Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია დიპლომატებისგან ჯარში არსებული ვითარების კონტროლს ითხოვს


ოპოზიციის ლიდერები თავდაცვის სამინისტროს წინ
ოპოზიციის ლიდერები თავდაცვის სამინისტროს წინ
ოპოზიცია თემატური ბრიფინგების სერიას განაგრძობს. 2 ივნისს 9 აპრილის ორგანიზატორი პარტიების ლიდერები თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართეს - ისინი მათ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სადამსჯელო ღონისძიებებზე რეაგირებას და კონტროლს სთხოვენ.

ოპოზიციის ლიდერები ამჯერად თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და საგანგებო მიმართვა წაიკითხეს. მიმართვის ადრესატი საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციებია - პოლიტიკური ლიდერები სწორედ მათ სთხოვენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ განუკითხაობაზე კონტროლს. მიმართვის ტექსტი მედიას რესპუბლიკელმა ირაკლი ბათიაშვილმა გააცნო: ” 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დისკრედიტებული წარმომადგენელი – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ე. წ. მუხროვანის ამბოხი ხელისუფლებამ მას შემდეგ გაითამაშა, რაც საჯარისო ნაწილების პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვა და საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენება მოინდომა.”

ბათიაშვილის თქმით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ დაკავებულია 32 ადამიანი, სამხედროების ნაწილი - მათ შორის, კვალიფიციური პერსონალი - სამსახურიდანაა დათხოვნილი, სპეცოპერაციის დროს დაღუპულია ერთი ადამიანი. ჩამონათვალი გრძელია. არსებობს ეჭვი, აცხადებს ოპოზიცია, ”რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული ნგრევა ჯარის, რომლის ჩამოყალიბებაში ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი საბიუჯეტო სახსრები და პარტნიორი ქვეყნების სოლიდური დახმარება ჩაიდო. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ სააკაშვილს.”

ასეთი იყო მიმართვის ტექსტი. გაჩნდა კითხვა: რისთვის უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას იმ ჯარის ნგრევა, - მით უმეტეს, მიზანმიმართული, - რომლის დაფინანსებაშიც ბიუჯეტიდან მილიონები ჩაიდო? ოპოზიციის პასუხი, კონსერვატორ ზვიად ძიძიგურის პირით გამოთქმული, ასეთია: ”ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაიწყო ქართული ჯარის მიზანმიმართული ნგრევა, არის ჯარის პროტესტი და დაფიქსირება საკუთარი პოზიციისა, რომ ისინი არ დაუპირისპირდებიან საკუთარ ხალხს. მუხროვანის ნაწილმა ეს ღიად დააფიქსირა და სწორედ ამას მოჰყვა ის სამხედრო პოლიტიკური სპექტაკლი, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ. ამის შედეგია მაღალი თანამდებობის სამხედროების დაპატიმრება და მათი წამება საპატიმროებში.”

სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ბათიაშვილი
”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ეს არ არის პროტესტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, არამედ უფრო თხოვნაა, ნუ ჩარევენ ჯარს პოლიტიკაში და დაიცვან ის: ”გვინდა ვთხოვოთ მათ, დაიცვან ჯარი, რადგან ჩვენ ვერ დავიცავთ ქვეყანას ჯარის გარეშე. ამიტომაც ვიცავთ ჩვენ ჯარს, რომ მათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.”

ეკა ბესელიამ კი ღია გამოძიება მოითხოვა: ”უნდა იყოს წარმოებული ღია გამოძიება და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რა ხდება სინამდვილეში და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დააწესონ ამაზე კონტროლი.”

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, რომელიც ყოვედღიურად იცვლის ფორმას და ადგილს, როგორც რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გვეუბნება, ე.წ. თემატური ბრიფინგები თუ აქციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, კონკრეტული პრობლემებზე საუბრით, კვლავ გაგრძელდება: ”შევეცდებით ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ბევრი თემა გამოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე.”

როგორც ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, 9 ივნისს ცოცხალი ჯაჭვის სამიზნე სამართალდამცავი სტრუქტურები იქნება: ”რუსთაველიდან ჩვენ დავიძვრებით პოლიციის მიმართულებით, სადაც გაკეთდება დიდი ჯაჭვი პოლიციის შენობის ირგვლივ.”

2 ივნისს გავრცელებული მიმართვის ტექსტი კი უკვე გადაეგზავნათ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთაშორისო პრესა აქტიურად აშუქებს მათ ყველა განცხადებას და ინიციატივას და უკვალოდ არაფერი იკარგება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG