Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებნი ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვას არ ადასტურებენ


ენგურის ხიდი - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
ენგურის ხიდი - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ, კერძოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ზუგდიდის რაიონთან ოკუპირებული გალის რაიონის დამაკავშირებელი ყველა გზა დაიკეტა და მოსახლეობა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას ვეღარ ახერხებს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა დაცვის თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. რადიო თავისუფლება შეეცადა ოკუპირებულ გალის რაიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მიეღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც აფხაზეთის რამდენიმე სოფლიდან ზუგდიდში ჩამოვიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, შუა ხნის მამაკაცმა, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ადმინისტრაციულ საზღვრამდე 25 კილომეტრი ისე გამოიარა, არც ერთი რუსი სამხედრო არ უნახავს, საზღვრის გადმოკვეთისას კი მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები დახვდნენ. ამავე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ქართული ტელეარხების მიერ აღწერილი ვითარება, თითქოს რუსებმა აფხაზები განდევნეს, რეალობას არ შეესაბამება. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ სიდის მკვიდრმა შუა ხნის ქალმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პირადად მან საზღვარი დღეს ისე გადმოკვეთა, რომ არავის გაუჩერებია, თუმცა, მისივე თქმით, მომავალში რა იქნება, არავინ იცის. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთისას დღეს არც სოფელ ოტობაიის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი გაუჩერებიათ. მისივე ინფორმაციით, განმუხურ-ფიჩორის საზღვარზე მიმოსვლა დღეს თავისუფალი იყო. ამავე რესპონდენტის თქმით, გალის რაიონის სოფლებში აუცილებელია არსებობდეს მესამე ძალა, რომელსაც დასაცავად ადგილობრივი მოსახლეობა მიმართავს. „არავინ იცის, ვის რა მოუვა აზრად და რა მოგველის, ამიტომ ვინმე მესამე ძალა უნდა იყოს, თორემ ვის მივმართოთ, რუსებს?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ ოტობაიის მკვიდრმა. ერთგვარ მესამე ძალად ევროკავშირის მეთვალყურეთა ხილვა სურს ტყვარჩელის რაიონის სოფელ კოხორაში მცხოვრებ მამაკაცს. მან გაიხსენა, რომ შარშან, აგვისტოში, რუსულ ტანკებს უკან გაეროს მეთვალყურეთა მანქანები მისდევდნენ, თუმცა ამ მისიას რეალურად არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მსგავსი გამოცდილების გამო, გალის რაიონში მცხოვრები ადამიანები გამოსავალს ევროკავშირის მისიის კონკრეტული ფუნქციით აღჭურვასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის განლაგებას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG