Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი აფხაზეთში რუსეთის ბანკების უკანონო ქმედებებს აპროტესტებს


დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა აფხაზეთში რუსეთის ბანკების უკანონო საქმიანობის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ბანკების - მათ შორის, ვი–თი–ბი ბანკის - საქმიანობის შეჩერებას მოითხოვენ და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განცხადების გაგზავნას აპირებენ. ვი–თი–ბი ბანკი, რომელიც საქართველოში ოფიციალურად საქმიანობს, ბრალდებებს უარყოფს. რომელი ბანკები არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე და როგორ ებრძვის მათ ოფიციალური თბილისი?

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რამდენიმე დღეში, საქართველოს პარლამენტთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ბანკების უკანონო საქმიანობის შეჩერება მოითხოვონ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესსაქმიანობა იკრძალება. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის მედიაცენტრის დირექტორის რაულ ქირიას განცხადებით, აფხაზეთში საბანკო ოპერაციებს ისეთი ბანკიც კი აწარმოებს, რომლის შვილობილი კომპანია საქართველოშიცაა.
„რამდენიმე ათეული ბანკი ახორციელებს საბანკო საქმიანობას და მათ შორის არის ვი–თი–ბი ბანკიც, რომელიც ერევანში იყენებს ტრანსფერს და აფხაზეთში ფულის გადარიცხვას სისტემა მიგომის საშუალებით ახორციელებს.“
ინტერნეტის საძიებო სისტემების არქივებში მართლაც მოიძებნება ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვი–თი–ბის ერევნის ფილიალი საბანკო ოპერაციებს აფხაზეთშიც ახორციელებს, მაგრამ ეს ინფორმაცია უკვე აღარ არსებობს ამჟამად მოქმედ ვებსაიტებზე.
აფხაზეთთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს საქართველოში ვი–თი–ბი ბანკის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია.
„არც ვი–თი–ბი ბანკი და არც ვი–თი–ბი ჯგუფი აფხაზეთთან არ თანამშრომლობს“, – აღნიშნავს ნიკოლოზ შურღაია.
დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, აფხაზეთში რუსეთის ბანკები, ძირითადად, ფულის გათეთრებით არიან დაკავებული. ისინი ნარკობიზნესიდან თუ სხვა უკანონო საქმიანობიდან მიღებული ფულის გადარიცხვებს აწარმოებენ. აფხაზეთში საბანკო ოპერაციებს ამჟამად რუსეთის 20–მდე ბანკი ახორციელებს. მათი რაოდენობა ადრე 32 იყო, მაგრამ, ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ბანკების რაოდენობა შემცირდა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, წლების წინ, საერთაშორისო სანქციების შიშით, რუსეთის რამდენიმე მსხვილმა ბანკმა აფხაზეთში საქმიანობა შეწყვიტა.

შოთა მალაშხიას არ აქვს ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე ვი–თი–ბი ბანკის არსებობის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ბანკს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედების ლიცენზია აქვს და მას, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობაც შეუძლია.
XS
SM
MD
LG