Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პლატფორმიდან თურქ სამხედრო მეთვალყურეებამდე


სამეთვალყურეო მისიის წევრები ხვდებიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას
სამეთვალყურეო მისიის წევრები ხვდებიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სკეპტიკურად უყურებდა თურქეთის მიერ დეკლარირებულ “კავკასიის სტაბილურობის პლატფორმას”, გამოდის ინიციატივით, თურქეთი კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩაერთოს და კონფლიქტის ზონებში მეთვალყურეებიც მიავლინოს. საინტერესოა, რას უნდა გამოეწვია თბილისის ასეთი მეტამორფოზა და როგორ უყურებენ თავად თურქეთში შესაძლო სამშვიდობო მისიას.

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში მიმდინარე ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის
თორნიკე შარაშენიძე
პარალელურად ამერიკელი და თურქი სამხედრო დამკვირვებლების მონაწილეობის იდეა ახალია და მასზე მხოლოდ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის წინა დღეებში დაიწყეს აქტიური ლაპარაკი. თუმცა, ბაიდენმა ისე დატოვა თბილისი, რომ ამ იდეის შესახებ არაფერი უთქვამს.

ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ „დუმილი თანხმობის ნიშანია“. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მისი გადაწყვეტა მხოლოდ “პოლიტიკური ნების” საქმეა:

„ელემენტარულად, თუ არსებობს პოლიტიკური ნება ვაშინგტონსა და ანკარაში, ამის შესრულებას წინ არაფერი უდგას“, ფიქრობს შარაშენიძე. „რუსეთს არანაირი მორალური და სამართლებრივი უფლება არა აქვს ჩაერიოს ამაში და დაბლოკოს. ეს უნდა გაკეთდეს და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. ეს არა მხოლოდ გააძლიერებს დამკვირვებელთა მისიას, არამედ შექმნის საფუძველს, რომ მომავალში იგივე ამერიკა უფრო აქტიურად ჩაერთოს და ამერიკის ყოფნა აქ უკვე დამკვიდრებული იყოს, თუნდაც ამ ფორმატში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.”

მაგრამ, რუსეთის გარდა, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაში ამერიკელი და თურქი სამხედროების ჩართვის იდეა, შესაძლოა, არც ევროპის კავშირისთვის იყოს მისაღები. თან საინტერესოა, ყოფილა თუ არა ასეთი ეკლექტური შერეული ფორმატის პრეცედენტი რომელიმე საერთაშორისო კონფლიქტის შემთხვევაში. ანატოლიის საქმეთა შესწავლის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი თორნიკე გორდაძე ზუსტ პრეცედენტს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ კოსოვოს მოწესრიგების პროცესში ამერიკელები და ევროპელები ერთად მონაწილეობდნენ:

თორნიკე გორდაძე
„იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხთან მიმართებით კარგა ხანია საქმის კურსში აყენებს ევროპელებს და, თუ ასეა სიტუაცია, მე მგონია, რომ ევროპელები დათანხმდებიან“, ვარაუდობს გორდაძე. მისივე აზრით, ეს მხოლოდ ამ მისიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„თურქეთის მონაწილეობაც მნიშვნელოვანია“, განაგრძობს ექსპერტი. „არა მარტო იმიტომ, რომ მისია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება, არამედ ჩვენ თურქეთს რაღაცნაირად ვრთავთ ამ პროცესში და ვცდილობთ დავაინტერესოთ თურქეთი იმით, რომ ომი არ განმეორდეს საქართველოში - უფრო მეტად დავაინტერესოთ თურქეთი საქართველოს სტაბილურობით.”

მაგრამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამშვიდობო მისიის პროგნოზირებადი მრავალრიცხოვნება ნიშნავს კონფლიქტის კიდევ უფრო მეტ ინტერნაციონალიზაციას. კონფლიქტების რეგიონალური ჩარჩოებიდან გასვლა კი, როგორც ცნობილია, ამცირებს მისი მოგვარების პერსპექტივებს. ამ იდეას გარკვეულწილად იზიარებს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი პაატა გურგენიძე, თუმცა ერთ აუცილებელ განმარტებას აკეთებს:

“რა თქმა უნდა, თუ დასავლეთი ამ იდეას მხარს უჭერს, - და მე მგონია, რომ უჭერს - მაშინ ეს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა ერთი ეტაპის სახით შეიძლება იყოს განხილული. ანუ ევროპა და ამერიკა რაღაც ეტაპზე ჯერ გარანტორების როლს ასრულებენ, რომ არ მოხდეს ამ კონფლიქტების გაღრმავება; მერე კი აძლევენ თურქეთს საშუალებას, თავის თავზე აიღოს ინიციატივა.“

მაგრამ რამდენად მზადაა თავად თურქეთი იმისათვის, რომ რეგიონში ასეთი სამშვიდობო მისიის როლი იტვირთოს და რუსეთის ზეგავლენა შეაკავოს? სავაშ ბარკჯინი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში თურქეთის პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი, ამბობს, რომ სტამბული განიხილავს საქართველოში მშვიდობისდამცველთა გაგზავნის იდეას, თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა და მანდატი:

სავაშ ბარკჯინი
“დიახ, ჩვენთვის ცნობილია ეს იდეა, რომელიც მოლაპარაკების პროცესშია და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს. რა თქმა უნდა, თურქეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შარშანდელი კრიზისის შემდეგ მკაცრად დაგმო საქართველოს საზღვრების ხელყოფა. მიუხედავად ამისა, ასეთი მისიები წარმატებულია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ჩვენ ძალიან დადებითად ვეკიდებით ამ იდეას, თუ, საქართველოს გარდა, ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერენ რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო სუბიექტები. მაგრამ ვიდრე იდეა ჩანასახოვან მდგომარეობაშია, რაიმე განცხადებებისგან თავს შევიკავებთ.”

ვიდრე სამეთვალყურეო მისიაში ჩართვაზე არც ოფიციალური მოთხოვნა არსებობს და არც საერთაშორისო მანდატი, მანამდე თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ურჩევენ, არ აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს, რომელთა რაოდენობის ზრდასაც დამოუკიდებელი ექსპერტები აგვისტო- სექტემბერში ვარაუდობენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG