Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინის მოადგილე თბილისში ჟურნალისტებს შეხვდა


რუსეთ სამხედრო ავიაციის დაბომბვის შედეგად დაგნრეული გორის სამხედრო ბაზა
რუსეთ სამხედრო ავიაციის დაბომბვის შედეგად დაგნრეული გორის სამხედრო ბაზა
საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. ამ ინტერესს ზრდის ისიც, რომ მისიას არ ჩაუტარებია არც ერთი პრეს-კონფერენცია მუშაობის დაწყებიდან. შეგახსენებთ, ფაქტების დამდგენი მისია ევროკავშირის საბჭოს ინიციატივით გასული წლის 2 დეკემბერს შეიქმნა. მის ხელმძღვანელად კი შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა. საბოლოო ანგარიში გასული წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ მისიას მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა წარმოედგინა. თუმცა, დამატებითი მასალების მიღების გამო ტალიავინიმ ევროკავშირს თავდაპირველი ბიუჯეტის შეუცვლელად თარიღის ორი თვით გადაწევა სთხოვა, რაც ევროკავშირმა დააკმაყოფილა კიდეც. ამიტომ, მისიის დასკვნა 2009 წლის სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

24 ივლისს მისიის მეორე პირი, გერმანიის ყოფილი ელჩი საქართველოში - უვე შრამი ჟურნალისტებს შეხვდა მისიის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სტრუქტურაზე ზოგადი ინფორმაციის მისაწოდებლად. შეხვედრა დახურული იყო, ანუ მასზე დასმული შეკითხვები და პასუხები გახმაურებას არ ექვემდებარება. რაც ეხება ზოგად ინფორმაციას მისიის სტრუქტურისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ: მისიის მთავარი ჯგუფი შედგება სამი პირისგან. მათ გარდა მისიის საქმიანობაში მონაწილეობს 15 ექსპერტი სამი ძირითადი სფეროდან: სამხედრო ექსპერტები, იურისტები და ისტორიკოსები (კავკასიის მცოდნეები). მისიის საქმიანობას თვალყურს ადევნებს და შესაბამისი რჩევებით ეხმარება ”უფროს მრჩეველთა საბჭო”, რომელშიც საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პირები არიან გაერთიანებული. ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია ხელმძღვანელობს სამართლიანობის, მიუჯერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპით. მისიის წევრები ინფორმაციას აგროვებენ არა მხოლოდ ომის უშუალო მონაწილე მხარეებისგან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისგან და ყველა წყაროსგან, რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ომის მიზეზებისა და მისი განვითარების შესახებ სრული სურათის შესაქმნელად. მისიას არ შექმნია პრობლემა მოენახულებინა ომის ადგილები, მათ შორის, როკის გვირაბი, ცხინვალი, ცხინვალის მიმდებარე სოფლები, ახალგორის რაიონი და ა.შ.
დღეს მისია მუშაობს იმ ინფორმაციის შეჯერებაზე, რომელიც ექსპერტებმა შეაგროვეს. საბოლოო დოკუმენტის შექმნამდე წინასწარი დასკვნების, ან მინიშნებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდება. სექტემბრის ბოლოს ნაშრომი წარედგინება ევროკავშირის საბჭოს, კონფლიქტის მხარეებს, გაეროსა და ეუთოს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG