Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ავ-კარგი


ამომრჩეველი კაბინას ტოვებს
ამომრჩეველი კაბინას ტოვებს
ხელისუფლების წარმომადგენლები ძველებურად კატეგორიულად უარყოფენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, მაგრამ პრეზიდენტის უშუალო გარემოცვასთან დაახლოებული წრიდან უკვე ჟონავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნები ადრეულ შემოდგომას არ გადააცილებს და, შესაძლოა, ზაფხულშიც დაინიშნოს.

საპროტესტო მოძრაობის ახალი ტალღის დაწყებისთანავე ცხადი იყო, რომ ხელისუფლების დათმობების ზედა ზღვარი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გაივლიდა. დღემდე არც ერთ ხელისუფალს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგშია და რომ მიხეილ სააკაშვილი ამისთვის კარგა ხანია ემზადება, თუმცა სოფლად თითოეულ ოჯახში დარიგებული თითო ტომარა სასუქი; თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა, რომელსაც პრეზიდენტის საჩუქარი ჰქვია; ხუთლარიანი დაზღვევა და „რუსთავი 2“-ში დამზადებული კლიპები გამოცდილ ადამიანებს უტყუარად მიანიშნებს, რომ არჩევნები ახლოვდება.

განმუხტავს თუ ვერა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღეს არსებულ დაძაბულობას? – ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი ისევ და ისევ ხელისუფლებამ უნდა გასცეს. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაციონალური მოძრაობა შედეგების 10-15%-ზე მეტს არ გააყალბებს, პარლამენტში უმრავლესობით ოპოზიციური პარტიები მოვლენ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება და დადებითი შედეგიც მაშინ დადგება, თუკი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საზოგადოების რეალური განწყობების მიხედვით დაკომპლექტდება. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა. იმის მიუხედავად, თუ როგორ აფასებდნენ უცხოელი დამკვირვებლები საქართველოში ჩატარებულ ამა თუ იმ არჩევნებს, ყოველთვის ყველა ხელისუფლება ცდილობდა, არჩევნები წინასწარ დაგეგმილი შედეგით დაესრულებინა. ახლაც შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არდანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართ უნდობლობა უკვე არსებობს როგორც ოპოზიციის, ისე საზოგადოების ერთ ნაწილში.

ბუნებრივია, თუ არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლება კარგად დათვლის, ასჯერ გაზომავს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებს. თუ საპროტესტო მოძრაობიდან მომდინარე საფრთხეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სერიოზულ წონას ანიჭებენ, მაშინ ვითარების განმუხტვისთვის ისინი შეეცდებიან, ფორმალურად დათმონ უმრავლესობა, მაგრამ, ფაქტობრივად, გააკონტროლონ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. თუ ნაციონალური მოძრაობა საფრთხეს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაშინ მმართველი პარტია ძალას არ დაიშურებს, რომ არჩევნები ყველა გზით და საშუალებით მოიგოს, როგორც ეს მოხდა შარშან, 21 მაისს.

ვთქვათ, ხელისუფლება საფრთხეს ბოლომდე აცნობიერებს და თუნდაც ფორმალურად უკან იხევს. როგორ უნდა აკონტროლოს პრეზიდენტმა პარლამენტი, რომელშიც მმართველ პარტიას მანდატების უმრავლესობა არ ექნება?

ხელისუფლებას ჰყავს სატელიტი პარტიები, რომლებიც პარლამენტში უსათუოდ მოხვდებიან. ცხადია, ბარიერის გადალახვის შანსი ექნებათ იმ პარტიებსაც, რომლებიც ხელისუფლებას გულწრფელ, მაგრამ ზომიერ ოპონირებას უწევენ. ოპოზიციური პარტიების შედარებით რადიკალურად განწყობილი ნაწილი საერთოდ უარს იტყვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. მათი ლიდერები პრეზიდენტის მხრიდან დათმობას შეაფასებენ, როგორც დროის გაწელვის და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობას. თუ ამ სამ სეგმენტს თავად ნაციონალურ მოძრაობასაც დავამატებთ, ბუნებრივად მივიღებთ ძალთა იმგვარ განლაგებას, რაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ოპოზიციისთვის. საკითხავი მხოლოდ ისაა, შექმნილ ვითარებაში დაუშვებს თუ არა პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არჩევნების თუნდაც ფორმალურ წაგებას.

ამ ვითარებაში ახალ პარლამენტში პოლიტიკური განწყობების სრულად და ადეკვატურად ასახვის შესაძლებლობა ძალიან დაბალია, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოსურნეები, სავარაუდოდ, კვლავ ქუჩაში დარჩებიან. თუმცა, მეორე მხრივ, არჩევნების დანიშვნა მომხრეებს გაუმრავლებს იმ პარტიებს, რომლებიც მასში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ, რადგან დაძაბულობის თუნდაც დროებითი განმუხტვა ბევრი მოქალაქის სურვილია.

ასე რომ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ძლიერი მხარეა ვითარების დროებითი განმუხტვა; სუსტი მხარე კი ისაა, რომ საბოლოოდ ხელისუფლება ვერ დათმობს უმრავლესობის კონტროლს პარლამენტში და დიდი დრო არ დასჭირდება იმის გამოაშკარავებას, რომ ორთაბრძოლის მორიგ რაუნდსაც არჩევნების დიდოსტატი მიხეილ სააკაშვილი მოიგებს.
XS
SM
MD
LG