Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარულ მოსმენას ბათუმელები სიახლედ არ მიიჩნევენ


თბილისში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, დღეს ბათუმშიც გამოეხმაურნენ. „ეროვნული ფორუმის“ წევრი ზურაბ ცისკარაძე გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულიდან ასლან აბაშიძის ოპონენტი იყო. მისი თქმით, იმ პერიოდში აჭარაში საკმაოდ ბევრი ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ უსმენენ. თავად ზურაბ ცისკარაძე ფიქრობს, რომ 1995 წლიდან უსმენენ. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ცისკარაძემ გაიხსენა ავტონომიის ყოფილი უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლისგან 2002 წელს მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მის საცხოვრებელ სახლში თანამედროვე მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული. ზურაბ ცისკარაძემ ისიც გაიხსენა, რომ ასლან აბაშიძის მმართველობისას პრობლემები შვილის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილების გამოც შეექმნა. „აქ, აჭარაში, მაგას ჩვენ უკვე შეჩვეულები ვართ“ - ამბობს „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი.
მოსასმენი აპარატურის თემამ ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტუალობა 1995 წლიდან შეიძინა. ამ დროიდან დაიწყო შიშის და „ჩურჩულით ლაპარაკის პერიოდიც,“ რომელიც ჟურნალისტ ლელა დუმბაძის შეფასებით, არც შემდეგ გამქრალა. ის ამბობს, რომ ადამიანებს დღესაც ურჩევნიათ საკუთარი აზრი ხმამაღლა არ გამოთქვან, რადგან შემდეგ პრობლემების ეშინიათ.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რამდენიმე ბათუმელმა დღეს ისიც გაიხსენა, რომ ასლან აბაშიძის მმართველობისას ფარული ვიდეო და აუდიო საშუალებებით მოპოვებული კომპრომატების მსხვერპლთა შორის მიხეილ სააკაშვილიც აღმოჩნდა. ფარულად გადაღებულ კადრებს აჭარის ტელევიზია მაშინაც არცთუ იშვიათად აჩვენებდა. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მაშინაც და დღესაც კომპრომატებზე სპეცსამსახურები მუშაობენ.
თუმცა, გამოკითხულ ბათუმელთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მოსმენა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მართალ ადამიანს რეალურად ვერაფრით დააზარალებს. „მე არაფრის მეშინია და იმას ვლაპარაკობ, რაც მსურს. თუ ქვეყანაში სამართლიანობა იქნება, ვინმეს მოსმენას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“ - გვითხრა დღეს ერთ-ერთმა ბათუმელმა.
XS
SM
MD
LG