Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი კიბერომისთვის ემზადება?


სამხრეთ კორეაში გაძლიერებული რჩება უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვარაუდი, რომ ბოლო ხანებში სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვებგვერდების გათიშვის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას. ორ ქვეყანაში მოქმედ ვებგვერდებზე ”ბოტნეტად” წოდებული შეტევა ხორციელდება - ათასობით ვირუსით დაზიანებული კომპიუტერი ერთდროულად ცდილობს ვებგვერდებზე შესვლას, რაც ვებგვერდების გათიშვას იწვევს. თუმცა ის, თუ კონკრეტულად ვინ ახდენს ამგვარ თავდასხმას, შესაძლოა დანამდვილებით არასოდეს გახდეს ცნობილი.

შეერთებულ შტატებში კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ 4 ივლისის შემდეგ 14 მნიშვნელოვან ვებგერდზე განხორციელდა შეტევა - მათ შორის, თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვებგვერდებზე.

კიბერთავდასხმა კოორდინირებული ჩანს და, შეერთებული შტატების გარდა, სამხრეთ კორეაში მოქმედ ვებგვერდებს იღებს მიზანში. იქ კიბერშეტევამ, სულ მცირე, 11 ვებგვერდი დააზიანა - მათ შორის, პრეზიდენტის, თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდები და მთავარი ინტერნეტ-პორტალი Naver.com-ი. ვებგვერდები ან გაითიშა, ან ძალიან შენელდა.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურს კონკრეტული ეჭვმიტანილები არ დაუსახელებია, თუმცა მიანიშნა, რომ თავდასხმების უკან, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეა იდგეს.

შეტევებით გამოწვეულ ზიანს ექსპერტები ჯერჯერობით სერიოზულად არ მიიჩნევენ. შეტევის მომწყობებს არ მოუპოვებიათ რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაცია; შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეაში არ დაზიანებულა ინტერნეტის ინფრასტრუქტურა. მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფხენიანი კიბერომისთვის ემზადება.

სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, კვონ ტაი-შინმა, ხუთშაბათს სეულში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობა სამომავლო თავდასხმების მოსაგერიებლად ზომებს ატარებს. "არსებობს ვარაუდი, რომ კიბერტერორის უკან ჩრდილოეთი კორეა ან მისი მიმდევრები დგანან და, შესაძლოა, მეორე, მესამე თავდასხმაც განხორციელდეს," განაცხადა კვონ ტაი-შინმა და დასძინა, რომ ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნით მთავრობამ კიბერუსაფრთხოების მკაცრი ზომები უნდა აამოქმედოს.

ამერიკელი ექსპერტები კიბერთავდასხმებს ”ბოტნეტად” წოდებულ შეტევებად ახასიათებენ. ეს მეთოდი ჩამოჰგავს შარშან ზაფხულში, ომის დროს, საქართველოში მოქმედი ვებგვერდების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს - ისევე როგორც 2007 წელს, კრემლთან უთანხმოების დროს, ესტონეთის კიბერსივრცის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს.

იმის მიუხედავად, რომ, გავრცელებული ვარაუდით, საქართველოშიც და ესტონეთშიც კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა, ამ ბრალდების დადასტურება ვერ მოხერხდა.

ექსპერტების აზრით, დანამდვილებით თქმა, რომ ”ბოტნეტის” უკან მართლაც მტრულად განწყობილი მთავრობა დგას, ძალიან რთულია. ”ბოტნეტი” არ გახლავთ ის შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ჰაკერები სერვერზე შეღწევას და იქიდან ინფორმაციის მოპოვებას ახერხებენ. ”ბოტნეტს” იწვევს ვირუსი, რომელიც მსოფლიოში მოქმედ მილიონობით კომპიუტერში შეღწევის შემდეგ ამ კომპუტერებიდან სიგნალს ერთდროულად მიმართავს მიზანში ამოღებული ვებგვერდისკენ, რომელიც დატვირთვას ვერ უძლებს და ითიშება. როგორც წესი, მფლობელებმა არაფერი იციან მათი კომპიუტერის ვირუსით დაზიანების და, მით უფრო, კიბერშეტევაში მონაწილეობის შესახებ.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ფხენიანი ინტენსიურად მუშაობს კომპიუტერული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილოეთ კორეას მოეპოვება კომპიუტერის ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ”ბოტნეტის” მოწყობას შეძლებენ.

ბოლო პერიოდში ჩატარებული სარაკეტო და ბირთვული გამოცდების გამო, ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებით აკრიტიკებს. გასულ თვეში გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყანაზე დაწესებული სანქციები გაამკაცრა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კიბერთავდასხმა, შესაძლოა, ამ კრიტიკის მიმართ ჩრდილოეთ კორეის პროტესტის გამოვლინება იყოს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ის, რომ თავდასხმებში მართლა ურევია ფხენიანის ხელი, ჯერჯერობით საფუძვლიანი, მაგრამ მაინც ვარაუდის დონეზე რჩება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG