Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტების პრევენციის მიზნით შეხვედრებში მონაწილეობისთვის ცხინვალს ორი პირობა აქვს


ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი (მარცხნივ) მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს ვლადიმირ სმირნოვს მასპინძლობს
ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი (მარცხნივ) მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს ვლადიმირ სმირნოვს მასპინძლობს
კავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მეექვსე რაუნდისას, რომელიც ივნისში ჟენევაში გაიმართა, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 14 ივლისს დაინიშნა. მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ ორი პირობის შესრულებამდე გამორიცხა. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა, ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეთა არჩევამდე და შარშან ოქტომბერში დაკარგული სამი ოსი ახალგაზრდის მოძებნამდე შეხვედრები აღარ გაიმართება. ცხინვალი სამი ადამიანის გატაცებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და მათ მოძებნას ევროკავშირის მეთვალყურეებს სთხოვს, სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარედ კი დე ფაქტო ხელისუფლებას ან რუსეთის წარმომადგენლის ხილვა სურს, ან რიგრიგობით - ცხინვალისა და თბილისის. ჩოჩიევის განცხადებით, ამ ინიციატივას ქართული მხარე ეწინააღმდეგება.

ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არაერთხელ განაცხადა, რომ სამი ოსი ახალგაზრდა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ იმყოფება და მათ შესახებ არც ინფორმაცია არსებობს.

ივნისში ჟენევის დისკუსიის მეექვსე რაუნდის მთავარ მიღწევად აფხაზეთის მიმართულებით პრევენციის მექანიზმის ამუშავების შეთანხმება გამოცხადდა. სამაგიეროდ, ვითარება ცხინვალის მიმართულებით გამწვავდა. მეორე თვეა მხარეები სამუშაო შეხვედრის ჩატარებაზე ვერ შეთანხმდნენ. ინციდენტების პრევენციის ჯგუფის ბოლო შეხვედრა 29 მაისს სოფელ დვანში გაიმართა.
XS
SM
MD
LG