Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი რვიანი" განვითარებადი მსოფლიოს დასახმარებლად 20 მილიარდ დოლარს გაიღებს


"დიდი რვიანის" დასკვნითი სხდომა
"დიდი რვიანის" დასკვნითი სხდომა
წამყვანი ქვეყნების ლიდერები მსოფლიოში არსებული შიმშილის დასაძლევად ახალ ინიციატივას იწყებენ - ასეთი განცხადება გაკეთდა დღეს, იტალიის ქალაქ აკვილაში, "დიდი რვიანის" სამიტზე. მდიდარი სახელმწიფოების ლიდერები ღარიბ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შიმშილის აღმოფხვრისთვის 20 მილიარდ დოლარს გაიღებენ - ხუთი მილიარდით მეტს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ამასთან, ეს ახალი ინიციატივა დახმარების ახლებურ ხედვას ითვალისწინებს.

ზოგიერთი საკითხის - მაგალითად, კლიმატის ცვლილებების - ირგვლივ აკვილაში გამართულ "დიდი რვიანის" სამიტზე კონკრეტული შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამიტომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა, კმაყოფილებით განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნების დახმარების თაობაზე მიღწეულმა შეთანხმებამ მოლოდინს გადააჭარბა: "შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მე და სხვა ლიდერები შევთანხმდით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამაზე", თქვა ბრაუნმა. "ეს სამწლიანი დახმარება იქნება და ის ხელს შეუწყობს ღარიბ ქვეყნებში საკვების წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას - რათა მათ საკუთარი თავის გამოკვება შეძლონ."

გარდა იმისა, რომ დაპირებული დახმარება ხუთი მილიარდით მეტია თანხაზე, რომელსაც სამიტისგან ელოდნენ, დახმარების ეს პროგრამა შიმშილთან ბრძოლის ახლებურ ხედვას წარმოადგენს. თუ უწინდელი პრაქტიკით, ღარიბ ქვეყნებს მოშიმშილე მოსახლეობის გამოსაკვებად მდიდარი სახელმწიფოები დახმარებას პირდაპირ ურიცხავდნენ ხოლმე, ამჯერად მთავარი აქცენტი ღარიბ ქვეყნებში გლეხების პროდუქტიულობის გაზრდაზე გაკეთდება - რათა საკუთრივ შიმშილის მიზეზები აღმოიფხვრას. დაფინანსებას გამოიყენებენ თესლის შესასყიდად, სარწყავი არხების გასაყვანად და ფერმერებისთვის მიწათმოქმედების გაუმჯობესებული ტექნოლოგიების შესასწავლად.

"დიდი რვიანის" ლიდერები და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი (მარჯვნიდან მეორე) აკვილაში
თუმცა, ამ გრძელვადიანი პროექტის პარალელურად, "დიდი რვიანის" წევრები აცხადებენ, რომ კვლავაც გააგრძელებენ გადაუდებელი დახმარების ფორმით ღარიბი ქვეყნების საკვებით მომარაგებას. ინიციატივა ეკონომიკის გლობალური კრიზისის ფონზე იწყება - კრიზისისა, რომელმაც მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა.

გაეროს შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა შიმშილის პირობებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი - მან მილიარდს გადააჭარბა. არადა აქამდე, ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ეს რიცხვი კლებას განიცდიდა.

"დიდი რვიანის" მხრიდან დახმარების გამოყოფის პოლიტიკის ცვლილებას ბევრი ექსპერტი მიესალმება. მათ შორის არის ჟაკ დიუ, გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც აკვილაში სამიტს დაესწრო. დიუს აზრით, იმედისმომცემი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ დახმარების გაღების პოლიტიკა პირველად იცვლება და გადაიდგმება რეალური ნაბიჯი მსოფლიოში შიმშილის პრობლებასთან ბრძოლის პროცესში.

"შიმშილს ერთი მილიარდი ადამიანი განიცდის", ამბობს დიუ, "და მათი უმრავლესობა, თუ ყველა არა, განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. ამას ემატება ის, რომ მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება - 2050 წელს 9,2 მილიარდს მიაღწევს. ამ ადამიანთა უმრავლესობა, თუ ყველა არა, იმ ქვეყნებში იცხოვრებს, რომლებსაც უკვე ახლა აქვთ შიმშილის პრობლემა."

მდიდარი ქვეყნების მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ეხმაურება პირობას, რომელიც მათ ოთხი წლის წინ დადეს. მაშინ "დიდი რვიანის" ლიდერები შოტლანდიაში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ 2010 წლისთვის გააორმაგებდნენ აფრიკისთვის გამოყოფილ დახმარებას.

გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამ პირობის შესრულება ვერ მოხერხდა. მაგრამ, ბევრი ექსპერტის აზრით, პარასკევს გამოცხადებული თაოსნობა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG