Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკიტა მიხალკოვის ხელახალი აღმასვლა


რუსეთის გამოცოცხლებულმა კინოინდუსტრიამ 2008 წელს თითქმის 550 მილიონი დოლარის მოგება ნახა, მაგრამ, ბევრი კინორეჟისორის განცხადებით, კინემატოგრაფიის განვითარება რუსეთში მაინც იზღუდება, რასაც რამდენიმე გავლენიანი ფიგურა განაპირობებს. უწინარესად საუბარია მსახიობ და კინორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვზე - კრემლთან დაახლოებული წრის წარმომადგენელზე, რომელიც წელს ბრძოლითა და სკანდალით დაუბრუნდა რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის ხელმძღვანელის პოსტს.

რუსული ჟურნალი ”Исскуство Кино” - ანუ კინოს ხელოვნება - ევროპაში ყველაზე ძველი კინოჟურნალია. ის 1931 წელს დაარსდა - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ გამოდიოდა ბრიტანეთის გავლენიანი ”Sight and Sound"-ი და საფრანგეთის ”Les Cahiers du Cinema”.

მაგრამ ამ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა რეპუტაციამ ”Исскуство Кино” ვერ იხსნა საგამომცემლო ბაზრიდან გამოძევებისგან, რაც რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის ხელმძღვანელის ნიკიტა მიხალკოვის ბრძანებით მოხდა.

ჟურნალის რედაქტორი დანიილ დონდურეი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი შურისძიება იყო ჟურნალის გადაწყვეტილებაზე, კავშირის ხელმძღვანელის პოსტზე მხარი დაეჭირა არა მიხალკოვისთვის, არამედ ვეტერანი კინორეჟისორის მარლენ ხუციევისთვის:

”მას მერე, რაც მე [მას] ხმა არ მივეცი და ჩემმა კოლეგებმა - დელეგატებმა - მხარი ხუციევს დაუჭირეს, ნიკიტა მიხალკოვმა ჩვენი გამოგდება გადაწყვიტა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჯობდა ქუჩაში დავრჩენილიყავით, ოღონდ დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა, ვინაიდან თუკი ჟურნალი დამოუკიდებლობას დაკარგავს, მის [არსებობას] საერთოდ დაეკარგება აზრი.”

”Искусcтво Кино”-ს გამოგდების ამბავი მხოლოდ ერთი ეტაპია რუსეთის კინოინდუსტრიის ლიდერობისთვის მიმდინარე გრძელ და ცხარე ბრძოლაში.

ამ ბრძოლაში ცენტრალური ფიგურა 63 წლის მიხალკოვია - უწინ პოპულარული საბჭოთა მსახიობი, ახლა კი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინორეჟისორი. მიხალკოვს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს კრემლთან, რაც მორიგი შეხსენებაა იმისა, რომ კულტურა და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა რუსეთში კვლავ ერთმანეთთან გადაჯაჭვული რჩება.

მხატვრებისა და პოეტების ოჯახში დაბადებული მიხალკოვი რუსეთის კულტურული ელიტის ”ნაღებად” მიჩნეულ წრეს წარმოადგენს. მისი ძმა, ანდრეი კონჩალოვსკი, ცნობილი კინორეჟისორია. მისი მამა, სერგეი, საბჭოთა კავშირის - ახლა კი რუსეთის - ჰიმნის ტექსტის ავტორი იყო. მიხალკოვის ოჯახს ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა პოლიტიკურ ელიტასთან - როგორც საბჭოთა დროს, ისე კავშირის დაშლის შემდეგ.

სტალინისტურ წარსულზე კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის მიუხედავად, - მაგალითად, ფილმში ”მზით გათანგულები”, რომელმაც, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა, ოსკარიც კი მიიღო, - მიხალკოვი ღიად აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია. პუტინის 50-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, მან ჰაგიოგრაფიული ფილმიც კი გადაიღო მაშინდელი პრეზიდენტის შესახებ.

გასულ წელს პუტინმა და მიხალკოვმა ერთად დააარსეს რუსეთის კინოინდუსტრიის სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს. ამან ბევრ კრიტიკოსს და კინორეჟისორს აფიქრებინა, რომ კრემლს სურს კინოინდუსტრია თავისი იდეოლოგიური ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს.

ბევრი კრიტიკოსის აზრით, ამგვარი პროპაგანდის კარგი მაგალითია მიხალკოვის ბოლო ფილმი - ”12”. ფილმი ახალგაზრდა ჩეჩენის სასამართლო პროცესს ასახავს და ზოგიერთ რუსს - უწინარესად, მიხალკოვის მიერ განსახიერებულ გმირს, კაგებეს ყოფილ აგენტს - ჩეჩნების მიმართ თანაგრძნობით სავსე პირებად სახავს.

ბევრისათვის სწორედ ამგვარი ფილმები გამოხატავს რუსეთის 500-მილიონიან კინოინდუსტრიაში დამკვიდრებულ ტენდენციას. უკანასკნელ წლებში რუსეთში რამდენიმე ისტორიული ფილმი გადაიღეს, რომლებიც ეხმიანება კრემლის სურვილს გაამყაროს რუსული ეროვნული იერსახე თუ იდენტობა. ამ ჩამონათვალში შედის ისეთი ფილმები, როგორიცაა ”ადმირალი”, სადაც თეთრგვარდიელთა ხელმძღვანელის, ალეკსანდრ კოლჩაკის პორტრეტია დახატული, და ”1612”, რომელიც რუსეთ-პოლონეთის ომს ასახავს.

მაგრამ ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში რუსეთის კულტურული წრეების წარმომადგენლები მზად იყვნენ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიტიკური ზეწოლისთვის. მაშინ დონდურეი და კინემატოგრაფისტთა კავშირის სხვა წარმომადგენლები მიხალკოვის შემცვლელის ასარჩევად შეიკრიბნენ. მიხალკოვი, რომელმაც კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარედ 11 წელი იმუშავა, პოსტიდან მიდიოდა.

დელეგატები მიხალკოვით უკმაყოფილონი იყვნენ - აცხადებდნენ, რომ მან არასწორად განკარგა კავშირის თანხები და რუსეთის კინოინდუსტრიის მხარდასაჭერად ბევრი არაფერი გააკეთა. დელეგატების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მიხალკოვმა მათ თავის შემცვლელად თავისი ფავორიტი კანდიდატი - 39 წლის მსახიობი მიხეილ პორეჩენკოვი - შესთავაზა.

დელეგატებმა მიხალკოვის კანდიდატი არ აირჩიეს და მის ნაცვლად მხარი 83 წლის ვეტერან კინორეჟისორს, მარლენ ხუციევს, დაუჭირეს. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში ეს არჩევნები გასაჩივრდა - გამოცხადდა, რომ ხუციევის არჩევა დარღვევებით მოხდა.

ცოტა ხანში ახალი არჩევნები დაინიშნა და ამჯერად ერთმანეთს უკვე ხუციევი და მიხალკოვი დაუპირისპირდნენ.

მოსკოვის კინემატოგრაფისტთა წრეებში ეს ბევრმა გააპროტესტა - მათ შორის იყო რეჟისორი იური გუსმანი, რომელიც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრა საგამოფენო დარბაზ ”გოსტინი დვორში” გაიმართა, რომელიც კრემლთან ძალიან ახლოს მდებარეობს:

”ის, რაც „გოსტინი დვორში“ შედგა, რასაც ასეთი პიარ-მხარდაჭერა, ამდენი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი ჰქონდა, იყო შოუ, კინოეკრანებით, ტელეეკრანებით, ორსაათიანი მოხსენებით, რომელშიც არც ერთი სიტყვა არ იყო სიმართლე.”

კონგრესის მსვლელობისას მიხალკოვმა თავისი მოწინააღმდეგეები პროდასავლელ ლიბერალებად და რევოლუციონერებად მოიხსენია. მან ასევე მიანიშნა, რომ მის ოპონენტებს ცილისმწამებლურ მედიაკამპანიაზე 400 ათასი დოლარი ჰქონდათ დახარჯული.

მეორე არჩევნების შედეგად, მიხალკოვი კინემატოგრაფისტთა კავშირის ხელმძღვანელის პოსტს დაუბრუნდა და, როგორც ბევრი ამბობს, შურისძიებასაც მიჰყო ხელი.

არჩევნების მსხვერპლი მხოლოდ ”Искусcтво Кино” არ ყოფილა. ხუციევი წამოვიდა რუსეთის ყველაზე პრესტიჟული კინოსკოლიდან - ”ვგიკიდან”. რექტორის მიერ ამის უარყოფის მიუხედავად, ბევრი თვლის, რომ ის გაუშვეს.

ბევრს - მათ შორის, დანილ დონდურეის - მიაჩნია, რომ თუკი მიხალკოვის მოწინააღმდეგეებს წარმატების მიღწევა სურთ, მათ მუშაობა ჩუმად უნდა გააგრძელონ და არაფერი თქვან მის წინააღმდეგ. ისინი, ვინც ხმას იმაღლებს, აუცილებლად ისჯებიან.

და მაინც, იმ პირების სია, რომლებიც მიხალკოვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, საკმაოდ შთამბეჭდავია - მასში შედიან რუსეთის კინოინდუსტრიის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან რეჟისორები ელდარ რიაზანოვი და ალექსეი გერმანი; თეატრის რეჟისორები იური ლიუბიმოვი და მარკ ზახაროვი და ანიმატორი იური ნორშტეინი.

ეს არჩევნები მწარე გაკვეთილი იყო კინემატოგრაფისტთა კავშირისთვის - ხელოვანთა პირველი კავშირისთვის, რომელმაც საბჭოთა მთავრობას უარი უთხრა მისთვის თავს მოეხვია ლიდერი. პირველი არჩევნები კავშირში 1986 წელს გაიმართა - დონდურეის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საბჭოთა კავშირის შემდგომი „გლასნოსტის“ განვითარებაში:

”ახლა საპირისპირო პროცესი წავიდა. ნიკიტა მიხალკოვმა თვითონ დაინიშნა თავი ხელმძღვანელად და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისუფლებისკენ მიმავალი კარები მყარად დაიხუროს.”

იური ბოგომოლოვი - რუსეთის ოფიციალური გაზეთის, ”როსიისკაია გაზეტას”, კულტურის მიმომხილველი - ამბობს, რომ ეს მთავრობის მხრიდან კონტროლის გამყარების სურვილის აშკარა გამოხატულებაა:

”როგორც ჩანს, კავშირის - და, შესაძლოა, მთელი ქვეყნის - ხელმძღვანელობა ინტელექტუალებში ერთგულ სეგმენტს დაეძებს - მათ, ვისაც დაეყრდნობიან. დაეძებს არა ძალისმიერ, არამედ ინტელექტუალურ დასაყრდენს.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG