Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოს პირობას უყენებს


გაეროს მისიისა და სამოქალაქო პოლიციის ერთობლივი პატრული გალის რაიონშიბ 2005 წლის იანვარი
გაეროს მისიისა და სამოქალაქო პოლიციის ერთობლივი პატრული გალის რაიონშიბ 2005 წლის იანვარი
დღეს, შუაღამისას, იწურება აფხაზეთში (საქართველოში) გაეროს მისიის მანდატი. შესაბამისად, 15 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისიისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭოს ბევრი რეზოლუცია აქვს მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი მათგანის მიღებას არ უძღოდა წინ ისეთი ვნებათაღელვა, როგორიც ახლა, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ... გენერალური მდივნის მოხსენებები კი, როგორც წესი, საფუძვლად ედება ხოლმე რეზოლუციის ტექსტებს. გენერალურმა მდივანმა თავის მოხსენებაში პირველად არ ახსენა საქართველო და არ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა - ყოველ ჯერზე. საქართველოს ხელისუფლებამ ბან კი მუნი გააკრიტიკა და აღნიშნა ისიც, რომ მისი მოხსენება რუსეთის შანტაჟის შედეგი იყო. საქართველომ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა გამოეხატა და, ასევე, მხარი დაეჭირა გაეროს მისიის გაძლიერებისთვის.გადაწყვეტილების შინაარსი სულ მალე გახდება ცნობილი.

სოხუმი და მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვენ გაითვალისწინოს აგვისტოს ომით შექმნილი ძალადობრივი რეალობა და გაეროს მისიას მანდატი გაუგრძელოს მხოლოდ და მხოლოდ ამ რეალობის გათვალისწინებით. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვი ოთხოვს, გაეროს მისიას აფხაზეთში აღარ ეწოდებოდეს "მისია საქართველოში". ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, პროგრამა მაქსიმუმია მისიას დაერქვას "მისია აფხაზეთში", მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ გაერო ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთმა ერთგვარი შუალედური მიდგომა შეიმუშავა. 12 ივნისს მისმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს შესთავაზა ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ შემუშავებული პროექტის საკუთარი, ალტერნატიული, ვარიანტი, რომელშიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ”გათვალისწინებული იყო გარკვეული კონკრეტული ღონისძიებები აფხაზეთსა და საქართველოს საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად - მათ შორის, გაეროს მისიის მიერ მონიტორინგის ობიექტურად ჩასატარებლად. ეს წინადადებები ახლოს იყო გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებთან. რუსეთის პროექტში არ იყო პოლიტიზებული ელემენტები და ის შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი რეგიონში გაეროს საერთაშორისო წარმომადგენლობის შემდგომი ყოფნისთვის”. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს იმასაც, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში პარტნიორებმა 14 ივნისს უარყვეს რუსეთის შეთავაზება და საკუთარ კომპრომისულ ვარიანტად საქართველოში (აფხაზეთში) გაეროს მისიისთვის მანდატის ტექნიკურ რეჟიმში გაგრძელების წინადადება გამოიტანეს - უფრო სწორად, რეზოლუციის პროექტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სერგი კაპანაძის განმარტებით: ”არის ტექნიკური გაგრძელების პროქტი და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ახლა ბურთი არის რუსეთის მოედანზე და თუ რუსეთი დაბლოკავს, მაშინ საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიის დაბლოკვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთზე იქნება. ”

საქართველოში უშვებდნენ ორ ვარიანტს.

კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოს მოკავშირეების მიერ მომზადებულ პროექტზე, ის განიხილებოდა ახალი სრულფასოვანი რეზოლუციის პროექტად, ღიად ადასტურებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და მხარს უჭერდა გარკვეულ ცვლილებებს მისიის ფორმატში. პროექტი, საერთო ჯამში, ითვალისწინებდა საქართველოს მოთხოვნებს და იგი, თავისთავად, კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთისთვის. საქართველოში ელოდნენ ამას და ამიტომ უფრო მეტი ალბათობით ვარაუდობდნენ მისიისთვის მანდატის ტექნიკურად გაგრძელებას, როგორც ეს აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა. ასეთ შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭო იღებს ტექნიკურ რეზოლუციას და მანდატს აგრძელებს ავტომატურად, უშიშროების საბჭოს ძველი რეზოლუციების მითითებით, რეზოლუციებისა, რომლებიც გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უშიშროების საბჭოს დამოკიდებულებაში რაიმე ახალი სამართლებრივი ნიშნები არ ჩნდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი 15 ივნისის განცხადებაში ამბობს:

"შეგახსენებთ, რომ თებერვალში უკვე მოხდა მისიისთვის მანდატის ტექნიკურად გაგრძელება. რუსეთი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს გადახედონ თავის ინერტულ, პოლიტიზებულ პოზიციას, რომლითაც ხდება კავკასიელი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ რეგიონში სტაბილურობა. პოლიტიკური სიბრძნე მდგომარეობს არა თვალის დახუჭვაში, არამედ ახალი რეალობის გათვალისწინებით კონსტრუქციული მიდგომების შემუშავებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამიერკავკასიაში გაეროს მისიის ყოფნის ჩაშლაზე მთელი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენს პარტნიორებზე."

ეს არის რუსეთის მცდელობა გაეროს მისიის მანდატის საკითხი გამოიყენოს აგვისტოს ომის შედეგების ლეგიტიმიზაციისთვის. საქართველოში - კერძოდ, აფხაზეთში - გაეროს მისიას ის განიხილავს მისიად ამიერკავკასიაში და რეგიონში მის ყოფნა-არყოფნაზე პასუხისმგებლობას უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს აკისრებს. საქართველო დაინტერესებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მისიის ყოფნით, ამ ეტაპზე თუნდაც სუსტი მისიის შენარჩუნებით, მაგრამ არა იმის ფასად, რომ სანაცვლოდ გაეროს დოკუმენტებში აღარ ახსენონ საქართველო და აღარც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

საგულისხმოა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში საკითხის განხილვის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ეთერიდან უთხრა მსოფლიოს და საქართველოს, რომ რუსეთი არ შეცვლის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ და არ შეცვლის პოლიტიკას დანარჩენ საქართველოსთან.” ამ პოლიტიკურმა რეჟიმმა დანაშაული ჩაიდინა და ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო მასთან, მაგრამ საქართველოში ჩატარებული რომელიმე არჩევნების შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მივუბრუნდეთ სხვადასხვა საკითხების განხილვას იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი აირჩევს ახალ ხელმძღვანელობას, ისეთს, რომელიც შეძლებს მეგობრული დიალოგის წარმოებას რუსეთთან და საქართველოს სახელმწიფოს ახლო მეზობლებთან: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხებთან” - ასეთია დმიტრი მედვედევის პირობა.

რის სანაცვლოდ სთავაზობს ის ქართველ ხალხს ახალი ხელმძღვანელის არჩევას, ნათელია. სულ მალე კავკასიაში რუსეთის მორიგი საჩვენებელი, დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყება, ერთ-ერთი რუსი გენერლის განცხადებით, "საქართველოში ცხელი თავების გასაგრილებლად". ზუსტად ასე ითქვა შარშანაც, თანაც, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის განმარტებისას...
XS
SM
MD
LG