Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის და აზერბაიჯანის დავა საბადოების გარშემო და “ნაბუკო”


გაზსადენის საქაჩი კვანძი
გაზსადენის საქაჩი კვანძი
თურქმენეთი ემზადება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს აზერბაიჯანს კასპიის ზღვის საბადოების გამო. საქმე ეხება სამ საბადოს, რომლებსაც ორივე ქვეყანა თავისად მიიჩნევს. თურქმენეთი უკვე ათი წელია აპირებს ჩივილს. ამ ბოლო ხანებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, რადგან გაჩნდა თურქმენეთის გაზის აზერბაიჯანის გავლით ევროპაში გატანისა და ამ სახით თანამშრომლობის პერსპექტივა.

ნაბუკოს პროექტისთვის შემაფერხებელია აზერბაიჯანისა და თუქმენეთის დავა. კასპიის ზღვის ამ სამი საბადოს საკითხი ორი ქვეყნის ურთიერობაზე უარყოფითად მოქმედებს უკვე ათი წელია, მაგრამ ბოლო ხანს თანამშრომლობის პერსპექტივამ, მასში ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირების ჩართვამ, ნაბუკოს პროექტი რეალობასთან მიაახლოვა. ახლა ამ იმედებს ჩრდილი მიადგა ბაქოსა და აშხაბადის დავის განახლებით. ეს კონკრეტულად გამოიხატა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის განცხადებით კაბინეტის სხდომაზე, როცა მან საგარეო საქმეთა მინისტრის ტოილი კომეკოვის ანგარიში მოიხმო:

“მთავრობის პატივცემულო წევრებო, როგორც კომეკოვის ანგარიშიდან ჩანს, კასპიის ზღვის ფსკერზე სადემარკაციო ზოლის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მინერალური რესურსების, ასევე იქ შუა ზოლის თემები, დიდი ხანია მოუგვარებელი რჩება აზერბაიჯანის განსაკუთრებული პოზიციის გამო. ვითარებას ართულებს ის, რომ მინერალური საბადოები ზუსტად სადავო არეალშია, კასპიის ზღვაში. აზერბაიჯანს აქვს პრეტენზია, რომ მისია ეს საბადოები, საბჭოთა დროს “პრომეჟუტოჩნიეს” სახელით ცნობილი იმ საბადოს ჩათვლით, რომელსაც ახლა სარდარს ვუწოდებთ.”

ბერდიმუხამედოვმა დააკონკრეტა, ილაპარაკა “ოსმანის” და “ომარის” საბადოებზე და განმარტა, რომ 16 ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ამ თემაზე უშედეგოდ და ახლა მან დავალება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრს, მოიწვიოს ადვოკატები და მათი დახმარებით შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.

ეს ნაბუკოს პროექტს საფრთხეს უქმნის. ნაბუკოს მილსადენი, რომელმაც საქართველოზეც უნდა გაიაროს, თურქმენეთის გაზს შემდგომ თურქეთში გადაიტანს და იქიდან ევროპაში გადატუმბავს. სწორედ ამ ტრანსკასპიური გაზსადენის აგება გახდება შეუძლებელი აშხაბადსა და ბაქოს შორის დავის გამო. არადა, ბოლო ხანს ნაბუკოს გარშემო თანამშრომლობა წინ მიდიოდა. აზერბაიჯანი თავის მხრივ აცხადებს, რომ მზად არის დაიცვას თავისი უფლებები ყველა დონეზე. ყოველდღიური გაზეთის,” თიურან ენერჯის”, გამომცემელი, ენერგეტიკის ექსპერტი, ბაქოელი ილჰამ შაბანი ამბობს, რომ სასამართლოში საქმის გარჩევა ყველაზე ცივილიზებული ფორმაა:

“ეს ყოველგვარი პრობლემის მოგვარების ყველაზე ცივილიზებული გზაა . ამ საქმის სასამართლოზე გატანა ბუნებრივი ნაბიჯია და იმედი გვაქვს, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.”

შაბანის აზრით, ამ საბადოების საკუთრების საკითხის გარკვევა თურქმენეთის და აზერბაიჯანის დაძაბულ ურთიერთობასაც მოაგვარებდა, რაც ნაბუკოს მსგავს პროექტებს გზას გაუხსნიდა საბოლოოდ, რადგან თურქმენეთის გაზია მთავარი წყარო ნაბუკოსათვის. ახლა მთავარია, სასამართლოში საქმის შეტანის შემდეგ, მხარეებმა კონსტრუქციულობა გამოავლინონ, თორემ საქმე გაიწელება და ეს კი კვლავაც ტრანსკასპიური მაგისტრალის შექმნას და, შესაბამისად, ნაბუკოს განხორციელებას შეაყოვნებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG