Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰანსიორგ ჰაბერი: დვანში შეხვედრის ყველა მხარე კმაყოფილია


შეხვედრის ადგილი სოფელ დვანში
შეხვედრის ადგილი სოფელ დვანში
სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტუკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი წარმოადგენდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი უძღვებოდა. ოსურ მხარეს პოსტკონფლიქტურ საკითხებში დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი წარმოადგენდა, ხოლო რუსული მხრიდან შეხვედრას ცხინვალის გარნიზონის კომენდანტი ანატოლი ტარასოვი ესწრებოდა. შეხვედრა ევროპელი დამკვირვებლების მიერ ქართულ სოფელ დვანისა და ოსურ სოფელ მუგუთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოწყობილ სპეციალურ კარავში დაახლოებით 4 საათს მიმდინარეობდა. შეხვედრიდან გამოსულმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი კონფლიქტის ზონაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ინციდენტებს შეეხებოდა, მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ პირველად აღიარა, რომ სროლა მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან მიმდინარეობდა.
ინციდენტების პრევენციისა და მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მაისის შემდეგ აღარ გამართულა, რადგან ოსური მხარე სხვადასხვა სახის პრეტენზიებს აყენებდა, მისთვის მიუღებელი იყო ევროპული და ქართული მხარის მიერ შეთავაზებული შეხვედრის თანათავმჯდომარეების არჩევის ვარიანტი. შეხვედრების განახლებაზე ოსური მხარე უარს სამი დაკარგული ოსი ახალგაზრდის ბედის გარკვევამდე აცხადებდა. გადაწყდა, რომ შეხვედრებს მოდერირებას ჰანს იორგ ჰაბერი გაუწევს. დაკარგულ და ცხინვალის ციხეში დაკავებული ქართველების გათავისუფლების შესახებ დიალოგი გაგრძელდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დღევანდელ შეხვედრას პოზიტიურს უწოდებს, რადგან მისი თქმით, მხარეებმა დაიწყეს დიალოგი ინციდენტების შეასახებ, რომლებიც ომის წლისთავზე მოხდა, განიხილეს საზღვრის გასწვრივ დაპატიმრებების და გატაცების ფაქტები, ასევე ცოტა ხნის წინ მწყემსების დაკავების ფაქტი, ჰანსიორგ ჰაბერის აზრით, მხარეებს შორის არსებობს გაგება, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს.

დღესვე ქართულმა მხარემ სოფელ დვანისთვის ოსური სოფლებიდან დაწყვეტილი სარწყავი წყლის მიწოდების განახლება მოითხოვა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, დავით რაქვიაშვილის თქმით, ოსურმა მხარემ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სიტყვიერი თანხმობა განაცხადა.

დღეს ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლებმა ქართული მედიისთვის კომენტარი არ გააკეთეს. შეხვედრიდან გამოსულ ქართული მხარის წარმომადგენლებს შეხვდნენ სოფელ დვანის მოსახლეები, რომლებმაც უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატში არსებული ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.
XS
SM
MD
LG