Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო დედაქალაქად ქუთაისის გამოცხადების იდეამ დისკუსია წარმოშვა


თბილისიდან ქუთაისში საქართველოს პარლამენტის გადატანის იდეის კონკრეტული ავტორი უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ინიციატივა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გაახმაურა. ინიციატივის 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერები დღეს მან პრეზიდენტის კანცელარიას ჩააბარა. თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანის საინიციატივო ჯგუფს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ონიანი ხელმძღვანელობს. მისი შეფასებით, ერთი შეხედვით, იდეა, შესაძლოა, საზოგადოებისთვის აღსაქმელად რთული იყოს, მაგრამ ინიციატივა საკმაოდ გაბედული და მისაღებია. რექტორს იმედი აქვს, რომ იდეა ნაყოფიერი განხილვის საგნად იქცევა.

ახალმა ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია იმ ქუთაისელებში, რომლებიც, ტრადიციულად, ქალაქის მთავარ ბაღში იკრიბებიან. ამ ადგილს გასული საუკუნის დასაწყისიდან ხუმრობით „ბაღის კიდის პარლამენტს“ უწოდებენ. აქ შეკრებილ მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ, თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანით, ქალაქს ფუნქცია შეემატება და ინფრასტრუქტურაც განვითარდება. ნაწილი იდეის რეალურად განხორციელებას არ ელის. „ეფექტი რომ ჰქონდეს, აქ მთელი მთავრობაც უნდა გადმოვიდეს. უფრო მოხერეხებული იქნება, თუ ერთად იქნებიან, თორემ ცალ-ცალკე ცოლ-ქმრის დაცილებასავით გამოვა“ ,- უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა რესპონდენტმა. ქალაქის მთავარ ბაღში შეკრებილთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებამ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე უნდა იფიქროს. „როდესაც ქვეყანა დალაგდება, დაგვისაბუთოს მთავრობამ რისთვისაა საჭირო ქუთაისში პარლამენტის ყოფნა და, კი ბატონო, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შუა ხნის მამაკაცმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ქუთაისს მეორე დედაქალაქის სტატუსი დაახლოებით ერთი წლის წინ მიანიჭა და ქალაქში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის, გზების დეპარტამენტის და კონტროლის პალატის გადატანა გადაწყვიტა. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ქუთაისში უკვე მუშაობს, გზების დეპარტამენტისა და კონტროლის პალატისთვის შესაბამისი შენობების შერჩევა და გარემონტება კი ამ დრომდე გაჭიანურდა.
XS
SM
MD
LG