Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა იაკობიშვილი - კულტუროლოგი


26 ივლისი, კვირა
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო 2009 წლის 26 ივლისი, კვირადღე, და ამ მშვენიერ დღესაც ლელას გაეღვიძა. – ეს ჩემი ყოველდღიური რიტუალია. ვიტყვი ამ ჯადოსნურ სიტყვებს და ვიმეორებ – გაეღვიძა, გაეღვიძა. მერე ვჩხუბობ, გაგეღვიძა, გაგეღვიძა. მუდმივად მიჭირს გამოფხიზლება.
ამლივში ვარ. ვერა და ვერ დავადგინე – ამლევი თუ ამლივი. აქვე, თბილისთან ნახევარი საათის სავალზე არსებობს ეს სამოთხე – ჩვენი ტყე, ღრმა და ნახევრადიდუმალი მდუმარებით, ჩხიკვი კატოთი, თრითინა კუკათი, სინდიუფალა კუკურითა და ეზოში ნენეს ჰამაკით.
თავისუფლების დღიურები - ლელა იაკობიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:33 0:00
აქ რომ ვარ, სულ მავიწყდება, რა ქვეყანაში ვცხოვრობ, როგორ პლანეტაზე, როგორ პოლიტიკურ რეჟიმში, რა ფილოსოფიითა და რა ხელფასით. თბილისში ყველაფერი ეს არა თუ მახსოვს, მაწუხებს და აქეთ გამოვრბივარ. აქ მგონია, რომ ჩიტივით თავისუფალი ვარ. ისე კი, წინა კვირაში თავისუფლების ისეთი შეტევა მქონდა! (რადიოს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). ჯერ იყო და ია ანთაძესთან ვიჭორავე. რაზე ვიჭორავებდი? ჩვენების – ქართველების – სასიცოცხლო სივრცეზე, მის უდიდებულესობა ქართულ პოლიტიკაზე, მის საკომუნიკაციო ველზე, ამერიკაზე, ევროპაზე, რუსეთზე, დაბდურა ქართულ ხასიათზე, რევოლუციებზე, ომსა და მშვიდობაზე. მეორე დღესვე იამ რადიო თავისუფლების საიტზე „გამბლოგა“. მერე ამ ჩემს თავისუფლებას რეზონანსი მოჰყვა (ოღონდ გაზეთი „რეზონანსი“, ამჯერად ისევ იას რეზონანსი, ოღონდ აბულაშვილის), ამ რეზონანს კიდევ ისევ თავისუფლება (ოღონდ ისევ რადიო – აქვე ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი ჟურნალისტი გავიცანი – ნინო გელაშვილი, ლამაზი, ინტილიგენტური, კეთილშობილი). ამ თავისუფლებას უფრო მეტი თავისუფლება მოყვა – თავისუფლების (ისევ რადიოს) თავად გურუმ, მარინა ვაშაყმაძემ, დამირეკა – თავისუფლების დღიურებიო. სად არის ამდენი თავისუფლება, მარი, ჩემო მართლა საყვარელო ადამიანო, დღიურებად წერო?! უნივერსიტეტში ვწერდი თავისუფალ წლიურებს და ისიც კათედრის გამგესთანა და კათედრის აკადემიურ ფილოსოფოს - მეცნიერებთან ომის ფასად მიჯდებოდა – საბაზო განათლებით ფიზიკოსი ხარო. ჰო, ისე მართლა. ნასტუდენტარი ფიზიკოსი ვარ „წარმოშობით“. მე და მარინას ძმამ, გოგი ვაშაყმაძემ, ბიოფიზიკა ერთდროულად დავამთავრეთ დიდი რუსეთის დედაქალაქის დიდ აკადემიურ ცენტრში - პუშჩინოში. დღესაც მახსოვს ნაღდი აკადემიზმის სიღრმე და ძალა.
დილიდან ზაზა ჩემი ოთახის კარს აკეთებს. დურგლის ნიჭიერებანი მოწიფულ ასაკში აღმოაჩნდა და მთელი ჩვენი სააგარაკო სახლი მისი ნახელავია.
სახლი მოვაწესრიგე. ირინა მომეშველა (ვინმეს რომ ეკითხა, ამოსასუნთქად წამოვიყვანე). შემდეგი კვირიდან ნენე უნდა ჩამოვიყვანო.
საღამოს ჩემი კოჭიბროლათი თბილისში დავბრუნდი. კოჭიბროლა ჩემი მანქანაა. ეს სახელი დათო ასათიანის წინაპრის, კოჭიბროლა ასათიანის – იმერეთის რომელიღაც მეფის სატრფოს – პატივსაცემად შევარქვი. ეტყობა, საბურავების დისკებით ვამსგავსე ბროლა ქალბატონს.
სული და გული ამლევში დამრჩა.

27 ივლისი, ორშაბათი
ელენიკოსა და პაპუნას ჩხუბის ხმები ჩამესმის. ეკა ეხვეწება ელენიკოს, ოთახიდან გავიდეთო. ეტყობა, გააღვიძა მამამისი.
ახლა ჩემთან შემორბის. ამლეველი ჩხიკვი კატო მოიკითხა და დირექტიული ხმით მომახსენა – რადგან ზაზა სახლში არ არის, ახლა შენ გევალება და უნდა მომიყვე ნიბლია ჩიტის ამბავიო. შემოქმედებითი უნარების კონცენტრირებას ვცდილობ (დღეს ადრიანად მომიწია) და ნიბლია ვეფხვზე ერთობლივად ვიგონებთ ამბავს. ნენე კისკისებს. ორშაბათი კარგად იწყება.
12 საათისთვის მე და პაპუნას მეგობარი, ნიკა ჩიმაკაძე, ბიზნესმენებს ვხვდებით - კომუნიკაციის საკითხებზე კონსულტაციები სჭირდებათ. მერე ყავას ვსვამთ ბიზნესმენებთან ერთად და ერთად “დავტირით” ქართულ ბიზნესსა და ქართულ პოლიტიკას, სადომაზოხისტური “გარიგების” ორ უბედურ მსხვერპლს. ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი ბარაქიანი ქვეყნის პრობლემა ძირითადად ადამიანური რესურსის დეფიციტია და შეხმატკბილებულები ვემშვიდობებით ერთმანეთს.
მე ჩემს მაგისტრანტებს უნდა შევხვდე. უფრო ზუსტად, უკვე მაგისრტებს, წინა კვირაში საოცრებები რომ ჩაიდინეს: სამი წლის ნაგროვები და ნალოლიავები მასალა ერთ თვეში აქციეს თეორიულ ნანგრევებად და ისეთი ტექსტები გამოაცხეს, რომ მათი პრეზენტაციების მოსმენას არაფერი ჯობდა. ესეც შენი რესურსი!
საღამოს ტრენინგები გადაიდო. ცოტას ამოვისუნქებ.

28 ივლისი, სამშაბათი
ზაზას ზარი მაღვიძებს. ვჩხუბობ. თვითონ ტოროლას რეჟიმით ცხოვრობს. ალიონს რელიგიურ-ფილოსოფიური წერა-კითხულობებით ეგებება და დაბინდდება თუ არა, მე და რუსა დიდიძეს, ძლივს რომ მოვიცლით ხოლმე რუტინისაგან და საღამოს მთელი საქართველოს ბედს ვწყვეტთ სამ ხმაში (ხო, მესამე ხმა მარინა თაკვარელიაა, ყველაზე ძლიერი და პოლიტიკურად მოტივირებული), სამზარეულოში გვისტუმრებს – თქვენი ქაქანი მაწუხებსო. ვემუქრები, იცოდე, დღიურებში დავწერ, რომ საღამოს სამზარეულოში მისტუმრებ, ამლევში არასასურველ სტუმარს მეძახი და ყოველ დილას მატერორებ-მეთქი. შენ იცი! - მიპასუხებს, - ისიც არ დაგავიწყდეს, კვირობით გადაბმით რომ ვლოთობ, ხელფასი სახლში არ მომაქვს, და რომ ჩემი უსაყვარლესი სასეირნო ადგილი ცირკის მიდამოებიაო.
დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს. საღამოს ვირტუალური რომანის ორი მსხვერპლი – პაპუნას გერმანულის მასწავლებელი ნინო ნაცვლიშვილი, პაპუნას შერქმეული მეტსახელით – “მწარე” და მისი გერმანელი სატრფო რალფი რალფის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. ამიტომ ტრენინგები დილასვე უნდა მოვითავო, ნენე მეორე ბებიასთან წავიყვანო. რაღა თქმა უნდა, საღამოს შეხვედრას ეკა უწევს ორგანიზებას და, რაღა თქმა უნდა, სესილი გვაძლევს ტელეფონით დირექტივებს. ამიტომაც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი დიდებულად ჩაივლის. დილიდანვე პაპუ უკვე მერამდენედ ახსენებს ნინოს, რომ ჭკუით იყოს და არ დაუწყოს რალფს შენიშვნების მიცემა - ეს წინდები სად დაგიყრია და ამ შარვალს აქ რა უნდაო. მერე რა, რომ მასწავლებელი ხარ, ევროპელებს და, საერთოდ, დასავლელებს თვითონ უყვართ ჭკუის დარიგება. მაგათ კი არ იციან, რომ ჩვენთანაც შეიძლება არსებობდეს მასწავლებელიო.
მოკლედ, საღამოს რესტორან „ქალაქურში“ ვიკრიბებით. ამ რესტორანში ერთი წლის წინ ვიყავი USAID-ის ლარისთან, სოფოსთან და ერთ ამერიკელ PR-ის ექსპერტთან ერთად. მაშინ რატომღაც ვერ შევნიშნე, რომ ეს რესტორანი ჩვენი სახელისუფლო ისტებლიშმენტის გართობისა და დასვენების ადგილია, თურმე. თავი ტოკ-შოუს სატელევიზიო სტუდიაში მეგონა, იმ განსხვავებით, რომ ბევრი ლამაზი ქალიც იყო “ქალაქურის” მშვენიერი სამკაული.
სახლში რომ მოვედით მე და ეკა, ეზოს შესასვლელშივე ჩვენი საყვარელი ბასარას ნაცვლად, ჩვენი ოჯახის ღირსების ახალი მეტრი - თეთრი კატა შემოგვეგება კნავილით. ამას ჰქვია “უძაღლო ქვეყანაშიო”... მთელი დღის განცდები ამ მეტაფორაში ჩაეტია.

29 ივლისი, ოთხშაბათი
დილიდან საწერი მაქვს. სადოქტორო პროგრამა მაქვს მოსამთავრებელი. დღეს მაინც ვერ მოვამთავრებ. სკაიპში 30 კაცი შემომიხტა. რეჟიმი უჩინარზე გადავრთე. სესილი ისევ მეკითხება – ლელა აქ ხარ? სად აქ? მე ჩემს საწერ მაგიდასთან ვარ. მაგრამ აქ რომ ვარ, იქაცა ვარ. აქაც მე ვარ და იქაც მე ვარ და საერთოდაც, ამ ბოლო დროს მგონია, რომ აქა-იქა ვარ. იდენტობადაკარგული, არც ნაციონალისტი, არც გლობალისტი, არც ფიზიკოსი, არც ფილოსოფოსი, არც ხელისუფლების მომხრე და არც ოპოზიციონერი. ეს უკანასკნელი იდენტობა მართლა გასარკვევი მაქვს, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მაღიარებს ქართული საზოგადოება, სხვა იდენტობის ძებნას არც მოვყვები, ზუსტად ვიცი, რომ ეგზისტენციალურ კრიზისამდე მიმიყვანს... ეს უკანასკნელი კი დიდ გარკვეულობას მომანიჭებს და აგული ერისთავივით არ დაავიწყდები ყველას – მას მკვდარი გონიხართო.
....შიგადაშიგ მხოლოდ რამაზ ნაცვლიშვილი და გია მარღანია შემომიზარუნებენ ხოლმე – ხომ ცოცხალი ხარო.
...რა ვიცი, რა ვიცი...

30 ივლისი, ხუთშაბათი
მაილზე ჩემი ძმისშვილის, ნუციკოს სურათები დამხვდა - ბაიდენთან ჩახუტებულის. ბედნიერია. ბაიდენთან სურათის გადაღებას ეხუმრები 19 წლის ასაკში?! კარიერის (და არა მხოლოდ ქალურის) როგორი დასაწყისია? პასუხს ვწერ. “გილოცავ მსოფლიოს უდიდესი იმპერიის მეორე პირის მაღალ ყურადღებას, მაგრამ მაგ კაცს გადაეცი, რამდენი ხანია, ჩემთვის ერთი მესიჯიც არ მოუწერია და გაბრაზებული ვარ-მეთქი”. ჯერ იბნევა (მხოლოდ აქ ეტყობა ბავშვური ასაკი), - ლელა, მართლა? მერე “სმაილიკს” უშვებს, შენგან ესეც კი მოსალოდნელი იყოო.
საღამოს ნატო ონიანი, ნიკა მესხიშვილი, ნინო ბერაია და მე გვიანობამდე ვთხზავთ საქმიან და “მხიარულ” პროექტებს. ნატო ტყავის სავარძელში ზის, მრგვალი, კუსკუსა და თავისი სიღრმითა და ანალიტიკური ტვინით კიდევ ერთხელ კრავს თავის სახოვან პორტრეტს.
- ნატ, შევარდნაძე რომ ვყოფილიყავი, არისტოკრატად დაგნიშნავდი, - ვეუბნები. მერე ვცვლი ტექსტს:
- ბიზნესმენად და პოლიტიკოსად დანიშვნა მოსულა. არისტოკრატად შევარდნაძეც კი ვერ დანიშნავდა. სამაგიეროდ ჩვენ გნიშნავთ.
და დავნიშნეთ. და კიდევ მიხაროდა, რომ არისტოკრატიზმის ნიშნები კიდევ დარჩა საქართველოში და მათი მონიშვნაც ჯერ კიდევ ხერხდება.

31 ივლისი, პარასკევი
დღეს მაიკო ჭრელაშვილი ოპერაციას იკეთებს ონკოლოგიურში. ჩემი მუდმივი მხსნელი რუსა დიდიძე ადგილზეა და ამიტომაც არავისი და არაფრის არ მეშინია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ერთი კვირის დრამატულმა ფორიაქმაც გამიარა.
ახლა შემიძლია დამშვიდებულმა მოვისმინო გია მარღანიას ოპუსები ფიროსმანზე. ყოვლისმომცველი ქრისტიანული მისტიკა უმარტივესი სიმბოლოებითა და გია მარღანიას საოცარი ხედვით. ნიჭიერი კაცი ყველგან ნიჭიერია. მისი ქორეოგრაფიაცა და სამყაროს მსოფლაღქმაც ნახევრად მისტიკური და მახევრად რაციონალურ-ანალიტიკურია.
დღეს ტრენინგებს ვრჩები – და ისევ თავისუფლების შემოტევა – საღამოს, ორი საათი არაფერსაც არ ვაკეთებ. და ეს ორი “არ” არც “რა”-ს ანტინომია და არც ტავტოლოგია. თუ ბიჭია, რადიო თავისუფლებამ ამ თავისუფლებას გაუწიოს ტრანსლირება. ოლოლო შენ, არ შეგიძლია...
საღამოს ისევ ნახევრადმისტიკური ცეცხლოვანი ბურთის, თუ მეხის ამბავს ვიგებ. ორჯერ გამოჩნდა და ორი ადამიანი სასიკვდილოდ იმსხვერპლა, რამდენიმე დააზიანა. ტელევიზიით უთქვამთ რამდენიმე დღის წინ. ტელევიზიებს რა დაეჯერებათ, მაგრამ ასეთი ამბების მოყოლით ბავშვობაში ვირთობდით თავს. მე მგონი, კვირას ამლივის აივნიდან ღამე ეს ბურთი დავინახე. დილას რომ ვთქვი, დამცინეს – რა ყველაფერი შენ გეცხადებაო. ახლა გულში ვფიქრობ, გამომეცხადოს და ნუ ამიცხადებს, ნურც მე და ნურც სხვას-მეთქი.

1 აგვისტო, შაბათი
- შაბათი უქმეა, - ნენეს ვეუბნები. მაშინ ზღაპარი მოვყვეთ. ვყვებით.
მერე ვთამაშობთ:
- „იწილო, ბიწილო, შროშანო, გვრიტილო, ალხო, მალხო, ჩიტმა გნახოს, შენი ფესვი, ფესვმანდუკი.“
- ლელა, გახსოვს, - მეუბნება, - “ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ოვ რანინა, მე შროშანი მეგონაო, ოვ რანინა”, - წაიმღერა. -...აქაც ჩიტი გვრიტია და შროშანი, რატომ ეგონა?
- ჰო, ჩემო კარგო, ეს ჩიტი-გვრიტი და შროშანი სულ ერთმანეთში გვერევა ქართველებს და კიდევ კარგი, რომ გვერევა, - ვეუბნები.
- ვერაფერიც ვერ გავიგე, მითხარი, - მეჩხუბება.
- ვერც მე გავიგე ვერაფერი. სამაგიეროდ, ნამდვილად ვიცი, რომ საღამოს ჩემი კაცები - პაპუნა და ზაზა - ჩამოვლენ და ნანადირევსაც ჩამოგვიტანენ.
ეკა ფუსფუსებს...
XS
SM
MD
LG