Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-რუსეთის სამიტის პირველი შედეგები


ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე
ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო თავისი პირველი ვიზიტი მოსკოვში. ბარაკ ობამამ დღეს პირველი შეხვედრა გამართა თავის რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან. ზოგადად, ბარაკ ობამა აპირებს ორი ქვეყნის ურთიერთობის განახლებას - ამის აღმნიშვნელი ტერმინიც კი შეიქმნა, “გადატვირთვის” სახით. შეხვედრის პირველი დღე, მიმომხილველთა შეფასებით, ამ გზაზე გადადგმული პირველი პატარა ნაბიჯია.

მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები. თავიდანვე გეტყვით საქართველოს ფაქტორზე - იმაზე, რაზეც ორ სახელმწიფოს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. რუსეთსა და ამერიკის ურთიერთობაში განსაკუთრებულმა დაძაბულობამ იჩინა თავი შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რუსეთის არმია შეიჭრა საქართველოს - აშშ-ის მოკავშირე ქვეყნის - ტერიტორიაზე. არაერთი მიმომხილველი სწორედ ამ ფაქტორის გამო არ მოელოდა, რომ ბარაკ ობამა მიაღწევდა თავის მიზანს მთლიანად და გარღვევა მოხდებოდა. აი, რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ მედვედევთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე: “ჩვენ გულახდილი მსჯელობა გვქონდა საქართველოს შესახებ და მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი ღრმა რწმენა, რომ საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ. განვაგრძობთ რა საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით უთანხმოებების დაძლევაზე მუშაობას, შევთანხმდით, რომ არავის ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფლიქტის განახლება. და მომავალში უნდა ვილაპარაკოთ გულახდილად ამ უთანხმოებების მშვიდობიანად და კონსტრუქციულად მოგვარებისთვის.”

ანუ იმსჯელეს საქართველოზე - აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, პრაქტიკული ცვლილება არ არის, მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, როცა ობამა ამას აცხადებდა, რეაქცია არ ჰქონია. ძნელია რამის შეცვლა, რადგან ომი დასრულდა, მაგრამ რუსეთმა შემდეგ აღიარა ორი სეპარატისტული რეგიონი და შარშანვე ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, კონფლიქტისწინა პოზიციებზე დაებრუნებინა თავისი არმია, მოსკოვს დღემდე არ შეუსრულებია.
ორშაბათს აშშ-მა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესახებ, რომელიც შარშან სწორედ საქართველოში კონფლიქტის გამო შეწყდა.

კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ და მედვედევმა თავიდანვე აღნიშნეს, რომ დატვირთული იყო ეს სამუშაო დღე, რომლის მიზანია, აშშ-ის ინიციატივით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გადატვირთვა. ორივემ გაუსვა ხაზი იმას, რომ სასარგებლო და ღია საუბრები ჰქონდათ. ითქვა, რომ ბევრი საერთო წერტილია მათ შორის, რომ სრული პოტენციალი ურთიერთობისა ასათვისებელია.
დმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ბირთვული იარაღის შემცირების ახალი ხელშეკრულების შესახებ. ახალმა ხელშეკრულებამ უნდა შეცვალოს 1991 წელს დადებული სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულება. აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, შეამცირონ არსებული რაოდენობა ბირთვული ქობინებისა 1500-1675-მდე. ამავე შეთანხმებით, შემცირდება მათი მატარებლების რაოდენობა 500-1100 მდე. ახლანდელი ლიმიტი 1600-ია. ობამამ თქვა, რომ შემცირებული რაოდენობა მესამედია არსებულისა. მისივე თანახმად, იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება წელს იქნება მზად. რუსეთის პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, რომ, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მხრივ, აზრთა სხვადასხვაობა რჩება.
ორი პრეზიდენტი სათავეში ჩაუდგება ორმხრივ კომისიას ენერგეტიკის, ტერორიზმსა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის, ასევე ბიზნესისა და სამეცნიერო კავშირების გაფართოების შესახებ.

რუსეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა გასცა აშშ-ის ჯარის და იარაღის ავღანეთში გადასატანად.

პრესკონფერენციას, მართალია, უამრავი ჟურნალისტი ესწრებოდა, მაგრამ შეკითხვის დასმის საშუალება მხოლოდ რამდენიმეს მიეცა. უცხოელმა ჟურნალისტმა, ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტმა, ობამას ჰკითხა, თუ ენდობით მედვედევსო, და განუმარტა შეკითხვა: თქვენი აზრით, ვინ მართავს რუსეთსო?

ბარაკ ობამამ თქვა, რომ ის ენდობა მედვედევს და იცის, რომ ის პირობებს ასრულებს. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, მან თქვა, როგორც მე მესმის, პრეზიდენტი მედვედევი პრეზიდენტია, პრემიერ-მინისტრი პუტინი კი პრემიერ-მინისტრია და ისინი ინაწილებენ ხელისუფლებას რუსეთის მმართველობის ფორმის შესაბამისად, ისევე როგორც ჩვენ ვინაწილებთ ხელისუფლებას შეერთებულ შტატებშიო. ჩემი ინტერესია, პირდაპირ მქონდეს საქმე ჩემს კოლეგასთან, პრეზიდენტთან, და ასევე მქონდეს ურთიერთობა პრემიერ-მინისტრ პუტინთან და რუსეთის საზოგადოების ყველა გავლენიან სექტორთანო, თქვა ბარაკ ობამამ.

სალაპარაკო ბევრი ჰქონდათ მსოფლიოს ამ ორი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს. ზემოხსენებული საკითხების გარდა, მათ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ირანის საკითხზე, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის თემაზე; ამას გარდა, - ეს შეუთანხმებელ საკითხად ითვლება, - ანტისარაკეტო ფარის განთავსების გეგმაზე, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ამ სისტემის განლაგებას გულისხმობს და რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. დმიტრი მედვედევმა ადრე განაცხადა: თუ აშშ-ს სურს ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში კომპრომისზე უნდა წავიდესო. ბარაკ ობამამ ამ შეხვედრამდე გარკვევით თქვა, რომ ის უარყოფს რაიმე კავშირის არსებობას აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვასა და იარაღის კონტროლს შორის მოლაპარაკების დროს. მედვედევმა თქვა, ეს კავშირი უკვე არსებობს შეთანხმებული დოკუმენტების თანახმადო.

თავისი პოზიცია, რომ რუსეთთან ურთიერთობის განახლება სურს, ობამამ თავიდანვე გამოაცხადა. მან შეხვედრამდე განმარტა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ სურს იმ მიზნის მისაღწევად, რომ მოსკოვთან ურთიერთობა „გადატვირთოს“. მედვედევს არ შეხებია, მაგრამ პრემიერ-მინისტრ პუტინზე, რომელიც ასევე რუსეთის მმართველად მიიჩნევა, თქვა, ცალი ფეხით ცივი ომის ეპოქაში დგასო. ამას მოჰყვა პუტინის პასუხიც, რუსები ორივე ფეხით მომავალში დგანანო. სამშაბათს დილით ისინი ერთად ისაუზმებენ.

სამშაბათსვე ბარაკ ობამა აპირებს, მიმართვით გამოვიდეს აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ. თეთრი სახლი ამ გამოსვლას რიგით მესამედ მიიჩნევს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ოთხი გამოსვლიდან. არავინ იცის, როგორ შეხედავს მას რუსეთი. არც ის არის ცნობილი, გადასცემს თუ არა ამ გამოსვლას რუსეთის ტელევიზია.

ასევე სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს. გავრცელებული ცნობით, რუსეთის დედაქალაქის ის რაიონები, სადაც ობამა მოძრაობს, გადაკეტილია. მისი სასტუმრო კრემლის მახლობლადაა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG