Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 30 მაისი 2009


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა კვლავ განაგრძობდა საქართველოს შესახებ წერილების ბეჭდვას. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე რეპორტაჟები ქვეყნდებოდა ”ნიუ იორკ ტაიმსში”, ”უოლ სტრიტ ჯორნალში”, ”სტრატფორ კომენტარიში”. კვირის ბოლოსკენ დაიბეჭდა ანალიტიკური ხასიათის სტატიაც.

”ოპოზიცია საკუთარ თავს საკანში კეტავს და გარეთ რჩება” - დაახლოებით ასე შეიძლება ითარგმნოს 28 მაისს ჟურნალ ”ეკონომისტში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური. ”იმპულსური პრეზიდენტი სიმშვიდის შენარჩუნებით იმარჯვებს” - ასეთია წერილის ქვესათაური.

სტატიაში მოთხრობილია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დრამა შთაგონებულია სატელევიზიო რეალითი-შოუს მიერ, რომლის გმირმა, პოპ-ვარსკვლავმა, თავი ფიქტიურ საკანში ჩაიკეტა და მთავრობას ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. შოუს დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ოპოზიციამ ქალაქის ქუჩებში ასობით საკანი აღმართა და, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, აქციები დაიწყოო, კითხულობს ”ეკონომისტის” მკითხველი.

თეატრი საქართველოში ცხოვრების წესს წარმოადგენსო, წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს: სააკაშვილს, რომელმაც გასულ აგვისტოში რუსეთთან ომი წააგო, სცენა აღუმართეს, რომელზეც მას ეს საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით უნდა დაეშალა. მაგრამ, განაგრძობს ”ეკონომისტის” ავტორი, სააკაშვილმა იმპულსური გმირის როლის შესრულებაზე უარი თქვა და ამით ოპოზიციას თვითიზოლაციისთვის პირობები შეუქმნაო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციებში, როგორც წესი, არც პოლიცია ჩარეულა და არც დასუფთავების სამსახურები. ავტორი წერს: რამდენიმე კვირაში თბილისის ცენტრში ნაგვის, ჭუჭყიანი ტანსაცმლისა და დაუბანელი ტანის სუნი დადგა. ბევრი საკანი ცარიელი იყო ან მათ უსახლკარო ადამიანები იყენებდნენ თავშესაფრად. ბევრი ქართველისთვის ეს იყო იმ დისფუნქციური, არეული, ჩაბნელებული და საშიში ქალაქის სუნი, რომელსაც ვარდების რევოლუციამდე თბილისი წარმოადგენდაო.

შიშმა, რომ საქართველოში კვლავ ქაოსი დაისადგურებდა, - ისევე როგორც გამართული სახელმწიფოს შექმნაში სააკაშვილის წვლილის დანახვამ, - ბევრს ოპოზიციის აქციებში მონაწილეობის სურვილი არ გაუჩინა. ”ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია ამერიკული კვლევითი ცენტრის, გრინბერგ ქუინლან როსნერის, მონაცემები, რომლის თანახმადაც, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ სააკაშვილის რეიტინგმა 5 პროცენტით მოიმატა და 43 პროცენტსაც გაუტოლდა. წერილის ავტორის მტკიცებით, სააკაშვილის შედარებით გაწონასწორებული ოპონენტები აღიარებენ, რომ ალტერნატივა უარესია.
სტატიაში 26 მაისის მოვლენებზეც არის საუბარი - მოთხრობილია, რომ თბილისის სტადიონზე ოპოზიციის მინიმუმ 60 ათასი მხარდამჭერი მივიდა, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ ოპოზიციის ლიდერებს დათმობისკენ მოუწოდა, რითაც უფრო ზომიერ ფიგურებს - მაგალითად, ირაკლი ალასანიას - შესაძლებლობა მისცა გამოსთიშოდა ქუჩის სამარცხვინო თეატრს.

”ეკონომისტის” წერილში ისიც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობს, თბილისის რკინიგზის ბლოკირება მოაწყო. სტატიის ავტორი ბურჯანაძეს საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და დამფინანსებლად მოიხსენიებს და იქვე აღნიშნავს, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პოლიტიკოსია. ბევრი მას საბჭოთა პერიოდის ნომენკლატურასთან აიგივებსო, წერს ავტორი.


”ეკონომისტში” გამოქვეყნებულ წერილში ისიც წერია, რომ ოპოზიციის სავალალო მდგომარეობამ არ უნდა გადაფაროს სააკაშვილის ნაკლოვანებები. საქართველოს საპოლიციო ძალები შეიძლება კორუმპირებულნი აღარ არიან, მაგრამ არც დამოუკიდებლობით გამოირჩევიან, ტელევიზია კი უწინდელზე ნაკლებად თავისუფალიაო. სტატიაში მოყვანილია ირაკლი ალასანიას სიტყვები, რომ სააკაშვილის ხელში დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული და რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ის ინსტიტუტებზე მეტად ახლო მოკავშირეების მცირე ჯგუფს ეყრდნობა. ავტორი განაგრძობს: სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ სააკაშვილმა ქვეყანა ნაჩქარევად ჩართო რუსეთთან ომშიო.

საქართველოს მომავალი იმდენადვეა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული, რამდენადაც შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეო, წერს ავტორი და განაგრძობს: 5 მაისს ქვეყანაში სამხედრო ამბოხი ჩაახშეს, რუსეთის ჯარის ერთ ნაწილს კი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა - საქართველოს დემილიტარიზაცია და სააკაშვილის ჩამოგდება - სურსო.

”ეკონომისტში” გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს ნათქვამია, რომ რუსეთი კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მასშტაბური სამხედრო

წვრთნის ჩასატარებლად ემზადება. ასეთივე წვრთნა უძღოდა წინ გასულ ზაფხულს მომხდარ ომსო, წერს ავტორი და განაგრძობს: ომიდან ცხრა თვის გასვლის შემდეგ რუსეთის ჯარი ჯერაც არ დაბრუნებია ომამდელ პოზიციებს, როგორც ეს საერთაშორისო საზავო შეთანხმებაშია გათვალისწინებულიო. ერთ-ერთი ადგილი, სადაც რუსეთის ძალები კვლავაც იმყოფებიან, ახალგორია, რომელიც თბილისს იოლად ხელში ჩასაგდებს ხდისო. ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ძალა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც გაზარდა.




რუსეთის ზუსტი სამხედრო ძალის დადგენა რთული საქმეაო, წერს

”ეკონომისტში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და დასძენს: ევროკავშირის დამკვირვებლებს მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეუძლიათ მოქმედება, ახალ საზღვრებს კი რუსეთი აკონტროლებსო. იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში მუშაობა აუკრძალა ეუთოს, რაზეც დასავლეთმა, დიდწილად, თვალი დახუჭაო.

”რუსეთმა შეიძლება არ დაიწყოს ახალი ომი. მან იცის, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს საქართველოში პრორუსული მთავრობის დანიშვნას. მაგრამ იმის მიუხედავად, სააკაშვილი იქნება თუ არა, დისფუნქციური და არასტაბილური საქართველო, რომელიც დასავლეთისთვის ტვირთი იქნება, კრემლის ინტერესებს უპასუხებს”, - ასე ამთავრებს ”ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიის ავტორი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG