ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოსთხოვეს.

”პატარა ქვეყანამ თავისი სახელმწიფოებრიობა უნდა დაიცვასო”, - უთქვამს ბაღაფშს მოსკოვში ჩაწერილი ინტერვიუს დროს. - ”ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა აღარასოდეს განვიცადოთ ისეთი ასიმილაცია, როგორიც საქართველომ მოგვახვია თავზეო.” თუმცა საქართველოში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ განცხადებები საქმეს დიდად ვერ უშველის. უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს რეგიონიდან გაეროს მისიის გაყვანას, რათა, ერთი-ერთზე დარჩენილმა, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ფორმალური ნიშნებიც შთანთქას.

ირაკლი სესიაშვილი
„ამიტომ აფხაზებს უფრო მეტად უნდათ დღეს კავშირი ქართველებთან, ვიდრე აქ, თბილისში, ვინმეს წარმოუდგენია, რადგანაც სერიოზულად არიან შეშფოთებული არსებული ვითარებით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ირაკლი სესიაშვილმა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზებს რუსეთთან - უფრო ზუსტად კი, რუსეთის იმპერიასთან - ერთიერთობის ძალზე მწარე ისტორიული გამოცდილება აქვთ. რადიო თავისუფლების არქივში მოიპოვება ცნობილი მეცნიერის რუსუდან ჯანაშიას მიერ 2008 წლის მაისში წაკითხული ლექციის ფრაგმენტი, რომელშიც ლაპარაკია მუჰაჯირობაზე, ანუ აფხაზების თურქეთში გასახლების პროცესზე.

რუსუდან ჯანაშია: „პირდაპირ იყო რესკრიპტი ნიკოლოზ პირველისა: დაუმორჩილებლები გაანადგურეთ, მორჩილნი გაასახლეთ თურქეთში. რამდენიმე წელი რიყავდა ზღვა თავის ქალებს. ფულს უხდიდა თურქეთს ამ კავკასიელი ხალხების გასახლებაში. რასაკვირველია, რაც მეტს წაიყვანდნენ, მით მეტ ფულს მიიღებდნენ. შუა ზღვაში გაიყვანდნენ, გადააბრუნებდნენ, დახოცავდნენ ამ ხალხს და დაბრუნდებოდნენ სხვების წასაყვანად. ამიტომ რიყავდა ზღვა წლების განმავლობაში თავის ქალებს.“

ამ საშინელი ამბებიდან უკვე ორ საუკუნეზე მეტია გასული. დროსთან ერთად შეიცვალა მსოფლიოც. შესაბამისად, შეიცვალა ერებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ფორმებიც, თუმცა გასული წლის აგვისტოს ომმა ისიც აჩვენა, რომ ყველაფერი სხვანაირადაა, როცა საქმე რუსეთს ეხება. უცნაური ლოგიკით, რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორიც გამოდის და - სახელმწიფოებრიობის მტერიც.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG