Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის “რუხი კარდინალი” ჩრდილიდან გამოდის და რეფორმების გატარებას გეგმავს


ვლადისლავ სურკოვი
ვლადისლავ სურკოვი

კრემლის მთავარ იდეოლოგად მიჩნეული პირი - ვლადისლავ სურკოვი - მედიასთან ურთიერთობას ყოველთვის გაურბოდა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში კი ხშირად ჩანს. ამ კვირაში ის რუსეთისა და შეერთებული შტატების ორმხრივ კომისიაში დანიშნეს, რასაც ოპოზიციისა და უფლებადამცველების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.

რა ხდება ვლადისლავ სურკოვის ირგვლივ?

კრემლის “რუხ კარდინალად” და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიჩნეული სურკოვი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება სახალხოდ, რაც, შესაძლოა, კრემლში მოახლოებულ ცვლილებებს მოასწავებდეს.

ბევრი ანალიტიკოსის ვარაუდით, კრემლის მთავარ იდეოლოგს ეკონომიკის კრიზისის ფონზე რეჟიმის მიმართ შერყეული რწმენის აღდგენა სურს.

ნიკოლაი პეტროვი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი, ამბობს: ”სურკოვი არქიტექტორია მთელი ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემისა, რომელიც ახლა რღვევას იწყებს. ამ პროცესის ადრეულ ეტაპზე, ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში, ის აცხადებდა, რომ არაფრის რადიკალური შეცვლა არ იყო საჭირო - უბრალოდ, მშვიდად უნდა დაეცადათ და ყველაფერი კვლავ ნორმაში ჩადგებოდა. ახლა კი თანდათან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ თავისით, ავტომატურად, ნორმალურ მდგომარეობას არაფერი დაუბრუნდება და სისტემას რაღაც ფორმით გადაწყობა ესაჭიროება.”

ეკონომიკის გლობალურმა კრიზისმა რუსეთის ენერგეტიკაზე დამყარებულ ეკონომიკას განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა. გაკოტრდა ქარხნები, შეჩერდა მშენებლობები და გაბრაზებული მოქალაქეები, სამუშაოს დაკარგვის გაპროტესტების მიზნით, ქუჩებში გავიდნენ.

აქამდე რუსეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიხარულით თანხმდებოდა,გაუმჯობესებული ცხოვრების დონის სანაცვლოდ, თავისუფლების გარკვეული ნაწილი დაეთმო, მაგრამ ეკონომიკის კრიზისმა ეს ე.წ. “სოციალური კონტრაქტი” დაარღვია და მნიშვნელოვნად შეარყია ძალაუფლების ის ვერტიკალი, რომელიც სურკოვმა და ვლადიმირ პუტინმა ბოლო ათწლეულის მანძილზე ააგეს.

ოფიციალური სტატუსით, სურკოვი პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილეა. ის წლების განმავლობაში კულუარებში მოქმედებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა და ლიბერალური რეფორმების გატარების მოწოდებებით გამოვიდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუკი გავიხსენებთ, რომ სწორედ სურკოვია ცნობილი “სუვერენული დემოკრატიის” ცნების ავტორი - ცნების, რომელსაც ბევრი კრემლის ძალაუფლების გაზრდას და სამოქალაქო თავისუფლებების დასუსტებას უკავშირებს.

ვლადისლავ სურკოვი და დმიტრი მედვედევი

შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვა: ვისი ერთგულია ახლა სურკოვი - თავისი ყოფილი უფროსის, კვლავაც ძლიერი ვლადიმირ პუტინის, თუ პრეზიდენტ მედვედევის, რომელსაც ბევრი მის წინამორბედზე უფრო ლიბერალად აღიქვამს?

მოსკოვში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ვიზიტისას სურკოვი რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის კომისიაში დანიშნეს. კონკრეტულად, მას კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების განყოფილება ჩააბარეს, რასაც რუსი უფლებადამცველების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

თუმცა სურკოვის ფიგურის ირგვლივ ცვლილებები ამ პოსტზე დანიშვნამდეც მოხდა. აპრილში მან უხელმძღვანელა კომისიას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო პირობების გაუმჯობესება ჰქონდა დავალებული; ივნისში ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გაუძღვა; ამავე თვეში, დუმაში სიტყვით გამოსვლისას, ის ლიბერალიზაციისა და სტაბილური, დემოკრატიული, მრავალპარტიული რუსეთის ჩამოყალიბების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, რუსეთი ამ ცვლილებებისთვის მომწიფებულია.

არადა, სურკოვი თავის დროზე თავად იყო არასამთავრობოთა მუშაობის შემზღუდავი კანონის ავტორი და ხელმძღვანელობდა კრემლის ცენტრალიზაციის პოლიტიკას.

უნდა ითქვას, რომ რუსეთში ბევრი ეთანხმება დემოკრატიზაციის სურკოვისეულ, ეტაპობრივ, გაგებას. მათ შორისაა ბორის ფილატოვი, ბორის ელცინის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

”ჭკვიანი კაცია - ამას ვერ დავუკარგავთ. ვითარება ესმის და ბევრ რამეში შეგვიძლია დავეთანხმოთ. ქვეყანაში განხორციელებული ნებისმიერი ეროვნული ტრანსფორმაცია სერიოზული საფასურის ხარჯზე ხდება, რაც დაძაბულობას და წინააღმდეგობას იწვევს ხოლმე. ამიტომაც ის ამის გაკეთებას ეტაპობრივად ცდილობს. ცხადია, ამ ყველაფრის ყურება უსიამოვნოა - გვესმის, რომ ეს არაა დემოკრატია. მაგრამ, მეორე მხრივ, დემოკრატია უნდა აშენდეს. თავისით მის განვითარებას უამრავი წელიწადი დასჭირდება.”

მაგრამ ბევრს ეჭვი ეპარება, რომ კრემლს დემოკრატიზაცია სურდეს. ამ სკეპტიკოსების აზრით, ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ რეჟიმის თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოვლინებაა და სხვა არაფერი.

”პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია გარდაუვალია - ეს უკვე ხდება, მაგრამ ხდება როგორც მიმდინარე ცვლილებებზე რეაქცია. ანუ ეს ლიბერალიზაცია ემყარება სისტემის სურვილს გადარჩეს ან გაჩენილ გამოწვევებს უპასუხოს. თუ სისტემა საკუთარი თავის რადიკალურ მოდერნიზაციას ვერ შეძლებს, ის კონტროლს დაკარგავს და მას სხვა სისტემა ჩაენაცვლება,” ამბობს პეტროვი.

სხვები უფრო შორსაც მიდიან და აცხადებენ, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემას მხოლოდ სურკოვისგან გათავისუფლება გადაარჩენს. ოპოზიციური მოძრაობა “სოლიდარობის” ლიდერი ილია იაშინი ამ მოსაზრებას ასე ასაბუთებს:

”ჩემი აზრით, სურკოვი ამ ქვეყნისთვის ძალიან საშიში ადამიანია, რომელიც მანიაკალურად ისწრაფის, გააკონტროლოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური თუ სოციალური პროცესი. ეს ძალიან საშიში თვისებაა პოლიტიკოსისთვის. სურკოვი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან ტრაგიკულ როლს თამაშობს - ის დიდწილადაა პასუხისმგებელი ბოლო წლებში მიმდინარე ძალაუფლების ნეგატიურ ცენტრალიზაციაზე. ვფიქრობ, ამ ადამიანის ამა თუ იმ ფორმით სამსახურიდან გაშვება ყველას ზეიმის საბაბს მისცემს.”

რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციისთვის სურკოვი უკვე დიდი ხანია მთავარი მტრის ხატს წარმოადგენს.

გავრცელებული ვარაუდით, სწორედ სურკოვია კრემლის ერთგული ახალგაზრდული რადიკალური მოძრაობა “ნაშის” დამაარსებელი. რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ სურკოვს დიდი გავლენა აქვს როგორც საკანონმდებლო ორგანოზე, ისე ქვეყნის სასამართლო სისტემაზე.

სურკოვი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა, - ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, მხოლოდ 44 წლის, - მაგრამ უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერული გზა აქვს გამოვლილი.

1990-იან წლებში ის ყოფილი ნავთობის მაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის, და ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანის მთავარი თანაშემწე იყო. 2005 წელს კი ჩუმად უცქერდა ხოდორკოვსკის დაპატიმრებას, რასაც, ფართოდ გავრცელებული აზრით, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ამან სურკოვს ცინიკური ოპორტუნისტის სახელი მოუტანა.

”სურკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე გააზვიადოს თავისი რეალური როლი," ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი ანდრეი პიანტკოვსკი. "სინამდვილეში, ის რიგიან განათლებას მოკლებული ტინგიცაა, რომელსაც თავი შავი პრინცი, რუსეთის კულუარული პოლიტიკის შემოქმედი ჰგონია. სურკოვი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა კაცია, მაგრამ უკვე მოასწრო ბევრი ადამიანის ღალატი და, ჩემი აზრით, ქვეყანას დიდი ზიანი მოუტანა. მას წინ გრძელი, მაძღარი, კომფორტული და სამარცხვინო ცხოვრება ელის.”

ოფიციალური ბიოგრაფიის პარალელურად, სურკოვის ფიგურის ირგვლივ მრავალი ხმა და ვერსია ვრცელდება.

4 წლის წინ მან თავად ჩააგდო რუსეთი შოკში, როდესაც განაცხადა, რომ მამა ჩეჩენი ჰყავდა, ჩეჩნეთში დაიბადა და ბავშვობაც იქ ჰქონდა გატარებული. არადა, კრემლის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, სურკოვი ლიპეტსკშია დაბადებული.

ამ აღიარებას რუსეთის მედიაში მრავალი სტატია მოჰყვა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ვლადისლავ სურკოვის ნამდვილი სახელი ასლამბეკ დუდაევი იყო.

სურკოვი კულტურის სფეროშიც მოღვაწეობს. მაგალითად, ის პოპულარული რუსული როკ-ჯგუფის, „აგატა კრისტის“, ორი ალბომის ავტორია. ამასთან, ვრცელდება ხმები, რომ სურკოვი, ვინმე ზოტოვის ფსევდონიმით, ბესტსელერ თრილერებსაც წერს.

ოპოზიციონერები და უფლებადამცველები კვლავ ჯიუტად მოითხოვენ მის გადაყენებას, მაგრამ სხვები აცხადებენ, რომ ეს რუსეთს არაფერს შემატებს.

პეტროვი, მაგალითად, ფიქრობს, რომ სურკოვმა,პოლიტიკის ვირტუოზმა არქიტექტორმა, თავისი წარსულის მიუხედავად, შესაძლოა, მართლა მოახერხოს გარკვეული ცვლილებების მოხდენა:

”მე მოვერიდებოდი სურკოვის დემონიზაციას ან მისი გავლენის გადაჭარბებულად წარმოჩენას. ვფიქრობ, უფრო ლოგიკური იქნებიდა მისი და მისი გუნდის უფრო კონსტრუქციულად გამოყენება ,იმიტომ რომ ვერ ვხედავ სხვა გუნდს, რომელიც პრობლემებთან გამკლავებას უფრო ეფექტიანად შეძლებდა. სურკოვს თუ პოლიტიკურ მენეჯერად განვიხილავთ, - იმ პირად, რომელმაც ხელისუფლების გარკვეული პრობლემები უნდა გადაჭრას, - ის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მუშაკია.”

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG