Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხის რაიონში აფეთქების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონეს მოსაზღვრე სოფელ მუჟავაში, რომელიც წალენჯიხის რაიონს ეკუთვნის, გამთენიისას აფეთქება მოხდა. დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონი", რომლის მეშვეობით, საქართველო რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებს. სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელმა ბიძინა ჭყონიამ ჟურნალისტებს დაუკონკრეტა, რომ დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზის 22-ე ანძა. სოფელ მუჟავის რწმუნებულმა მამუკა ჩხაპელიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ე.წ. რევერსული ხაზი, რომელიც სტავროპოლის მხარისკენ გადის, აფეთქებისას გამორთული იყო. რწმუნებულის ინფორმაციით, გამთენიისას 4-5 აფეთქება მოხდა.

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის სასწრაფო დახმარების მანქანა
დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოფელ მუჟავაში პოლიციის საგუშაგო რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ყუმბარმტყორცნით დაიცხრილა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავად სოფლიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ მუჟავაში ქართული პოლიციის მუდმივი საგუშაგო არ არსებობს. სოფლის რწმუნებულის მამუკა ჩხაპელიას განცხადებით, მუჟავაში „პიკაპებით“ პატრულირებენ სამართალდამცველები, რომლებიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში არიან დისლოცირებულნი. მუჟავაში დღეს მომხდარ აფეთქებასა და სროლასთან რაიმე კავშირი გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს სოფელ მუჟავაში, ევროკავშირის მეთვალყურეთა პატრულირებისას, მათი თანხმლები სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა. დაიღუპა ავტომობილის მძღოლი და დაშავდა ექიმი. გარდაცვლილის ოჯახს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს სამძიმარი გამოუცხადა. მისივე შეფასებით, არასერიოზულია, თუკი მსგავსი ფაქტებით რუსეთი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის დაშინებას ცდილობს. თავის მხრივ, მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 21 ივნისს განაცხადა, რომ დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.

შეუიარაღებელ მეთვალყურეებზე თავდასხმას ჰაბერმა სრულიად მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მათ შეუფერხებელი პატრულირების მანდატი აქვთ.
XS
SM
MD
LG