Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკრების და მანიფესტაციების წესების გამკაცრებას მხოლოდ ოპოზიცია არ აკრიტიკებს


საქართველოს კანონმდებლობაში მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლის თანახმად, მანიფესტაციების გამართვის წესი გამკაცრდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატიმრობის ვადა ერთიდან სამ თვემდე გაიზრდება, პოლიციას კი ე.წ. არალეტალური ტყვიების გამოყენების უკვე კანონიერი უფლება ექნება, ბათუმში მხოლოდ ოპოზიციის ლიდერები არ აკრიტიკებენ.

„მსგავსი კანონი რომ 2004 წელს ყოფილიყო, აჭარის რევოლუცია დაგვიანდებოდა“, - ამბობს ამ რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მამული ჟღენტი. მისივე თქმით, ასლან აბაშიძეს, ჯარის და პოლიციის სახით, ფიზიკური ძალა ჰქონდა, თუმცა მოქმედების სრულ თავისუფლებას კანონი მაინც უზღუდავდა. მამული ჟღენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ კანონი კი არ უნდა გაამკაცროს, ხალხის მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს, რადგან, კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლებას, არჩევითი ორგანოების მეშვეობით, სწორედ ხალხი განაგებს.

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიზანი, დემოკრატიული პროცესების განვითარების პარალელურად, კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებაა. ამ ცვლილებებში რიგით ბათუმელთა ნაწილი დემოკრატიულს ვერაფერს ხედავს. როგორც რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, „მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა ვლადიმირ პუტინს ემსგავსება, თუმცა ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოში პუტინიზმი არ გამოვა“.

კონსერვატიული პარტიის წევრი დავით ბაციკაძე მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს იმის დასტურად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება, სინამდვილეში, არც დემოკრატიულ რეფორმებზე ფიქრობს, არც ნატოში ინტეგრაციაზე და რელურად რუსეთს უახლოვდება.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, გენო ქარცივაძის, აზრითაც. მისი შეფასებით, მსგავსი შინაარსის კანონი ხელისუფლებას შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვის დამატებით მექანიზმს მისცემს. იურისტის განმარტებით, ამჟამინდელი კანონმდებლობა უკვე იცნობს ნორმას, თუ რა შემთხვევაში სცილდება შეკრება ან მანიფესტაცია კანონის ჩარჩოებს.
XS
SM
MD
LG