Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ გორდონი ის კაცია?..


ფილიპ გორდონი
ფილიპ გორდონი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეხვედრებს 10 ივნისის დილიდან მართავდა. დღის განმავლობაში ის შეხვდა მთავრობის წარმომადგენლებს, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საღამოს ფილიპ გორდონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ბრიფინგი გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ის პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. დახურულ შეხვედრაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში მიმდინარეობდა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიაც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ფილიპ გორდონმა გამოთქვა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მხარი დაუჭირა პოლიტიკურ სტაბილურობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

გრიგოლ ვაშაძე და ფილიპ გორდონი
მანამდე, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ფილიპ გორდონმა თავისი ვიზიტის მიზანზე ისაუბრა - თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გაცნობოდა და ამავე დროს კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ამერიკის შეერთებული შტატების მხადრაჭერა საქართველოსადმი.

თუმცა, მან ასევე ახსენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას მხოლოდ საერთაშორისო სარბიელზე არ აპირებს - ამერიკა საქართველოს დემოკრატიის გზაზეც დაეხმარება.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური პროტესტი, რომ პოლიტიკური გარემო დაძაბულია და ვაფასებთ თავშეკავებულობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს ამ პროტესტთან მიმართებაში“ - ასე უპასუხა ფილიპ გორდონმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აფასებს ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და როგორ ესახებოდა მას კრიზისიდან გამოსავალი. ამ შეკითხვას საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა, რომელმაც ურჩია ჟურნალისტს სიტყვები პოლიტიკური კრიზისი ნაკლებად გამოეყენებინა.

გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგის დასაწყისში ახსენა, რომ ფილიპ გორდონთან მისი საუბარი ნაყოფიერი იყო - მოხარული ვარ შეგატყობინოთ რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კონკრეტული მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ნაბიჯ-ნაბიჯ სამოქმედო გეგმადო. თუმცა თავად ფილიპ გორდონს ქარტიაზე და მის გარდაქმნაზე ბევრი არაფერი უთქვამს. მან მხოლოდ ის განაცხადა, კვლავინდებურად გვერდში ვუდგავართ ქარტიას, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს და ველით მინისტრის ვიზიტს ვაშინგტონში, რათა დამატებით განვიხილოთ ამ ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტები და მისი გაღრმავების გზებიო.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვაშინგტონში მხოლოდ ვაშაძე არ მიუპატიჟებია. პარლამენტის წინ მიტინგზე ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, რომ ფილიპ გორდონმა ამერიკაში ისიც მიიწვია, ირაკლი ალასანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ გორდონის ვიზიტი მნიშვნელოვნად და საჭიროდ შეაფასა. მიტინგზე გოგა ხაინდრავამ თქვა, ფილიპ გორდონი ის კაცია, რომელიც რეალურად და სასიკეთოდ შეცვლის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს და კარგად ჩაანაცვლებს აქამდე მყოფ დელეგაციებს, მათ შორის მეთიუ ბრაიზას და სხვა, მისი თქმით, “უსარგებლო” დიპლომატებსო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG