Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ


დასავლეთში, პრესა ამ კვირაში, საქართველოზე, შარშანდელი აგვისტოს ომზე ბევრს წერდა.

აშშ-ის საგარეო საქმეთა საბჭოს გამოცემაში, “ფორინ ეფეარში”, ლაიონელ ბინერი განიხილავს საქართველოს ვითარებას ომის შემდეგ, მის ურთიერთობას რუსეთთან, აშშ-თან და იძლევა ასევე ქვეყნის შიდა მდგომარეობის შეფასებას. „საქართველო, რომელიც შარშან საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო, ამჟამად, გადატანითი და პირდაპირი მნივნელობითაც, საკუთარი თავის ნაშთია“, წერს გამოცემა. – „რუსეთის ჯარს დაკავებული აქვს ორი სეპარატისტული რეგიონი. საქართველოს ეკონომიკამ, 2007 წელს სწრაფი ზრდის შემდეგ, განვითარება შეანელა და წელს მხოლოდ ერთ-ნახევარი პროცენტით წავა წინ. უცხოეთის ინვესტიციებმა იკლო, წინა წელთან შედარებით, თითქმის 75 პროცენტით“, - განაგრძობს ბინერი და აშშ-ის დახმარებაზე წერს: „საქართველომ, რომელიც აშშ-ისგან მძიმე სამხედრო იარაღს და რუსეთთან საზღვრებზე ამერიკელი მეთვალყურეების განთავსებას მოელოდა, ამის ნაცვლად, ძლიერი სიყვარულის მცირე დოზა მიიღო.“

ამ ვრცელ სტატიაში ავტორი წერს იმასაც, რომ, გარკვეულწილად, საქართველოს გაუმართლა. მართალია, რუსეთთან ომმა შებღალა მისი რეპუტაცია და ჩაშალა ნატოში შესვლის გეგმაო, წაიკითხავთ იქვე, - „მაგრამ, საქართველოს რომ, ომისგან მიყენებული ზარალის გამო, დახმარების სახით, ის ერთი მილიარდი დოლარი არ მიეღო, ექსპერტების ვარაუდით, ბევრად უფრო ცუდ დღეში ჩავარდებოდაო.“ “ომისთვის კარგი დრო იყო“, -მოჰყავს ბინერს ტიმოთი ბრუველტის, საქართველოს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოს ხელმძღვანელის, მოსაზრება. - „სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია, როგორი დამანგრეველი გავლენა ექნებოდა კრედიტების დინების შეწყვეტას.”

გამოცემა “ფორბსი” აქვეყნებს წერილს, რომლის ავტორი, მელიკ კაილანი, საქართველოში იმყოფებოდა ომის პერიოდში და ვითარებას იცნობს. ის წერს დასავლეთის, აშშ-ის მხარდაჭერაზე და ამბობს, მაშინ, როცა ბუშის ადმინისტრაცია მერყეობდა, ჩანდა, სხვა არაფერი ჰქონდა არსენალში, გარდა ხმაურისა, რომ არ ეთანხმება მოსკოვის ქმედებასო. “უოლ სტრიტ ჯორნალში” მსჯელობდნენ, ნუთუ სხვა არაფრის გაკეთება შეიძლებოდაო? “ჯორნალმა” მაშინ, წერს კაილანი, „დაბეჭდა სარედაქციო სტატია, სადაც ნათქვამი იყო, ადმინისტრაცია პასიურობსო, და ურჩია მას, კონდოლიზა რაისი გაეგზავნათ თბილისში. ამას ადმინისტრაცია ისედაც აპირებდაო, გამოუცხადებია ვაშინგტონს ხმამაღლა. შემდეგ თბილისის ცაზე რუსეთის თვითმფრინავები დაფრინავდნენ დღე და ღამე. აქ გაავლო დასავლეთმა წითელი ხაზი, რომელიც რუსეთის მიერ არ უნდა გადალახულიყო. რაისის თბილისში ჩასვლის შემდეგ ვითარება სტაბილური გახდა“, - განაგრძობს სტატიის ავტორი, რომელიც აღნიშნავს: თუკი მოსკოვი თბილისს შეუტევდა, აშშ-სა და რუსეთს შორს ეს ომის დაწყებას ნიშნავდაო. „პუტინი შეჩერდა, თბილისი გადარჩა“, - იუწყება “ფორბსის“ სტატიის ავტორი და იქვე, ქვემოთ, რუსეთის არმიის მოქმედებაზე წერს: „რუსეთის სამხედრო მეთაურობა ბრძოლის იმ გეგმას მიმართავდა, რომელიც გამოსცადა 90-იან წლებში კავკასიის ომებში, სომხეთ-აზერბაიჯანის ომში, ჩეჩნეთსა და საქართველოში. ისინი განსაზღვრავდნენ პერიმეტრს, განათავსებდნენ ტანკებს და შემდეგ ჭუჭყიანი საქმისთვის იქ ჯარისკაცებს უშვებდნენ. ასე გააკეთეს მათ აზერბაიჯანში, ხოჯალიში და ასე მოქმედებდნენ ჩეჩნეთში, სადაც ეგრეთ წოდებულ “კონტრაქტნიკებს” (ბევრ მათგანს ციხიდან განთავისუფლების სანაცვლოდ გზავნიდნენ ომში), უშვებდნენ ქალაქებსა და სოფლებში. იმავე ტაქტიკას მიმართეს მათ საქართველოში.

ამერიკული გამოცემა “ნეიშენი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით: “მითი, მეტამფეტამინი და საქართველოს შეჭრა”. მასში ავტორი ჰყვება იმაზე, თუ როგორ გაგზავნა სააკაშვილმა ჯარი სამხრეთ ოსეთში სასტიკი მძვინვარებით, რასაც მოჰყვა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. გამოცემა ოსურ და რუსულ წყაროებს იშველიებს, ასევე მოიხმობს “შპიგელ ონლაინის” სტატიებს, რომელთა თანახმადაც წერს, არასოდეს ყოფილა საეჭვო, რომ ომი საქართველოს მთავრობამ დაიწყოო. იქვე ეს სტატია კირილ ბენედიკტოვის ინფორმაციას გვაცნობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ჯარისკაცებს თან ჰქონდათ მემამფეტამინის შემცველი ამპულები, ასევე სტრესის საწინააღმდეგო პრეპარატები, ამფეტამინი, რომელსაც ექსტაზი შეიცავს ხოლმე. მათი მიღების შედეგად, ჯარისკაცები უფრო იოლად ხოცავენ და ბრძოლის შემდგომი განცდები აღარა აქვთ. ეს პრეპარატები, ამავე ცნობით, აშშ-ის არმიის მიერ არის გამოცდილი.

8 აგვისტოს გერმანიის გაზეთმა “ცაიტმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: “რუსეთს ყველაფრის უფლება აქვს”. შარშან, აგვისტოში, მსოფლიო პოლიტიკაში საქართველო-რუსეთის ომის გამო შექმნილი ვითარების მოკლედ აღწერის შემდეგ, ავტორი დღევანდელობაზე ჩერდება და ამბობს, დღეს სამყარო სხვაგვარად გამოიყურება - ობამა მოსკოვშია ოჯახთან ერთად, მედვედევი თავისი სტუმრების გარემოში ბავშვივით იღიმება, საქართველოს პრეზიდენტი კი, ამის საპირისპიროდ, ძალიან გახარებულია, თუკი უცხოეთში საერთოდ მიიპატიჟებენო. სააკაშვილი, როცა ომის პირველ დღეებში შემთხვევით ფირზე აღბეჭდეს, როგორ იტენის ის, შექმნილი ვითარების გამო აღელვებული, პირში ჰალსტუხს, ალბათ უკვე გრძნობდა, რომ მალე დასავლეთში მიღებული სტუმარი აღარ იქნებოდა. ასე თუ ისე, წერს გაზეთი “ცაიტი”, ის იყო კაცი, ვინც სამხრეთ ოსეთზე შეტევის ბრძანება გასცა და ამით კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა.

“ცაიტის” სტატიის ავტორი წერს, პრინციპული დაპირისპირება რუსეთსა და აშშ-ს შორის არ მოხდა იმის გამოც, რომ ეს არც ერთ მხარეს ხელს არ აძლევდაო. მაგრამ ავტორმა იცის, რომ რუსეთთან ჰარმონიას თავისი ფასი აქვს - ის მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა რაღაცაზე “თვალს ხუჭავ”. ავტორი ჩამოთვლის ყველა იმ პუნქტს, რომელსაც რუსეთი არღვევს, დაწყებული ზავის შესახებ შეთანხმებით და დამთავრებული უცხოეთში რუსული პასპორტების დარიგებით, რათა, საჭირო შემთხვევაში, ახლად მოპოვებული მოქალაქეები დაიცვას. ევროკავშირი და აშშ ამას არ იმჩნევენ, რაც შუა-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აღაშფოთებს. ისინი, “ცაიტის” თანახმად, შარშან საქართველოს გვერდში ამოუდგნენ, რადგან შიშობდნენ, რომ შემდეგ მათი ჯერი დადგებოდა. ავტორი, მას მერე, რაც შენიშნავს, ამ ქვეყნებმა კარგად იციან, რას ნიშნავს მოსკოვის მხრიდან დამცირება, რასაც ჯარისკაცები არ სჭირდებაო, სტატიას ასე ასრულებს: „ყველა იმ შეცდომის მიუხედავად, რომელიც დაუშვა ზოგიერთმა შუააღმოსავლეთევროპულმა ქვეყანამ, როცა ცალმხრივად გამოუცხადა სოლიდარობა საქართველოს, მუდმივი თვალის დახუჭვის პოლიტიკა გამანადგურებელი იქნებოდა: თუკი ქვეყანა საკმარისად უმნიშვნელოა, რუსეთს, უბრალოდ, ყველაფრის უფლება აქვს.“

“ფაინენშელ ტაიმსის” სარედაქციო სტატიაში აგვისტოს ომის შესახებ ვკითხულობთ: ეს იყო ომი, რომლისგანაც არც არავის მოუგია რამე და არც არავის უხეირია, რუსეთის ჩათვლით. ამავე წერილში ავტორები აცხადებენ, რომ ეს ომი იყო დემონსტრირება რუსეთის რწმენისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა “უნაშთო თამაშია: ჩემი წაგება შენს მოგებას ნიშნავს”.

“ფაინენშელ ტაიმსის” აზრით, პუტინი “კა-გე-ბე-ში” შეძენილ გამოცდილებას არ ღალატობს. ის შესანიშნავი მოკლე დროის ტაქტიკოსია, მაგრამ სუსტი სტრატეგი. საქართველოს გამო, ახლა კავკასიაში რუსეთის ეშინიათ, მაგრამ არა აქვთ მის მიმართ პატივისცემა. რუსეთს აქვს გაზი და ფული მეზობლების მოსაქრთამად, მაგრამ დაშინებით და ქრთამით აგებული ურთიერთობა მყარი ვერ იქნება, წერს “ფაინენშელ ტაიმსი”.

შემდეგი წერილი, რომელიც ასევე ომს ეხება, “ეკონომისტ. კომ-მა” გამოაქვეყნა. საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, დავა გრძელდება მის დაწყებასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, ვის მხარეს ხართ, ეს ომი შეიძლება დაინახოთ როგორც სამწუხარო კულმინაცია ნეოიმპერიალისტური რუსეთის მუდმივი პროვოკაციისა, ან სისსხლიანი აგრესიული სვლა კავკასიელი ძლიერი მმართველისა, რომელსაც დასავლეთი არამართებულად უჭერდა მხარს. სიმართლე სტატიის ავტორს სადღაც შუაში ეგულება.

“შპიგელ ონლაინის” სტატიაში წაიკითხავთ, რომ მალე გამოქვეყნდება ევროპის კავშირის ანგარიში, სადაც, მოელიან, რომ პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე თავდასხმისა დაეკისრება სააკაშვილს, რომლის ქმედება პროვოცირებული იყო მოსკოვის მიერ. ამის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ, “შპიგელ ონლაინის” თანახმად, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის დასკვნით, რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოში. თუმცა ნატოს და ევროკავშირის ექსპერტებმა ჯერ ვერაფერი ნახეს დამადასტურებელი საქართველოს ვერსიისა, რომ რუსეთის 150 ტანკიანი კოლონა უფრო ადრე შევიდა საქართველოში, ვიდრე საქართველოს ჯარი ცხინვალს დაარტყამდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG