Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს


ირაკლი ალასანია პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე
ირაკლი ალასანია პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე
პოლიტიკური პარტიის „ ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ დამფუძნებელმა ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია აირჩია. პარტიის მმართველი სტრუქტურების დაფუძნების გარდა, ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ძირითადი საპროგრამო მიმართულებები, რომელიც, პროგრამის სახით, განხილვის საგანი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დანიშნულ მორიგ ყრილობაზე გახდება. მანამდე კი პარტიაში ვარაუდობენ, რომ გაიზრდება როგორც პარტიის წევრთა რაოდენობა, ისე რეგიონალური წარმომადგენლობები. ამ დროისათვის პარტიის წევრად დაახლოებით 350 ადამიანი, ანუ ის პირები ითვლებიან, რომლებიც ყრილობას დამფუძნებლების სახით ესწრებოდნენ.

„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგიის პარტია იქნება. მის ძირითად ფასეულობებს ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა წარმოადგენს. პარტია ქვეყნის მმართველობის ფორმად განიხილავს საპრეზიდენტო რესპუბლიკას, ძლიერი პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემითა და ფართო უფლებებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით. შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის მიხედვით ხელისუფლების დაბალანსებული გადანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა შორის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა, აღნიშნა ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ. მანვე განმარტა, რომ ამ ეტაპზე პარტიის მთავარ საზრუნავად, პარტნიორებთან ერთად, საარჩევნო გარემოზე ზრუნვა რჩება. საარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად არის ის მიზანი, რისთვისაც პარტია, ირაკლი ალასანიას თქმით, მზადყოფნას აცხადებს აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესში:

ირაკლი ალასანია
„ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, რათა ერთობლივად განვახორციელოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთი სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ალიანსურ რეჟიმში უკვე გვაქვს რამდენიმე წამოწყება, რომელთა კონკრეტული სამიზნე საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის ცვლილებების სწორად განხორციელებაა. უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ საარჩევნო სისტემის რეფორმირების კონკრეტულ მიმართულებებს.“

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი ასპარეზზე პირველად მიმდინარე წლის 16 თებერვალს გამოჩნდა. ამ გუნდის პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირების მიზანი იმთავითვე გაცხადდა. სამი სუბიექტისგან შექმნილმა „ალიანსმა საქართველოსთვის“ ხელისუფლების შეცვლის ოპოზიციურ საპროტესტო კამპანიაში საკუთარი მყარი ადგილი დაიკავა. ირაკლი ალასანიას გუნდის პარტიად ჩამოყალიბება კიდევ უფრო გაამყარებს ალიანსს, მიიჩნევენ ალიანსის სხვა სუბიექტები - რესპუბლიკელები და მემარჯვენეები:

„ამ პარტიის სახით, ნამდვილად ერთ-ერთი ღირსეული, დემოკრატიული, ევროპული ტიპის პარტია შეემატება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. რაც შეეხება ალიანსს და მის პერსპექტივას, ირაკლი ალასანიას პარტია კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შესაძლებლობებს და პოტენციალს.“

გვითხრა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მის მოსაზრებას იზიარებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელსაც ვკითხეთ, რა იცვლება ალიანსის შიგნით ირაკლი ალასანიას გუნდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის შემდეგ:

“პოლიტიკურად არაფერი იცვლება, ორგანიზაციულად ეს უფრო აამაღლებს ალიანსის ეფექტურობას, იმიტომ რომ სამივე პარტნიორი იქნება სრულფასოვან პოლიტიკურ ძალად ორგანიზებული, თავისი სტრუქტურებითა და ადგილობრივი ორგანიზაციებით.“

პოლიტიკური პარტიის „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ ყრილობა
„ალიანსი საქართველოსთვის,“ ამჯერად უკვე სამი პარტიის შემადგენლობით, საზოგადოებას უახლოეს ხანში წარუდგენს სამოქმედო გეგმასა და პროგრამას. ჩვენი ინფორმაციით, კონსტიტუციური შესწორებებისა და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებელი საერთო ხედვის გარდა, არსებობს შეთანხმებული პროგრამა ეკონომიკასა და განათლების სფეროში. რაც შეეხება უშუალოდ “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ პარტიულ საპროგრამო მიმართულებებს, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ეს მიმართულებები მოიცავს ყველაფერს, პიროვნულ თავისუფლებას, დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლო სისტემის მოდერნიზებას, სადაზღვევო, სოციალურ, ჯანდაცვის სფეროების გაჯანსაღებას და ასე შემდეგ.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ დეკლარირებული საერთაშორისო პრიორიტეტი საქართველოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ წევრად ქცევა და რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაა.
XS
SM
MD
LG