Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციები იმართება


დღეს ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების მორიგი რაუნდი იმართება. ქართული დელეგაცია სამშაბათს გაემგზავრა ჟენევაში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო უწყების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გია ბარამია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

ჟენევაში საქართველო 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულებას მოითხოვს

ჟენევის მოლაპარაკების დროს საქართველოს მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპოლიციო და სამშვიდობი ძალების განლაგების აუცილებლობის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად ამოქმედებისა და იმ პრობლემების გადახედვის საკითხს დასვამს, რის გამოც ეს მექანიზმები კარგად ვერ მოქმედებს. აღნიშნულის გარდა, საქართველო კიდევ ერთხელ მოითხოვს 12 აგვისტოს ხელშეკრულების სრულ შესრულებას – რუსეთის მიერ ახალგორის, პერევისა და კოდორის ხეობის უპირობო დატოვებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 ივნისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ”ახალი სიტუაცია საჭიროებს სერიოზული გააზრებას, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით”.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. მისი მტკიცებით, ქართული ძალები ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს მანევრირებენ.

”საქართველოში შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის შენარჩუნების, მისი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუარესების ფონზე ამან შეიძლება დაძაბულობის ახალი აფეთქება გამოიწვიოს,”- აცხადებს მოსკოვი.

”ასეთ პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ძალის არ გამოყენების თაობაზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გაფორმების საჭიროება საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის,”- ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG