Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სამხედროების კარვებმა იმატა


ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნი, ენგურის ხიდის გავლით, სამეგრელოს რეგიონის მიმართულებით ჯერჯერობით კვლავ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოძრაობენ. ამასთან, ენგურის ხიდიდან საკმაოდ კარგად ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან რუსი სამხედროების საველე კარვების რაოდენობამ იმატა. ამჟამად მინიმუმ 20 კარავია გაშლილი, დგას 2 ჯავშანმანქანა და ერთი ექსკავატორი. კვლავ გრძელდება გარკვეული სამშენებლო სამუშაოც. ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის მიმართულებით მომავალმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთისას ურთიერთობა მხოლოდ აფხაზ მესაზღვრეებთან ჰქონდა და მათ დაწესებული თანხაც გადაუხადა. მისივე ინფორმაციით, რუსი სამხედროები მოშორებით იმყოფებოდნენ.

„დაზღვეული არაფრით ვართ, არც აქეთ და არც იქით“ ,- ამბობს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთ საზღვრისპირა სოფელში რუსი სამხედროები კვლავ იმყოფებიან, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტს ერიდებიან.

ამასთან, ზუგდიდში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლას მკაცრად სწორედ რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მისივე ინფორმაციით, საზღვართან რუსებმა გრუნტის შემოწმება დაიწყეს, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობას გეგმავენ. თორნიკე კილანავას ინფორმაციით, ახალი სამხედრო ობიექტების მშენებლობას რუსეთი ოკუპირებულ სოფლებში - სიდასა და თაგილონში - აპირებს.
XS
SM
MD
LG