Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ და ოპოზიციასაც


დღეს ბათუმელებისთვის აქტუალური იყო ერთი საკითხი - რა მოხდა საქართველოში 26 მაისს და რა მოხდება გუშინდელი დღის შემდეგ? როგორც რამდენიმე რესპონდენტმა მითხრა, ოპოზიციას მოქმედების კონკრეტული გეგმა არა აქვს. "მხოლოდ წადი, წადის ძახილით არსად წავა. ხომ თქვა არაერთხელ, რომ არსად მივდივარო", - მითხრა შუახნის ბათუმელმა. მის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია ხელისუფლების კონკრეტულ შეცდომებზე ყოველდღიურად უნდა ლაპარაკობდეს, გარშემო მყოფი რამდენიმე ადამიანიც დაეთანხმა. ისინი ფიქრობენ, რომ სრულიად არათავისუფალ სასამართლოსა და მასმედიაზე, ისევე როგორც სხვა პრობლემებზე, ოპოზიცია ზოგადად არ უნდა ლაპარაკობდეს და მუდმივად კონკრეტული დარღვევებისა და დანაშაულის ფაქტებს აქვეყნებდეს. ბათუმელთა კიდევ ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეებმა პრეზიდენტს უნდა აცალონ. ამ მოსაზრების მომხრე რამდენიმე რესპონდენტმა მიხეილ სააკაშვილის ბოლო დამსახურებად ბათუმში ოპერის ახალი თეატრის და „თავისუფლების ჩირაღდნის“ მშენებლობის დაწყება დამისახელა. „2013 წლამდე უნდა ვაცალოთ“, - ამბობდნენ ისინი.

გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ბათუმიდან რომში გაემგზავრა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად, ქალაქში უკმაყოფილება გამოიწვია. „ასე თქვეს, მიიწვიესო, მაგრამ სად მიდის, როდესაც საკუთარი ხალხი უკვე რამდენი ხანია სალაპარაკოდ იწვევს?! ამდენი ადამიანი გამწარებულია და რა დროს ფეხბურთია?!“ - მითხრა ერთ-ერთმა ბათუმელმა. დღევანდელ რესპონდენტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც საპროტესტო აქციის მონაწილე ოპოზიციაში ერთგვარად თვითგამორკვევის პროცესი დაინახეს. ისინი ფიქრობენ, რომ სულ მალე საქართველოში მოქმედებას მართლაც სერიოზული ოპოზიცია დაიწყებს.
XS
SM
MD
LG