Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო: “ბელორუსი ხალხი ღარიბად იცხოვრებს, მაგრამ არა დიდხანს”


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო
“ბელორუსი ხალხი ღარიბად იცხოვრებს, მაგრამ არა დიდხანს”- ეს ბელორუსიის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკოს, ერთ-ერთი გამონათქვამია. პოლიტოლოგები იკვლევენ, რას გულისხმობს ბელორუსი, “ევროპის უკანასკნელ დიქტატორად” შერაცხული პოლიტიკოსი, როცა მსგავს ფრაზებს წაროთქვამს - წამოსცდება ხოლმე ასეთი რამ თუ...? და არა მხოლოდ ფრაზები, მისი ქმედებებიც გამოცანაა ხოლმე. მინსკი მოსკოვის მოკავშირედ განიხილებოდა ყოველთვის, სანამ ის ევროკავშირთან აღმოსავლეთში პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერდა ხელს. ახლა კრემლმა ბელორუსია თითქოს დასაჯა და უმთავრესი საექსპორტო პროდუქტის - რძის ნაწარმის - შესყიდვაზე უარი უთხრა. ლუკაშენკოს ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვის მცდელობაა ჩვენი ბელორუსი კოლეგის, იური დრაკახრუსტის, საუბარი ორ პოლიტიკურ ანალიტიკოსთან - მინსკში ვლადიმირ პადჰოლთან და მოსკოვში ლეონიდ რაძიხოვსკისთან.

ამ საუბრამდე ლუკაშენკომ რუსეთის პრესას მისცა გრძელი ინტერვიუ, რომელიც ჩვენი თანამოსაუბრეებისთვის მასალაა ლუკაშენკოს შესაფასებლად. მინსკელი პოლიტოლოგი ვლადიმირ პადჰოლი ამბობს, რომ ლუკაშენკო არაფერს ამბობს დაუფიქრებლად, ყველაფერი აწონილ-დაწონილი აქვს:

“არ გეთანხმებით, ეს წამოცდენილი ფრაზები არაა. რასაც ამბობს, ყველაფერი მოფიქრებული აქვს. ამ ინტერვიუში, ლუკაშენკო პირველად აღიარებს, რომ როცა პრეზიდენტი გახდა, ღმერთი იწამა. თავიდან, როცა პრეზიდენტი გახდა, ეს შემთხვევითობად მიიჩნია. ახლა ამბობს, რომ ეს ღმერთისგან მიცემული ძალაუფლებაა. ლუკაშენკო მზადყოფნას გამოხატავს, დაეხმაროს პუტინს და მედვედევს რუსეთის მართვაში. არაფერი წამოსცდენია, ის თავის თავს რუსეთის მმართველად მიიჩნევს. აქვეა მისი მორალური სახე - ის ერის მამაა, რომელსაც თავისი შვილები უყვარს. საინტერესო ისაა, რომ ასეთი რამ ბელორუსებს არასოდეს გაუგიათ, წაუკითხავთ და უნახავთ. ის თავის თავს აცხადებს ბელორუსი ხალხის წამებულ ძედ, რომლის შვილები სახელმწიფო ბინაში ცხოვრობენ, რომელსაც არასოდეს აუშენებია თავისთვის სახლები, არასოდეს წაუღია ოჯახში სახელმწიფო ქონება. მან ბევრი საინტერესო რამ თქვა და არაფერია აქ წამოცდენილი.”

როცა ლუკაშენკოს რუსმა ჟურნალისტებმა რუსეთის ფედერაციისა და ბოლორუსიის ურთიერთობაზე ჰკითხეს, მან პასუხად თითქოს იხუმრა, როცა თქვა: ჩვენ ერთი ერი ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა ყოველმხრივ ცუდიაო. ამ წამოცდენილს განმარტავს მოსკოველი პოლიტოლოგი ლეონიდ რადიხოვსკი, რომელმაც გვითხრა, არა მგონია, ეს წამოსცდენოდა - ხუმრობად ჟღერს, მაგრამ თუკი ლიტერატურული თვალსაზრისით შეხედავთ, მიხვდებით, რომ ეს ბრძოლა ორ ერს შორის საშინაო ბრძოლააო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ურთიერთობა ოჯახში საშინელი არ არის, ეს უკვე კარგია:

“დოსტოევსკის ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმაა: “ნეუმესტნოე საბრანიე” -“უადგილო შეკრება”. მის ყველა რომანში არის სცენა, როცა ახლო თუ შორეული ნათესავები იკრიბებიან და იწყება, როგორც დოსტოევსკი უწოდებს, “ვზაიმნოე იზლიანიე პამოი”, ანუ ერთმანეთისთვის ტალახის სროლა. ისინი ერთმანეთს შეურაცხყოფენ, სცემენ, ემუქრებიან, წვერით ითრევენ. ეს არის სლავურ-რუსული სადო-მაზოხისტური ფსიქოლოგიური ელემენტი, როცა ადამიანებს, რაც უფრო ხშირი ურთიერთობა აქვთ, მით უფრო სძულთ ერთმანეთი და რაც უფრო სძულთ ერთმანეთი, მით უფრო ძლიერია ეს ორმხრივი სიძულვილი და ურთიერთლტოლვა.”

რაძიხოვსკი იქვე განმარტავს ლუკაშენკოს ნაამბობს პუტინთან რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე საუბრის შესახებ. როცა ლუკაშენკო პუტინს რაღაცაში არ დასთანხმებია, მაშინვე თქვენობით მიუმართავს და უთქვამს, ასეთ რამეს ნუ მთხოვთ, ბელორუსიისთვის მე ვიზრუნებ, თქვენ რუსეთს მიხედეთო.

“ესეც იგივე შემთხვევაა: პატივმოყვარეობა შეელახა. ესეც იმავე სერიიდან არის, როცა ელცინს უთხრა, თქვენ 90 წლის ხართ, მე კი ორმოცისო. არც თვითონ იყო ორმოცის და ელცინსაც ბევრი უკლდა 90-მდე. ლუკაშენკოს სურს ხაზი გაუსვას თავის მნიშვნელობას, რუსეთის ლიდერებთან შედარებით. ეს არის ამ ადამიანის, როგორც პიროვნების, მნიშვნელობა, რომელიც არ შეესაბამება მისი სახელმწიფოს ზომებს.”

რაძიხოვსკი განმარტავს თავის ნაქვამს: ჩეჩნეთი სრულიად პატარა რეგიონია, მაგრამ მისი ლიდერი პოლიტიკურად ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პეტერბურგის ან როსტოვის, ან ჩრდილოეთ ოსეთის მმართველიო. იქვე ვთხოვეთ მასვე, აზრი გამოეთქვა იმაზე, თუ ვინ არის უფრო დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი, ლუკაშენკო თუ რუსეთის მმართველები:

“ გააჩნია, რა კრიტერიუმებით მივუდგებით. თუკი მისი ძალაუფლების აბსოლუტურობას ავიღებთ კრიტერიუმად, მაშინ ლუკაშენკოს ბევრად დიდი ძალაუფლება აქვს, მაგრამ თუკი ქვეყნის შესაძლებლობების გამოყენებაზე ვიფიქრებთ, რუსეთის მმართველებს მეტი საშუალება აქვთ, ბელორუსიასთან შედარებით, გამოიყენონ თავიანთი ქვეყნის დიდი შესაძლებლობები.”

ხალისით ლაპარაკობს რუსეთის და ბელორუსიის ლიდერების ურთიერთობაზე, “შენობით” და “თქვენობით” მიმართვაზე ვლადიმირ პადჰოლი, რომელიც სოჭის შეხვედრას იხსენებს და ლუკაშენკოს აზროვნების ფორმას კოლმეურნეობის მენტალიტეტს უწოდებს. პრესკონფერენციაზე ლუკაშენკოს უთქვამს, მე და პუტინს ერთმანეთის ისე კარგად გვესმის, ერთად შპალერის გაკვრას შევძლებდითო. მას ერთი მიზანი აქვს, ამბობს პადჰოლი, აჩვენოს, რომ პუტინზე უკეთესია, მედვედევზე უკეთესია.

“პუტინზე უკეთესია, მედვედევზე უკეთესია, უკეთესია ყველა დემოკრატ პოლიტიკოსზე. ამ ინტერვიუში უნიკალურ რამეს ამბობს: ჩვენ დანის პირზე გავდივართ დასავლეთის დემოკრატიასა და რუსეთის დემოკრატიას შორისო. ლუკაშენკო ფიქრობს, რომ მისი ტოტალიტარიზმი მართვის საუკეთესო ფორმაა. ამას აცხადებს და “შენობით” და “თქვენობით” მიმართვაზე ლაპარაკით სურს დაანახვოს ყველას, რომ პუტინი მის სიდიადეს აღიარებს.”

ჩვენმა კორესპონდენტმა რუს და ბელორუს ექსპერტებთან საუბარში არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა დაივიწყა და არც ევროკავშირთან ურთიერთობის გაფართოება, რამაც თითქოს მოსკოვთან მინსკის ურთიერთობის გაუარესება მოიტანა. ლუკაშენკოს რუსი ჟურნალისტებისთვის უკითხავს: რა, განა ცუდია დასავლეთის ბანაკში ჩემი სახით თქვენი კაცი გყავდეთო? პადჰოლი ასე ფიქრობს:

“რუსებს სულაც არ ადარდებთ აღმოსავლეთთან პარტნიორობა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი. ქარხნები გაჩერებულია, ხალხი სახელმწიფო ოფისებს უტევს, საჭმელი არ აქვთ. აღმოსავლეთთან პარტნიორობა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება არაფერ შუაშია. რძის პროდუქტების ომი სხვა საკითხია. ლუკაშენკოს უთქვამს: რუსეთის მთავრობამ მომთხოვა, რძის ქარხნები მოგვეცი და მერე შეძლებ რძის გაყიდვასო. მან კი უპასუხა: გადავღვრით ამ რძეს, დავიხოცებით და ამას კი არ ვიზამთო. ლუკაშენკო თავს წარმოადგენს ადამიანად, რომელსაც სურს გამოკვებოს რუსეთი, იქითკენ წარმართოს რძის მდინარეები, პუტინი და მისი გუნდი კი არ აძლევს ამის ნებას. ლუკაშენკო კლასიკური იმპერიული პოლიტიკოსია - უკეთესია, ვიდრე პუტინი, უკეთესია, ვიდრე მედვედევი. ეს ხატი, რომ პუტინი და ონიშჩენკო რძის მდინარეებს ზღუდეს უქმნიან, მას წარმოსახავს მამად, რომელსაც სურს რუსეთი გამოკვებოს, ისინი კი ხელს უშლიან.”

რუსი ექსპერტის აზრითაც, რუსებს არ ადარდებთ აფხაზეთის აღიარების საკითხი. მათთვის არაფერი შეიცვლება, აღიარებს თუ არა მინსკი ამ რეგიონებს. ეს ორი ქვეყანა - ასე უწოდებს საქართველოს სეპარატისტულ არეალებს ის -არასოდეს მიიღებს საერთაშორისოდ აღიარებულის სტატუსს. მინსკის მიერ მათი აღიარების ერთადერთი შედეგი ის იქნება, რომ დასავლეთი განაწყენდება ლუკაშენკოზე, რომ მან ეს გააკეთა კრემლის ზეწოლით. ეს რუსებს არ აინტერესებთ, ამბობს ის.

დაბოლოს, ექსპერტებს ვკითხეთ, როგორ უყურებენ ისინი ლუკაშენკოს გამონათქვამებს სხვადასხვა სფეროში თავის დამსახურებაზე, რაც არაა საყოველთაოდ ცნობილი. რა არის ეს, ლუკაშენკოს ტაქტიკა თუ ფილოსოფია?

ეს პოლიტიკოსის თავდაცვის ინსტინქტიაო, - ამბობს ბელორუსი პოლიტოლოგი, - ლუკაშენკო ცდილობს თავისი შეცდომები დამალოს და თავის დამსახურებებს გამოყოფსო. ლეონიდ რაძიხოვსკი კი ასე მსჯელობს:

“როგორც ყველა მსხვილ დიქტატორში (ლუკაშენკო კი მსხვილი დიქტატორია, თუმცა პატარა ქვეყანაში), მასშიც ორი არსებაა შერწყმული. ერთი მხრივ, სრულიად რაციონალური, ცხადი, უბრალო ადამიანური განსჯაა, მეორე მხრივ კი - ზემაღალი ემოციები. და მას შესწევს უნარი, დროულად გადაერთოს ხოლმე ერთიდან მეორეზე. სხვაგვარად მსხვილი ქარიზმატული დიქტატორი ვერ გახდები, თუკი არ გაქვს დიდი მსახიობის ნიჭი. თვითონ უნდა გჯეროდეს იმ თამაშისა, რომელსაც თამაშობ, თორემ სხვები არ დაგიჯერებენ.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG