Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია დასავლეთიდან დაფინანსებას ელის - ხელისუფლება წყაროს დასახელებას ითხოვს


არასაპარლამენტო ოპოზიციის ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად ძალაში დღეიდან, 22 ივნისიდან, შედის, ურთიერთკოორდინაციის რეჟიმში ცალკეული პარტიული სქემების ამოქმედებასაც გულისხმობს. უმთავრესი კი ამ სტრატეგიაში ისაა, რომ ოპოზიცია საზაფხულო რეჟიმზე გადასვლას არ აპირებს და ხელისუფლებასთან მშვიდობიანი ფორმებით ბრძოლის გაგრძელებას წყვეტის გარეშე გეგმავს. მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობისთვის მზადყოფნას აცხადებენ დეპუტატებიც.

რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა მუშაობა მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა დაასრულოს. პარლამენტის ბიუროც 22 ივნისს, ძირითადად, სამუშაო კვირის საკითხების შესაჯერებლად შეიკრიბა, თუმცა საჯარო განსჯის საგნად, უმთავრესად, 2 საკითხი იქცა: საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი კარის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით დაზიანება და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, განცხადება უცხოეთიდან ფინანსური დახმარების შესაძლო მიღების თაობაზე. პირველთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. გავრცელდა ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ოპოზიციის მხარდამჭერია. თავის მხრივ, ოპოზიციის რიგებიდან ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ 21 ივნისის ღამეს პარლამენტთან ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოებასაც ისღა დარჩენია, ობიექტურობის იმედი ჰქონდეს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარის შეფასებისას ცეცხლმოკიდებული პარლამენტის, როგორც სამოქალაქო დაპირისპირების, სიმბოლო, როგორც ჩანს, შემთხვევით მაინც არ ახსენა. მან მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, არ გადავიდნენ ზღვარს მაშინ, როდესაც საქმე სახელმწიფო ინტერესს ეხება.

პარლამენტის მიერ სწორედ ამ ზღვრის გადაბიჯების საფრთხედ იქნა მიჩნეული ლევან გაჩეჩილაძის 19 ივნისის განცხადებაც, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლემიკის კიდევ ერთ აქტუალურ საგნად იქცა. 19 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ლევან გაჩეჩილაძემ, კერძოდ, თქვა, რომ საზღვარგარეთ ოპოზიციური აქტივობების განსახორციელებლად ფინანსების მოზიდვის მიზნით იმყოფებოდა:

“გაიგოს ხელისუფლებამ, დიახ, ფულის საშოვნელად ვიყავი წასული. რაც არ უნდა დაარქვან ამას, მე ვიცი, რომ ჩემს სახელმწიფოსთან და ჩემს თავთან ვარ მართალი. დრო მოვა და ვიტყვი, რა და როგორ.“

ლევან გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ ფინანსურმა დახმარებამ საპროტესტო მოძრაობას ახალი და გადამწყვეტი ბრძოლისათვის საჭირო ძალა მისცეს, პარლამენტის ბიუროზე კი უმრავლესობის წარმომადგენლებმა პარლამენტსგარეთა ოპოზიციის ლიდერს ფინანსების წყაროს დასახელება მოსთხოვეს. დეპუტატმა შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძემ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი და განუმარტოს მას, რა თანხებზეა საუბარი, საიდან და როდის შემოვა დახმარება და როგორ გადაკვეთს იგი სახელმწიფოს საზღვრებს.

მანვე ოპოზიციის დასახმარებლად დასავლეთიდან მოზიდული ფინანსებით დაინტერესება სამართალდამცავ ორგანოებსაც სთხოვა. ხაზი გაესვა ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ თანხების ხარჯვაზე საკანონმდებლო რეგულირების გაძლიერების აუცილებლობას. კონტრარგუმენტები გაისმა არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებიდანაც. მემარჯვენე მამუკა კაციტაძე განმარტავს, რომ ლევან გაჩეჩილაძე ფიზიკური პირია და დაფინანსების გამო, მოქმედი კანონმდებლობით, მას პასუხს ვერ მოსთხოვენ.

ოპოზიცია, თავის მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე კვირიდან საპროტესტო მოძრაობის განახლებული სტრატეგიით გაშლას იწყებს:

„ვიდრე ერთიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების საკითხი გადაწყდება ან არ გადაწყდება, საკოორდინაციო რეჟიმი რჩება ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და აქციებში, რომლებიც იგეგმება, პარტიები მონაწილეობას მიიღებენ იმის მიხედვით, მიაჩნიათ თუ არა საჭიროდ ეს აქცია. რამდენიმე ღონისძიება ერთობლივად უკვე დაგეგმილია.“

როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ, გვითხრა, ეგრეთ წოდებული ახალი ტალღის პირველი ღონისძიება იქნება პარასკევს, 26 ივნისს. წამების საერთაშორისო დღეს პარლამენტსგარეთა ოპოზიცია აქციას დევნისა და უკანონო დაპატიმრებებისადმი პროტესტის ნიშნად გამართავს; საპროტესტო აქციების 3 თვის თავზე, 9 ივლისს, ოპოზიცია სასამართლოს წინ შეიკრიბება, კიდევ ერთი მრავალრიცხოვანი აქცია კი 7 აგვისტოს ერთი წლის წინათ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების დაგმობის ნიშნად გაიმართება. პარალელურად, შენარჩუნებული იქნება ყოველდღიური საპროტესტო მუხტი - პარლამენტის შენობის წინა მოედანზე საინფორმაციო მიტინგების ჩაგდებას ოპოზიცია ერთი დღითაც კი არ აპირებს.
XS
SM
MD
LG