Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მეგობართა ჯგუფი" ღრმა სინანულს გამოთქვამს რუსეთის ვეტოს გამო


გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი ღრმა სინანულს გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, ვეტო დაედო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა მისიის მანდატის დასრულება 15-წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ. მეგობართა ჯგუფმა, რომელშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, საქართველოში გაეროს მისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ გაეროს მისიის დახურვა, ისევე როგორც ეუთოს მისიის საქმიანობის შეწყვეტა, სერიოზულ დარტყმას აყენებს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. განცხადების ავტორები ყველა მხარეს მოუწოდებენ, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაიცვან 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის საზავო შეთანხმებათა პირობები. „მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარეს, ყოველი ღონე იხმარონ კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური მოგვარებისთვის და გაჭირვება შეუმსუბუქონ ლტოლვილებსა და იძულებით ადგილნაცვალ პირებს“, ნათქვამია განცხადებაში. გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის საქმიანობას. დოკუმენტის ბოლოს მისი ავტორები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
XS
SM
MD
LG