Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 1 აგვისტო 2009


დასავლეთის მედიამ განვლილი კვირის მანძილზე საქართველოში მომხდარი, თუ საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი მოვლენა და პროცესი გააშუქა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა დაპირებით, რომ დემოკრატიული რეფორმები გაორმაგებული ძალით გაგრძელდება. პრესა გამოეხმაურა აგრეთვე რუსეთის გაფრთხილებას, რომ ამერიკელები არ შეუერთდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. მაგრამ განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა გამოხმაურება ერთ ინტერვიუზე, რომლის თემაც მართალია, უშუალოდ საქართველო არ ყოფილა, მაგრამ მასაც ეხებოდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტს მისცა ინტერვიუ, რომელმაც ლამის პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია.

რუსეთის პრესაში ეს ინტერვიუ ფართო განხილვის საგანი გახდა. “კომერსანტში” გამოთქმული შეფასებით, ჯო ბაიდენის “მოულოდნელი განცხადება” ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ყველაზე ხისტი განცხადება იყო მოსკოვის მისამართით. ჩვენ აქ, რასაკვირველია, დასავლეთის პრესაზე შევაჩერებთ ყურადღებას, მაგრამ ვიდრე მის გამოხმაურებას შევეხებოდეთ, ძალიან მოკლედ თვით ინტერვიუზე, რომელიც “უოლ სტრიტს ჯორნალის” კვირის, 26 ივლისის გამოცემაში გამოქვეყნდა.

ბაიდენი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პრობლემებზე, რომელთა გამოც მოსკოვს მოუწევს დასავლეთთან დათმობებზე წასვლა. ეს პრობლემებია მოსახლეობის კლება, ეკონომიკური დაღმასვლა, საბანკო სექტორი, რომელიც (ამჟამინდელი სტრუქტურით) ვერ გაუძლებს მომდევნო 15 წლის გამოწვევებს. “ისინი ხედავენ საკუთარ ეკონომიკას, ხედავენ ჩვენს ეკონომიკას და იცით რა? მათსავე სამხედრო ინტერესებში შედის ბირთვული იარაღის არსენალის შემცირება. როგორ, უცებ უბრალოდ გადაწყვიტეს - “მოდი მეზობლებს ნუღარ დავემუქრებითო”? არა! ისინი ვეღარ შეინარჩუნებენ ამ არსენალს.”

ბაიდენის ამ ინტერვიუზე გამოხმაურებისას ირლანდიის ყოველდღიური “აირიშ ტაიმსი” წერს: უკრაინასა და საქართველოში ბაიდენის ვიზიტების მიზანი იყო მათდამი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურება ისე, რომ არ გაეღიზიანებინა რუსეთი მისი მეზობლების საქმეებში მეტისმეტად აქტიური ჩარევით. იქ ყოფნისას ბაიდენი დიდ სიფრთხილეს იჩენდა ამ გაწონასწორებული პოზიციის გამოსამჟღავნებლად მაგრამ მერე ინტერვიუ მისცა “უოლ სტრიტ ჯორნალსო”... წერს “აირიშ ტაიმსი” და ბაიდენის ინტერვიუდან მოჰყავს ციტატა რუსეთის ზემოხსენებულ მძიმე პრობლემებზე.

“ფაინენშალ ტაიმსი” კი მკითხველს აუწყებს, რომ კრემლმა განმარტება მოითხოვა ბაიდენის ინტერვიუსთან დაკავშირებით და რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეეცადა დაძაბულობის განმუხტვას ვიცე-პრეზიდენტის გამონათქვამებით გაჯავრებულ რუსეთთან ურთიერთობაში. “ჩვენ რუსეთს ძლიერ სახელმწიფოდ მივიჩნევთ. საერთოდ, ამჟამად ყველა ქვეყანას უწევს რთულ ამოცანებთან გამკლავება”, - განაცხადა კლინტონმა ტელეკომპანია NBC-ს პოპულარულ გადაცემაში „შეხვედრა პრესასთან“. იქვე სახელმწიფო მდივანმა შეაქო რუსეთსა და შეერთებულ შტატების შორის თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთი კორეა, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

“ფაინენშალ ტაიმსში” ვეცნობით სერგეი პრიხოდკოს - საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩევლის - მიერ დასმულ შეკითხვას: “საკითხავია, ვინ განსაზღვრავს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, პრეზიდენტი, თუ მისი გუნდის პატივცემული წევრებიო?” პრიხოდკოს შეფასებით, ივლისში მოსკოვში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის შედეგად “კარგი ატმოსფერო” შეიქმენა და თუ ობამას გუნდის და მთავრობის ზოგ წევრს ეს ატმოსფერო არ მოსწონს, ეს მოსკოვმა უნდა იცოდეს.

გაზეთი “ლოს ანჯელეს ტაიმსიც” ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწია, შეერბილებინა ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შეფასებები. როგორც გაზეთში ვკითხულობთ, მართალია, რუსეთის ძალამ მკვეთრად იკლო საბჭოთა პერიოდის შემდეგ, მაგრამ მოსკოვთან თანამშრომლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების ძალისხმევისთვის, თავი გაართვას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ავღანეთთან და არაბებსა და ისრაელს შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ პრობლემებს. მოსკოვში ობამას ვიზიტის მიზანი იყო დაძაბულობის განმუხტვა. ბაიდენმა კი გამოთქვა შეფასება, რომ რუსეთი დასუსტებულია და თავისი მზარდი პრობლემების (მათ შორის დაღმავალი ეკონომიკის) გამო შესაძლოა სხვა არჩევანი არც ჰქონდეს გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ამერიკის მოთხოვნებს. საყურადღებოა თვით “უოლ სტრიტ ჯორნალში” (ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ორ დღეში) გამოთქმული შეფასებაც: “თავისი მზადყოფნით, სიმართლე ილაპარაკოს რუსეთზე, ბაიდენი დიკ ჩეინის მოგვაგონებს”...

ეს შეფასება და, საერთოდ, ზემოხსენებული სტატიები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდეს რუსეთთან დაახლოების კურსთან, თუ “გადატვირთვასთან”, რომელიც ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ითვლება.

მაგრამ ასე არ ფიქრობს ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი, რუსეთის საკითხების ექსპერტი ბრაიან უიტმორი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ინგლისურენოვან საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ მის ბლოგს, რომელშიც ჩვენი კოლეგა ირწმუნება: ბაიდენის განცხადებები შეესაბამება ვაშინგტონის კურსს, რომელიც გასული თვენახევრის მანძილზე გამოიკვეთა კრემლის ბოლოდროინდელი მოქმედების საპასუხოდ.

როგორ ასაბუთებს ამ მოსაზრებას უიტმორი?

ვაშინგტონის რიტორიკა მოსკოვთან მიმართებით საგრძნობლად გამკაცრდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ვეტო გამოიყენა გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიის გაგრძელების დასაბლოკად. ამ დროს, მისიის გაგრძელებას აქტიურ მხარდაჭერას უწევდა აშშ.

ამ ვეტოს შემდეგ ცოტა ხანში, ჯერ კიდევ მოსკოვში გამგზავრებამდე, პრეზიდენტმა ობამამ ყურადღება მიიპყრო “ასოშიეიტიდ პრესთან” ინტერვიუთი, რომელშიც შეაქო რუსი კოლეგა დმიტრი მედვედევი, მაგრამ კრიტიკული შეფასება გამოთქვა პრემიერ-მინისტრ პუტინის მისამართით. არაერთი ექსპერტის შეფასებით, ობამა დიფერენცირებულ მიდგომას ავლენს რუსეთის მმართველი ელიტისადმი, რომელიც გაყოფილია მედვედევის შედარებით პროგრესულ ძალებსა და პუტინის ძველებურ, იმპერიულ ყაიდაზე მოაზროვნე გუნდს შორის. როცა ბაიდენმა “უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოთქვა შეფასება, რომ რუსეთს (დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე) მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, მოუწევს გამოეთხოვოს წარსულს, რომლის შესანარჩუნებლად, უბრალოდ, ძალა არ ეყოფა - მან, ფაქტობრივად იგივე მიდგომა გამოხატა, როგორც ობამამ მედვედევსა და პუტინს შორის დიფერენცირებით. ორივე შემთხვევაში, დაასკვნის ბრაიან უიტმორი ჩვენი რადიოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბლოგში, აშშ მოწოდებით მიმართავს პროგრესულ ძალებს მოსკოვში და აფრთხილებს კონსერვატულ ელემენტებს.

ჩვენს კოლეგას მოჰყავს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ფრიდმენის ერთი საყურადღებო შეფასებაც: რუსებმა ახლა უკვე ნამდვილად გაიგეს, რას გულისხმობს ობამას ადმინისტრაცია “გადატვირთვის ღილაკით” - გადატვირთვა ნიშნავს 80-იან და 90-იან წლებში დაბრუნებას, როცა ეკონომიკურმა სისუსტემ შეზღუდა მოსკოვის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება.

ბოლოს მხოლოდ მივუთითებ ერთ პუბლიკაციაზე, რომელსაც ნიუ-იორკში გამომავალი “სიტი ჯორნალი” აქვეყნებს. მასში გაეცნობით ცნობილ ფრანგ ფილოსოფოს ანდრე გლუკსმანის სტატიას, რომელიც საქართველოს ეხება.
XS
SM
MD
LG