Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია თავის მხარდამჭერთა დაშინების შედეგებზე საუბრობს


საპროტესტო აქცია გორში
საპროტესტო აქცია გორში
გორში ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერები აცხადებენ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს პოლიცია ტოტალურად უთვალთვალებს და ბევრი მათგანის დაშინებას ცდილობს. რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ პარტიის ზოგიერთმა წევრმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო და წევრობის შეჩერების განცხადება დაწერა. მისივე თქმით, გორში ოპოზიციის მხარდამჭერების თამაზ ტლაშაძისა და ზაალ გუდაძის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებისას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურობენ და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ.

მარტიდან დღემდე გორში პოლიციამ ოპოზიციის 7 მხარდამჭერი დააკავა. მათგან ხუთს სამართალდამცავების შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს. ბოლო ორ დაკავებულს კი, თამაზ ტლაშაძეს და ზაალ გუდაძეს, სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. ტლაშაძეს ნარკოტიკის, ხოლო გუდაძეს საბრძოლო მასალის შენახვა-გადატანაში ადანაშაულებენ. მათი დაპატიმრების შემდეგ, გორში საპროტესტო აქციას რესპუბლიკური პარტია და საზოგადოების წარმომადგენლები ყოველდღიურად მართავენ. სამართალდამცავთა პარალელურად, დაკავებულთა საქმეებს სახალხო დამცველის აპარატიც იკვლევს. საბოლოო დასკვნის შინაარსი მოგვიანებით გაირკვევა. მარტსა და აპრილში დაკავებული სამი პირის საქმე ომბუდსმენის ოფისმა უკვე შეისწავლა და ისინი პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადა. ერთ-ერთი მათგანი, თამაზ მაყაშვილი, რომელიც გაზაფხულზე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს, თავის ხელახლა დაკავებას, უფრო მძიმე ბრალდებით, არ გამორიცხავს, ამიტომ პრევენციულ ზომას მიმართა. მაყაშვილმა მოამზადა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აცხადებს, რომ კატეგორიულად ემიჯნება ნარკოტიკს და იარაღს და თუ მათი შენახვის ბრალდებით დააპატიმრებენ, ეს წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური აქცია იქნება.

ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, პოლიტიკურად აქტიური ბევრი ადამიანი, დაშინებისა და ზეწოლის გამო, პოლიტიკაში დარჩენაზე უარს ამბობს. თუმცა, მათივე შეფასებით, ადამიანის უფლებათა დარღვევა და განსხვავებული აზრის მქონეთა დაპატიმრება საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას ყოველდღიურად ზრდის, რაც, პირველ ყოვლისა, საშიში თავად ხელისუფლებისთვისაა.
XS
SM
MD
LG