Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: რუსეთისგან გადარჩენა "სასწაულებრივი" იყო


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა როიტერის სააგენტოს. ამ ინტერვიუში სააკაშვილმა გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთი კვლავაც აპირებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას. სააკაშვილი არ თვლის, რომ კიდევ ერთი ომი გარდაუვალია - თუმცა, მისი თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი, ეცდება თავის სიტყვას უერთგულოს, და მის ჩამოგდებას მიაღწიოს. ინტერვიუ 2 აგვისტოს გავრცელდა.

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებს "ძალიან შემაშფოთებელს" უწოდებს. ის აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს არ სჩვევია განცხადებებით ტყუილუბრალოდ გამოსვლა - და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მუქარას იხსენებს:

”პუტინის მუქარის მიუხედავად - რომ მე სხეულის გარკვეული ნაწილებით ჩამომკიდებდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებდა - მე კვლავაც ამ ოფისში ვზივარ, რაც გარკვეულწილად სასწაულებრივი გადარჩენის ისტორიაა. არადა ამ კაცს ამგვარი პირობების შესრულების საქმეში ძალიან მყარი რეპუტაცია აქვს. ამდენად, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ მას აღარ ექნება მსგავსი მხდელობა. ის ამას მანამ შეეცდება, სანამ რუსეთის პოლიტიკაში სიტყვა ეთქმის.”

საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში ირიბად გააკრიტიკა დასავლეთი - იმისათვის, რომ გასული წლის ომის დროს საქართველოში რუსეთის შეჭრას არ მოჰყოლია ჯეროვანი რეაგირება.

სააკაშვილის აზრით, ეს გამოიწვია დასავლეთის ქვეყნების სურვილმა, მოსკოვის გაბრაზებით არ შეექმნათ საფრთხე თავიანთი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, თუ სავაჭრო კავშირებისთვის. ამასთან, სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ომში სხვა ქვეყნების ჩართვა საერთაშორისო კონფლიქტის დაწყების საფრთხის ტოლფასი იქნებოდა:

"მთავარი კითხვა ასე ჟღერს - უნდა თუ არა მსოფლიოში ვინმეს ევროპაში ახალი ომის დაწყება, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩართული. ცხადია, ამ შეკითხვაზე პასუხი უარყოფითია. სწორედ ამას გულისწმობდა [შეერთებული შტატების] ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, [საქართველოში ვიზიტისას], და, რაც კიდევ უფრო მეტია, ჩვენ ამ მოსაზრებას სრულად ვიზიარებთ."

როგორც გახსოვთ, საქართველოში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ნატოში. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტები სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული წლის ომის დროს დასავლეთმა საქართველოს მყარად დაუჭირა მხარი - მაგრამ სააკაშვილს ბევრი აკრიტიკებდა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო ოპერაციის განხორციელების გამო, რომელიც რუსეთმა თავისი ფართომასშტაბიანი სამხედრო პასუხის საბაბად გამოიყენა.

როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველომ იცის - რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებს სამხედრო ძალით ვერ დაიბრუნებს. ამასთან, მან განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების გამოდევნის მიზნით მიმდინარე პროცესებს:

"სამწუხაროდ, მსოფლიომ დიდწილად უგულებელყო მასობრივი მკვლელობები, ეთნიკური წმენდა, რომელიც აქ, საქართველოში იყო გასულ ზაფხულს - და მანამდეც, წლების განმავლობაში, ე.წ. რუსული სამშვიდობო ოპერაციის მოქმედების პერიოდში - რაც, როგორც შემდეგ დამტკიცდა, რეალურად ოკუპაციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა."

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველომ შესძლო დემოკრატიული სივრცის შექმნა მსოფლიოს რთულ რეგიონში:

”[საქართველომ] დაამტკიცა, რომ [მსოფლიოს] ამ რეგიონში - იმ ადგილას, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთგვარ ”ტერა ინკოგნიტოს” წარმოადგენს - შეიძლება არსებობდეს თანამედროვე სახემლწიფოებრიობა და რეალურად განვითარებული ინსტიტუტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ”დემოკრატია” არ არის ცარიელი სიტყვა, რომ ის შეიძლება მუშაობდეს. ჩვენ ვაშენებთ [ქვეყანას] რომელიც, იმედია, ასევე ძალიან წარმატებული იქნება ეკონომიკის [განვითარების], და ადამიანების ცხოვრების დონის [გაუმჯობესების] თვალსაზრისით.”
XS
SM
MD
LG