Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელის ედუარდ კოკოითი დე-ფაქტო პარლამენტის კომუნისტი სპიკერისგან?


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართა, ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ედინსტვომ“ მიიღო და შესაბამისად, სპიკერის პოსტიც ეკუთვნოდა. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ პარლამენტს თავმჯდომარედ კომუნისტური პარტიის ლიდერის სტანისლავ კოჩიევის არჩევა შესთავაზა. მის კანდიდატურას მხარი 34-დან 22-მა დეპუტატმა დაუჭირა. თავად კოკოითიმ კი - საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ხელისუფლების უზურპაცია არ სურს. სამაგიეროდ, დე-ფაქტო პარლამენტის სამივე ვიცე-სპიკერის, კომიტეტების და კომისიების თავმჯდომარეთა პოსტები ძირითადად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიკავეს. პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევიდან მეორე დღეს, სტანისლავ კოჩიევმა ადგილობრივ მასმედიას განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს ექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც ხელისუფლების განაწილების პრინციპს დაადგენს და მთავრობას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულად აქცევს. ახალი კონსტიტუციით საპრეზიდენტო ვადის განსაზღვრის შესახებ, კოჩიევს არაფერი უთქვამს. დე-ფაქტო რესპუბლიკაში ამჟამად მოქმედი კონსტიტუციით, ედუარდ კოკოითის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2011 წელს ამოეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, მას პრეზიდენტობა მესამე ვადითაც სურს და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კოკოითის ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში კომუნისტებიც ადანაშაულებდნენ. თუმცა, დღეს ამ თემაზე ისინი აღარ საუბრობენ. ამიტომ, ცხინვალში მიიჩნევენ, რომ კოკოითი და კოჩიევი ერთმანეთს გაურიგდნენ. „გაეროს ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის შეფასებით, დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერად კოჩიევის დანიშვნით, კოკოითიმ მთელი შემადგენლობა დაიმორჩილა, რის შემდეგაც, მისთვის სასურველი საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის.

უახლოეს ხანში ცხინვალში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ახალი პროექტი უნდა მოამზადოს.

ამასთან, მოსკოვში სულ უფრო ძლიერდება ედუარდ კოკოითის ოპოზიცია, რომელიც ყოფილი ბიზნესმენის ალბერტ ჯუსოევის გარშემო ერთიანდება. ერთ დროს კოკოითის უახლოესმა მეგობარმა ჯუსოევმა, როგორც თავად აცხადებს, ბიზნესი გაყიდა და ამ თანხას სამხრეთ ოსეთში ხელისუფლების შესაცვლელად და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად გამოიყენებს. ჯუსოევთან ალიანსშია რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება და ცხინვალში „დიკის“ მეტსახელით იცნობენ. 2001 წელს კოკოითიმ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობას სწორედ თედეევის დახმარებით მიაღწია
XS
SM
MD
LG