Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდის ჩატარებას


სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომელი ჟურნალისტებს ფხენიანის ბირთვული გამოცდის სეისმურ შედეგებს განუმარტავს
სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომელი ჟურნალისტებს ფხენიანის ბირთვული გამოცდის სეისმურ შედეგებს განუმარტავს
გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბირთვული გამოცდა, როგორც უშიშროების საბჭოს რეზოლუციათა აშკარა დარღვევა. ახლა უშიშროების საბჭო, მისივე განცხადებით, დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას ჩრდილოეთ კორეის შესახებ ახალ რეზოლუციაზე, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება. ასეთი შედეგით დასრულდა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ორშაბათს იაპონიის თხოვნით გაიმართა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ორშაბათსვე დილით ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრს საათიც არ დაჭირვებია განცხადებაზე ერთსულოვნების მისაღწევად. ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან, თუ რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებულ წინა საგანგებო შეკრებებს იშვიათად თუ მოჰყოლია ასე სწრაფი, ასე მკაფიო რეაქცია.

ჩინეთიც კი - უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი და ჩრდილოეთ კორეის უახლოესი მოკავშირე - როგორც ჩანს, კარგავს სურვილს, შეურიგდეს ფხენიანის მოულოდნელ, თვითნებურ ნაბიჯებს. ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა მა ჟაოუმ პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა გადაჭრით ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ კორეის მიერ ორშაბათს ჩატარებულ, რიგით მეორე ბირთვულ გამოცდას. (ჩრდილოეთ კორეაში პირველი ბირთვული გამოცდის შემდეგ თითქმის სამი წელია გასული).

მაგრამ დავუბრუნდეთ ნიუ-იორკს, სადაც ორშაბათს გაეროს უშიშრეობის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარე რუსეთის წარმომადგენელმა, გაეროში ელჩმა ვიტალი ჩურკინმა გამოთქვა შეფასება, რომ ორშაბათი დილის ბირთვული გამოცდა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს - გაცილებით უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე ჩრდილოეთი კორეის მიერ წელს, 5 აპრილს ბალისტიკური რაკეტის გასროლა იყო, რადგან ეწინააღმდეგება არა მარტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, არამედ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასა და ბირთვული გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულებას. “რუსეთი ამ დოკუმენტების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია და, ჩვენი აზრით, ისინი უკიდურესად მნიშვნელოვანია ამჟამინდელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის”. ამდენად, დაასკვნის ჩურკინი, ყველაფერი, რაც ძირს უთხრის ამ ორი ხელშეკრულების მოქმედებას, “ძალიან სერიოზული საკითხია და ძლიერ რეაქციას მოითხოვს”.

რუსი კოლეგის შეფასებას, რომ საჭიროა ძლიერი, მკაცრი რეაქცია, იზიარებს გაეროში აშშ-ის ელჩი, სიუზან რაისი. მისი თქმით, გაეროს უშიშრეობის საბჭო სულ მალე იწყებს მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეზოლუციის პროექტზე. რეზოლუცია, რაისის განცხადებით, მკაცრი უნდა იყოს “შესაბამისად მკაცრი შინაარსით”. ამასთან, სიუზან რაისმა უარი თქვა დაეზუსტებინა, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ დამატებით ეკონომიკური ან სხვა სანქციების მოთხოვნას.

გაეროში აშშ-ის ელჩისაგან განსხვავებით, საფრანგეთის ელჩის მოადგილე ჟან-პიერ ლაკრუას არ დაუმალავს, რომ პარიზი ემხრობა ახალ სანქციებს, რომლებიც დაემატება უშიშროების საბჭოს მიერ უკვე მიღებულ ზომებს. როცა ისე მოქმედებ, როგორც ჩრდილოეთი კორეა, ლაკრუას სიტყვებით “რაღაც საფასური უნდა გადაიხადო”.

თუმცა “საფასურის გადახდის” შიშს ჩრდილოეთი კორეა ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ ამჟღვანებს: საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, ფხენიანმა სამშაბათს - ანუ გაეროს მიერ მისი ბირთვული გამოცდის მკაცრად დაგმობის მომდევნო დღესვე, ორი რაკეტა გაისროლა. ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს ფხენიანის მოქმედებით გამოწვეულ დაძაბულობას.
XS
SM
MD
LG